დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
რატომ ვერ ამჩნევს ქვიტირის მოსახლეობა სოფლის დახმარების პროგრამით განხორციელებულ პროექტებს?
რატომ ვერ ამჩნევს ქვიტირის მოსახლეობა სოფლის დახმარების პროგრამით განხორციელებულ პროექტებს?
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
სულ ნანახია 1689
ავტორი:
ნესტან ჩაგელიშვილი
მსგავსი სიახლეები

ზაზა ჭეიშვილი:მოსახლეობა არაა დაინტერესებული, მსგავს პროექტებში ჩაერთოს, მაგრამ პრეტენზიები არ ელევათ, ხალხს ჰგონია, რომ გამოყოფილი მიზერული თანხა ყველაფერს ეყოფა

 

მიმდინარე წლის ზაფხულზე სოფლის დახმარების პროგრამის ფარგლებში გამოკვეთილი პრიორიტეტების და მოსახლეობის ჩართულობის დასადგენად,  წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ქვიტირის თემში ყოფნისას, გაზეთმა „P.S.“-მა დეტალურად აღწერა, რა მდგომარეობაში იყო ქვიტირის გამგეობის შენობა. ჩამონგრეულ შენობაში გამგეობა, ბანკი, გინეკოლოგის, სტომატოლოგის კაბინეტები, ამბულატორია და ბიბლიოთეკა   ყველაფერი ერთ შენობაში იყრიდა თავს და არასახარბიელო მდგომარეობაში იყო.

 

როგორც მაშინ გაირკვა, სოფლის დახმარების პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი პროექტით, ერთ-ერთ პრიორიტეტად სწორედ გამგეობის შენობის რეაბილიტაცია გამოიკვეთა. მიმდინარე წელს რეგიონული განვითარების ფონდიდან ქვიტირის თემისთვის 75 000 ლარი გამოიყო. აქედან ქვიტირისთვის 47 168, ხოლო ზედა მესხეთისთვის კი 28 743 ლარი. თანხა მთლიანად თემში არსებული პრობლემების მოგვარებას უნდა მოხმარებოდა. არსებული წესდებით პრიორიტეტები ადგილობრივ მოსახლეობას უნდა შეერჩია.

 

როგორც გამგებელმა, ზაზა ჭეიშვილმა, ჩვენთან საუბარში აღნიშნა, შესასრულებელი პროექტები სწორედ მოსახლეობის მიერ გამოიკვეთა. თუმცა, გამგებლის განცხადებას არ იზიარებდნენ ადგილობრივები, ჩვენს მიერ გამოკითხული ქვიტირელები აცხადებენ, რომ სოფლის დახმარების პროგრამის შესახებ ინფორმაციას არ ფლობენ და არც პრიორიტეტების შერჩევაში მიუღიათ მონაწილეობა.

 

გაზეთი „P.S.“ დაინტერესდა, გაერკვია, განხორციელდა თუ არა შერჩეული პრიორიტეტები და რა ეტაპზეა მიმდინარე სამუშაოები.

 

 

- მიმდინარე წელს, სოფლის დახმარების პროგრამის ფარგლებში  რა სამუშაოები განხორციელდა ქვიტირში?

 

ლალი ჭეიშვილი (ქვიტირის მკვიდრი): „წელს არაფერი გაკეთებულა,        „ოცნებას“ არაფერი გაუკეთებია.  ანუ სოფლის დახმარების პროგრამის ფარგლებში თუ გაკეთდა რამე? არ ვიცი ეგ რას გულისხმობს, მაგრამ ის ვიცი, რომ არაფერი გაკეთებულა. შეიძლება, მე არ ვიცი და გაკეთდა. ჩვენი გამგებელი კარგი ადამიანია და დარწმუნებული ვარ, უკანონობას არ ჩაიდენს, თუ გამოყოფილია თანხა, აუცილებლად გააკეთებენ. არც პრიორიტეტების გამოკვეთაში არ მიმიღია მონაწილეობა, არც გამიგია ამ შეკრების შესახებ. შარშან და წინა წლებში კი კეთდებოდა, გზები დაიგო, სასაფლაო შემოიღობა, ალბათ, წელსაც გაკეთდება.“

 

თემური (ქვიტირის მკვიდრი): „აქ ვცხოვრობ და გაკეთებული არაფერი მინახავს, გარდა გამგეობის შენობისა, ალბათ, ისევ თავის კეთილდღეობისთვის იკეთებენ. სოფლის პრობლემების შერჩევისას ჩემი ახლობლებიდან არავინ ყოფილა შეკრებაზე, არავის გავუფრთხილებივართ. ჩვენ ვიქნებოდით თუ არა, ეს არც არის მნიშვნელოვანი, მთავარია, საქმე გააკეთონ. ამდენი ხანია, გაზი შემოყავთ  ქვიტირში და ვერ იქნა, ვერ გააკეთეს. არცერთი ხელისუფლების დროს ხალხი და სოფელი არავის ახსოვს. აგერ არის დეკემბერიც და ვნახოთ, რა პრობლემებს მოუგვარებენ ქვიტირს.“

 

მოსახლეობის საპირისპიროს აცხადებს ქვიტირის თემის გამგებელი ზაზა ჭეიშვილი. როგორც მან აღნიშნა, სოფლის დახმარების პროგრამის ფარგლებში გამოყოფილი 75 000 ლარიდან ქვიტირში 8 პროექტი ხორციელდება. მათ შორის  გამგეობის შენობა, რომლის რეკონსტრუქციისთვის 31 000 ლარი დაიხარჯა, შეიცვალა ფანჯრები, გაილესა და შეიღება კედლები, გამოიცვალა იატაკი. პროექტის ფარგლებში ასევე  მეოთხე ქუჩაზე, გაერთიანებულ წყალმომარაგების კომპანიასთან ერთად,  430 მეტრიან წყლის ამორტიზირებულ  მილზე მიმდინარეობს სამუშაოები. მილების გაყვანა მოხდა ე.წ. კორეელების უბანში, დაიწყო შიდა გზების და ღვარსადენის მოწესრიგება. ასევე, დაიწყო ბაღის რეაბილიტაცია (ქვიტირის ერთადერთი ბაღი გაუქმებულია, გამგებლის განცხადებით, დაგეგმილია, მომავალი წლიდან ბაღმა ფუნქციონირება დაიწყოს), დასასრულს უახლოვდება კლუბში მიმდინარე სამუშაოები.

„მიმდინარე სამუშაოები წლის ბოლოსთვის უნდა დასრულდეს. ჩვენ ფინანსებთან არანაირი შეხება არ გვაქვს, ამ საკითხს ცენტრალური ხელისუფლება წყვეტს. ჩვენ, მოსახლეობასთან ერთად, მხოლოდ კონტროლს ვაწარმოებთ. მოსახლეობა არაა დაინტერესებული, რომ მსგავს პროექტებში ჩაერთოს, მაგრამ პრეტენზიები არ ელევათ, ხალხს ჰგონია, რომ ამ თანხასთან ჩვენ უშუალოდ გვაქვს შეხება და ასევე ჰგონიათ, რომ გამოყოფილი მიზერული თანხა ყველაფერს ეყოფა, რაც, სამწუხაროდ, ასე არ არის. აი, თუნდაც გამგეობაში დაწყებული სამუშაოები, წელს სრულად ვერ დასრულდება, მაგრამ ძირითადი სარემონტო სამუშაოები ჩატარებულია. ზაფხულში ჩვენთან რომ იყავით, მხოლოდ ნეგატიური დაწერეთ, მაგრამ ხომ ნახეთ, მას შემდეგ ქვიტირის გამგეობაში როგორი ცვლილებები განხორციელდა!“ აღნიშნა ზაზა ჭეიშვილმა.

 

სოფლის დახმარების პროგრამის ფარგლებში დაწყებული პროექტები მიმდინარე წლის დეკემბერში უნდა ჩაბარდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, შემსრულებელ კომპანიებს ჯარიმები დაერიცხებათ.

 

 

 

 

'.$TEXT['print'].'
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია