დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
მალხაზ წერეთელი: „ჭიათურის მანგანუმის „ტრესტი“ „ნაციონალების“ საარჩევნო შტაბს წარმოადგენდა“
მალხაზ წერეთელი: „ჭიათურის მანგანუმის „ტრესტი“ „ნაციონალების“ საარჩევნო შტაბს წარმოადგენდა“
ავტორი: როლანდ ხოჯანაშვილი
სულ ნანახია 3554
ავტორი:
როლანდ ხოჯანაშვილი

ბიძინა ივანიშვილის ვაჟი უტა ყიდულობს „ელოიზის“ აქტივებს, რომელიც მოიცავს ჭიათურის მანგანუმის მოპოვებასა და წარმოებას, ასევე ზესტაფონის „ფეროსა“ და ვარციხჰესის კასკადებს, ხოლო მაჟორიტარი დეპუტატი წერეთელი მანგანუმის მეწარმეთაგან თვიურად 20 ათას დოლარს იღებს, ეს ჭორები ჭიათურაში მოვისმინე. პირველს „ჯორჯიან ამერიქენ ელოიზის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური უარყოფს და მეორე ჭორი წერეთლის ამომრჩევლებთან შეხვედრამ გააცამტვერა.

 

 

ჭიათურის მაჟორიტარ დეპუტატს მალხაზ წერეთელს ამ და სხვა თემებზე ვესაუბრეთ.- ბატონო მალხაზ, თქვენთან რამდენიმე კითხვა მაინც მაქვს,  მიუხედავად იმისა, რომ მრავალ საკითხს შეეხეთ და ერთი საათი ესაუბრეთ ამომრჩევლებს, როგორც ჯანდაცვის კომიტეტის წევრი, მართლა უნდა ველოდოთ მესამე შვილის ყოველთვიურად 100 ლარით დაფინანსებას?!

 

- ამის შესახებ ჩემთვის, ჯერჯერობით, ცნობილი არაფერია. თქვენგან გავიგე, რომ ამისთვის წლიურად მხოლოდ 5 მილიონია საჭირო. არაფერია გამორიცხული, ახალი ხელისუფლება ცდილობს, სოციალური ფონის გაუმჯობესებას, იცით, რომ სოციალური შემწეობა გაიზარდა, პენსიაც. მართალია, ეს არ არის საკმარისი, მაგრამ ჩვენ უკეთესობისკენ წავიყვანეთ ეს სფერო. ამასთანავე, მხოლოდ ორ მუნიციპალიტეტში შევძელით და დაფინანსდა ე.წ. რეგრესის პენსიონრების მრავალწლიანი დავალიანება. ეს მუნიციპალიტეტები ჭიათურა და ტყიბულია, მაღაროელებსა და მეშახტეებს, რომელთაც საწარმოო ტრავმის გამო შრომის შესაძლებლობა დაკარგეს.

მალხაზ წერეთელი 

- თქვენ კარგად იცნობთ ჯანმრთელობის სისტემას. მოგეხსენებათ, რომ ჭიათურა ჯანდაცვის გარეშეა დარჩენილი. 25 პაციენტზე გათვლილი „ჯეო ჰოსპიტალსი“ კრიტიკას ვერ უძლებს, მით უმეტეს, რომ მან ვერც ამბულატორიის ექიმების ხელფასი ვერ გაისტუმრა!

 

- ამ ეტაპზე სოფლის ამბულატორიების მედპერსონალს ხელფასის 75% აქვს მიღებული, ანუ სახელმწიფოს ვალდებული ნაწილი, ხოლო „ჯეო ჰოსპიტალსი“ 25%-ს არ, ან ვერ იხდის. სამწუხაროდ, საქართველოში მხოლოდ ექიმები არიან ასეთ მდგომარეობაში, ყველა სხვა ღებულობს ხელფასს რეგულარულად და სრულად, ექიმები - ვერა. აუცილებლად მოკლე პერიოდში გამოსწორდება ეს საკითხი!

 

- ჯანდაცვის სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე ვნახე, რომ ამბულატორიის ექიმებს უნდათ, ჰქონდეთ „ჩანთა“, მართალი გითხრათ, ეს ჩანთა და თავად ექიმებიც არ ჩანან ამბულატორიის დაქვემდებარებულ ტერიტორიებზე საჭირო დროს!

 

- ამბულატორიის ექიმის ხელფასი 500 ლარია. ამ თანხით მან უნდა გადაიხადოს ამბულატორიის ყველა ხარჯი (კომუნალური) და „ჩანთაც“ მუდმივად სავსე უნდა ჰქონდეს სამედიცინო საშუალებებით. შესაძლებელია, ამბულატორიის ექიმმა დაფაროს რამდენიმე სოფელი ამ ხელფასით და შესაძლებლობებით?! ამ ეტაპზე ჩვენ შევძელით ის, რომ საყოველთაო დაზღვევის ფარგლებში ნებისმიერ მოქალაქეს ჯანმრთელობის დასაცავად საბაზისო სიტუაცია შევქმენით და ორსულობის, მშობიარობის და მრავალი საკითხის რეგულირება მოვახერხეთ.

 

- ჭიათურას უმძიმესი მდგომარეობა აქვს ეკოლოგიური თვალსაზრისით...

 

- ჩემი საზრუნავი მუდმივად იყო მუნიციპალიტეტის ეკოლოგიური მდგომარეობა. ჩემი მოთხოვნით გარემოს დაცვის სამინისტროს წარმომადგენლები არაერთხელ ჩამოვიდნენ ჭიათურაში და თუ არ ვცდები, 2 მილიონ ლარამდე დაჯარიმდება ის ორგანიზაციები, რომლებიც ჩვენს გარემოს აზიანებენ.

 

- ჩემი პირადი მოთხოვნით უკვე ორჯერ გადამოწმდა წაბლნარების გაჩეხვის კანონიერება და სანიტარული ჭრის წესების დარღვევის გამო ორივე შემთხვევაში ჯამურად 200 ათას ლარამდე შეფასდა ბუნებაზე მიყენებული ზარალი. პირველი დასკვნა გასული წლის მიწურულს უკვე იყო დაანგარიშებული და სასამართლო ჯერ კიდევ არ ჩანიშნულა. პროკურატურა მცემს პასუხს, რომ მოკვლევა გრძელდება. ალბათ, მოკვლევის ფინალისთვის ჩვენ ტყე აღარ გვექნება. ვფიქრობ, რომ „უძვლოა“ დღევანდელი პროკურატურა!

 

- აუცილებლად დავაჩქარებ ამ საკითხს ჩემი კომპენტენციის ფარგლებში! ზემო იმერეთში გარემოს დაცვის საპარლამენტო კომისიაც ამოვიყვანე და ადგილზე გავაცანი მდგომარეობა. სამწუხაროდ, ისეთი საფუძველი აქვს გაცემულ ლიცენზიებს, რომ ერთი ხელის აქნევით ვერაფერს შევწყვეტთ.

 

- ამბობენ, რომ თქვენ „ჯორჯიან ამერიქენ ელოიზი“ ყოველთვიურად 20 ათას დოლარს გიხდით...

 

- არ ვიცი, რატომ საუბრობენ ამ საკითხზე. ინფორმაცია აქვს ხალხს, რომ ჩემი ინიცირებულია მანგანუმის მოსაკრებლის გაზრდის შესახებ. უკვე პირველი მოსმენა იყო ამ კანონპროექტის. მწვავე იქნება მეორე და მესამე მოსმენა. ჩემი აზრით, თითქმის არარსებული მოსაკრებელი უნდა გაიზარდოს 3%-მდე, რასაც სიხარულით არ შეხვედრია ინვესტორი და ზემოთხსენებულ ჭორსაც, თავისთავად ცხადია, აქვს მხოლოდ დეზინფორმაციის და დისკრედიტაციის მიზანი, რაც ჩანასახშივე მკვდარია...

 

- მართალია, დაბალია ამჟამინდელი მოსაკრებლის ოდენობა, მაგრამ თქვენი ინიციატივა რომ დაკანონდეს, ინვესტორი ხომ არ გაიქცევა?! ისინი ამბობენ, რომ არსებული მოსაკრებელი ოპტიმალურია, თქვენი შეთავაზებული -  ძალიან დიდი.

 

მსოფლიოში მანგანუმის მოპოვების მოსაკრებლის ოდენობა 5%-დან 12%-მდე მერყეობს სხვადასხვა ქვეყანაში და რატომ უნდა გაიქცეს ინვესტორი, როცა ჩვენ ვთავაზობთ მხოლოდ 3%-ს?! ამით ნამდვილად წელში გაიმართება მუნიციპალიტეტი და აღარ ვიქნებით ასეთი ღარიბები. ჩვენდა სამწუხაროდ, ყველაზე მდიდარი რესურსებით ჭიათურაა და რეგიონში ჭიათურაზე ღატაკი არცერთი მუნიციპალიტეტი არ არსებობს. იმერეთში მაინც უნდა იყოს ჭიათურა ყველაზე მდიდარი, თუ მთელი საქართველოს მასშტაბით არა! თანაც, ადრე ჭიათურის მანგანუმის „ტრესტი“ „ნაცმოძრაობის“ საარჩევნო შტაბი იყო და ამას ახლა აღარავინ სთხოვს, რომ მმართველი პოლიტიკური ძალის გამარჯვებაში ფინანსები ჩადონ.

 

- ჭიათურას წყალმომარაგებაშიც ძალიან ცუდად აქვს მდგომარეობა!

 

- რამდენი წელია, რაც ჩვენს ქალაქს არ ღირსებია წყალმომარაგების საკითხზე ზრუნვა. წყალმომარაგება კომუნისტური დროიდან ქალაქს მუნიციპალური და მაღაროს სისტემებით ეწოდებოდა. ახლა ორივე სისტემა იმდენად მოშლილია, რომ  ვერც კი უწოდებ წყალმომარაგების სისტემას. „ელოიზი“ აცხადებს, რომ წყლის მომარაგებას არ გააგრძელებს ქალაქისთვის. მაღაროელებისთვის წყალს ვიყიდით მუნიციპალიტეტისგან და სისტემის რეაბილიტაციას არ დავიწყებთო. ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან ერთად ჩვენ ვცდილობთ, რომ ჭიათურაში წყალმომარაგების პრობლემა მოვხსნათ! სირცხვილია, რომ ჭიათურას წყალიც არ ჰქონდეს!

 

- დღეს ვნახეთ, რომ თქვენთან შეხვედრაზე მოსული იყო მუნიციპალიტეტის საგანმანათლებო სპექტრიც. მათ შორის ცნობილი „მომრეკველებიც“, ანუ ისინი ჩვეულებრივ ამპლუაში იყვნენ...

 

მინდოდა, რომ ამომრჩევლებისთვის ჩემ მიერ გაწეული საქმიანობის  ანგარიში წარმედგინა. ვერ განვასხვავებ ჩემსა და სხვის ხმის მიმცემებად ჭიათურელებს. ვისაც სურვილი ჰქონდა, მოვიდა და მომისმინა. ძალადობის მოწინააღმდეგე ვიყავი მუდამ და თუ მისმენდით დღეს, არ გამიჟღერებია თუნდაც მოწოდება   „ქართული ოცნების“ მხარდასაჭერად. არჩევნები უნდა იყოს თავისუფალი. ყველამ საარჩევნო უფლება უნდა გამოიყენოს თავისუფალი ნების თანხლებით! „ქართულმა ოცნებამ“ გასული წლის არჩევნებზე დაამსხვრია ის სტერეოტიპი, რომელიც ბოლო წლებში ჩამოყალიბდა - არჩევნების ძალადობრივი ფორმები ჩაბარდა წარსულს!

 

- თქვენი პროგნოზით, „ქართულ ოცნებას“ საპრეზიდენტო არჩევნებზე როგორი რეზულტატი ექნება ჭიათურაში?

 

- ჩემი აზრით, 60% მაინც დაუჭერს მხარს ჭიათურაში გიორგი მარგველაშვილს. საერთოდ კი, ვფიქრობ, რომ პირველსავე ტურში გავა მარგველაშვილი და მეორე ტურზე ფიქრი არ დაგვჭირდება.

 

 

 

'.$TEXT['print'].'
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია