საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
ბექა ნაცვლიშვილი: „უნდა განვსაზღვროთ, როგორ ავითვისოთ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების კეთილდღეობისთვის მიწა მაქსიმალურად ეფექტიანად“
ბექა ნაცვლიშვილი: „უნდა განვსაზღვროთ, როგორ ავითვისოთ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების კეთილდღეობისთვის მიწა მაქსიმალურად ეფექტიანად“
სულ ნანახია 532
ავტორი:

 

„სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილების დაჩქარებული წესით განხილვისას,ფრაქცია ,,ქართული ოცნება სოციალ-დემოკრატების" მდივანმა ბექა ნაცვლიშვილმა სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ  უცხოელებზე  მიწის გადაცემის შეზღუდვაზე მორატორიუმის გამოცხადებას არათუ მხარს უჭერენ, შეზღუდვა უნდა დაწესდეს ისეთი, რომ ქვეყანა ყველანაირი რისკებისგან იყოს დაცული. სწორედ ამიტომ უნდა ჩაიწეროს კონსტიტუციაში მიწის უცხოელებზე გაყიდვის აკრძალვა, რათა შემდგომში, ნეოლიბერალური ან რადიკალური ლიბერალური ძალის ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში, ეს განსაკუთრებული მნიშვნელობის რესურსი  დაცული იყოს.

„მსოფლიო ტენდენციას თუ დავაკვირდებით,  ჩვენ ვხედავთ რამდენად იზრდება მოსახლეობის რაოდენობა, რამდენად მცირდება ათვისებადი მიწის რაოდენობა და რამდენად მაღალია იმის ალბათობა, რომ რაღაც კულტურებზე, შემდგომში შეიქმნას დეფიციტი. ამისგან  ჩვენ დაზღვეული უნდა ვიყოთ. მით უმეტეს, გვაქვს საშუალება,  ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა ჯანმრთელი საკვებით უზრუნველვყოთ და არა გენმოდიფიცირებული საკვებით გამოვკვებოთ. ამიტომ, მიწის საკითხი დაკავშირებულია უპირველეს ყოვლისა სასურსათო უსაფრთხოებასთან“ - აცხადებს ნაცვლიშვილი, რომლის აზრით, ტრაგედიაა, როდესაც ჯანდაცვა და განათლება საბაზრო პროდუქტია: „ითქვა, რომ ადამიანს უნდა ჰქონდეს თავისუფლება, მიწა, როგორც საბაზრო პროდუქტი, გაცვალოს განათლებაზე, ჯანდაცვაზე და ა.შ. სწორედ ეს არის ტრაგედია, რომ  ჯანდაცვა და განათლება საბაზრო პროდუქტია. სწორედ ეს არის ბოროტება, რომ  ადამიანი შეიძლება დადგეს გადაწყვეტილების წინაშე გაასხვისოს მიწა და გაიკეთოს ოპერაცია თუ გაასხვისოს მიწა და შვილს განათლება მიაღებინოს“ - აცხადებს ფრაქცია ,,ქართული ოცნება სოციალ-დემოკრატების" მდივანი და მიაჩნია, რომ ამ ეტაპზე საუბარი უნდა იყოს არა უცხოელებზე მიწის გაყიდვაზე, არამედ მიწის რაციონალურად განკარგვაზე. მით უმეტეს,  ქვეყანას ჯერჯერობით არც მიწა აქვს აღრიცხული, არც ბალანსი დადგენილი და ზოგადად, არ იცის რა ტიპის მიწა გააჩნია.  ამასთან, გასათვალისწინებელია, ისიც, რომ  შრომისუნარიანი მოსახლეობის 47:  სოფლად ცხოვრობს და მსოფლიო ეკონომიკური ტენდენციების გათვალისწინებით, აუცილებელია განსაზღვრა, რომელმა ეკონომიკურმა სექტორმა მოახდინოს ამ სამუშაო ძალის აბზორბაცია:

„ამიტომ, უპირველეს ყოვლისა, რეგულაცია საჭიროა იმისთვის რომ განვსაზღვროთ როგორ ავითვისოთ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების კეთილდღეობისთვის მიწა მაქსიმალურად ეფექტიანად. უნდა გავაკეთოთ კოოპერატივები და შესაბამისად, თუ პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ფეტიში გვაქვს, მაშინ, როდესაც ყველა ქვეყანა ახდენს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მიზანმიმართულ განაწილებას, მივიზიდოთ პირდაპირი უცხოური ინვესტიციები არა მიწის გაყიდვაში, არამედ გადამამუშავებელ მრეწველობაში. ეს იმიტომ, რომ გადამუშავებული პროდუქტი გაცილებით მაღალი დამატებული ღირებულების შემქმნელია, ვიდრე უბრალოდ რომელიმე კულტურის მოყვანა“.

 

მიწა არის განსაკთრებული მნიშვნელობის რესურსი, არამარტო იმიტომ რომ ამოწურვადია, არამედ იმიტომ რომ ის ჩვენ დაგვხვდა. ის არ არის რომელიმე ადამიანის შემოქმედების შედეგი, ის არ ექვემდებარება არც ტექნოლოგიურ მოდიფიკაციას. შესაბამისად, მიწის ფლობა, უპირველეს ყოვლისა, არ არის ინდივიდის უფლება, არამედ ეს არის პასუხისმგებლობა  და სახელმწიფოს განსაკთრებული რეგულირების გარეშე, ამ პასუხისმგებლობას ვერცერთი ინდივიდი ვერ განახორციელებს. მიწას სწორედ ამიტომ  ესაჭიროება განსაკუთრებული რეგულირება“ - განაცხადა ნაცვლიშვილმა.

'.$TEXT['print'].'
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2019 საავტორო უფლებები დაცულია