საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სოფლად ბიზნესის ხელშეწყობა - ეკონომიკური განვითარების საწინდარი
სოფლად ბიზნესის ხელშეწყობა - ეკონომიკური განვითარების საწინდარი
სულ ნანახია 1061
ავტორი:

სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარება ქვეყნის ეკონომიკური განვითარების ერთ-ერთი ძირითადი პრიორიტეტია, რადგან აღნიშნულ დარგს დიდი წვლილი შეაქვს სასურსათო და ეკონომიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფაში. დარგის მნიშვნელობაზე ქვეყნის ეკონომიკისთვის მოწმობს ოფიციალური სტატისტიკაც: ბოლო ოთხი წლის განმავლობაში სოფლის მეურნეობაში რეგისტრირებულ საწარმოთა რაოდენობა 23%-ით, პროდუქციის გამოშვება კი 83:-ით გაიზარდა[1]. მიღწეულ პროგრესს უზრუნველყოფს მრავალი სახელმწიფო და არასახელმწიფო აქტორის ერთობლივი ძალისხმევა, მათ შორის იმ ბიზნეს-კომპანიებისა, რომლებიც საკუთარი კომპანიის სოციალური პასუხისმგებლობის პოლიტიკის ფარგლებში ძალისხმევას არ იშურებენ ადგილობრივი მოსახლეობის კეთილდღეობის ასამაღლებლად. ასეთი კომპანიების რიცხვს მიეკუთვნება BP, რომლის მიერ დაფინანსებული პროექტის შესახებ ჩვენს გაზეთში უკვე ვწერდით ამა წლის აგვისტოში. იმისათვის, რომ შევახსენოთ მკითხველს ძირითადი მომენტები, მოვიყვანთ პროექტის მოკლე რეზიუმეს.

„ადგილობრივი მოსახლეობის განვითარების ინიციატივა - მცირე ბიზნესის განვითარების პროექტი“, რომლის მეორე ფაზა 2015 წლის ივლისიდან დაიწყო, ინიცირებული და დაფინანსებულია BP-სა და მისი პარტნიორების მიერ საქართველოს მილსადენების კომპანიაში. პროექტის მიზანია ბაქო-სუფსის მილსადენის გასწვრივ მდებარე თემების კეთილდღეობის ამაღლება ბიზნესის წამოწყებისა და განვითარების ხელშეწყობით. პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია კონკურსის საფუძველზე მცირე გრანტების გაცემა დამწყები მიკრო-ბიზნესებისთვის და ბენეფიციართა სამეწარმეო და პროფესიული უნარების განვითარება სხვადასხვა სახის ტრენინგებისა და კონსულტაციების საშუალებით. დასავლეთ საქართველოში პროექტს ახორციელებს კონსულტაციისა და ტრენინგების ცენტრი. პროექტი ხორციელდება ჭიათურის, ზესტაფონის, თერჯოლის, ბაღდათის, ვანის, სამტრედიის, აბაშის და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტების  60  სოფელში.

დღეისათვის წელიწადნახევარი გავიდა პროექტის დაწყების დღიდან; ალბათ, კარგი დროა მიღწეული შედეგების შესაფასებლად. შეიძლება ითქვას, რომ შუალედური შედეგები საკმაოდ შთამბეჭდავად გამოიყურება:

= 3400-ზე მეტმა ადამიანზე მიიღო ინფორმაცია პროექტის შესახებ უშუალოდ განმახორციელებელი გუნდისგან კარდაკარ ვიზიტების და სათემო შეხვედრების ფარგლებში. პროექტის თანამშრომლებმა მრავალგზის მოინახულეს მიზნობრივი სოფლები, რათა მოეცვათ პოტენციურად დაინტერესებულ ადამიანთა რაც შეიძლება ფართო წრე, ინფორმაციის  გავრცელების ყველა შესაბამისი არხის გამოყენებით.

-    ჩატარდა 2 საგრანტო კონკური, რომელთა ფარგლებში სულ შემოვიდა 818 განაცხადი, რაც მოწმობს მაღალი დაინტერესების შესახებ პროექტის მიმართ.

= 239 ადამიანმა მიიღო მონაწილეობა ბიზნეს-გეგმის დაწერასთან დაკავშირებულ ტრენინგებში და 207-მა მათგანმა წარადგინა ბიზნეს-გეგმები კომპეტენტური კომისიის განსახილველად. უნდა აღინიშნოს, რომ აბსოლუტური უმეტესობისთვის ეს იყო პირველი მსგავსი გამოცდილება და კონკურსის მონაწილეებმა შეიძინეს ღირებული ცოდნა, რომლის გამოყენებას ისინი შემდგომშიც შესძლებენ.

= სულ დაფინანსდა 120 მეწარმე, მათ შორის 113 დამწყები და შვიდი პროექტის პირველ ფაზაში მხარდაჭერილი ბიზნესი. ყველა მათგანმა შეიძინა მოთხოვნილი კაპიტალური აქტივები და დაიწყო საწარმოო საქმიანობა. აღსანიშნავია, რომ პროექტის მეთოდოლოგიის მიხედვით გრანტის მიმღებებს მოეთხოვებათ სწორედ კაპიტალური და არა საბრუნავი აქტივების შეძენა - ამით იზრდება შექმნილი ბიზნესების მდგრადობა. ვინაიდან პროექტი სოფლის თემებში ხორციელდება, მხარდაჭერილი ბიზნესების უმეტესობა სოფლის მეურნეობასთან არის დაკავშირებული, თუმცა არცთუ მცირე რაოდენობით არის წარმოდგენილი ისეთი არასასოფლო-სამეურნეეო საწარმოები, როგორიცაა საცხობები, სამკერვალოები, სილამაზის სალონი და სხვ. მეწარმეთა თანამონაწილეობა შეადგენს პროექტის მთლიანი ბიუჯეტის არანაკლებ 30:-სა.

= 104 ადამიანმა გაიარა დარგობრივი ტრენინგები წარმოების ტექნოლოგიასთან დაკავშირებულ საკითხებზე, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მათი ბიზნესის წარმატებული განვითარებისთვის და გაფართოვებისთვის. ყველა დაფინანსებულმა მიკრო-მეწარმემ გაიარა ასევე ტრენინგები საგადასახადო დაბეგვრის საკითხებზე.

 

განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს პროექტის გუნდის ძალისხმევა დაფინანსებულ მეწარმეთა ტექნიკური კომპეტენციების ამაღლებასთან დაკავშირებით. ფაქტიურად ყოველი ვიზიტის დროს ეკონომიკური განვითარების სპეციალისტები ბენეფიციარებს უტარებენ მინი-სესიებს დაგეგმვაში, წარმოების ორგანიზაციასა და აღრიცხვაში, კლიენტზე ორიენტირებულობაში და ა.შ.

რა თქმა უნდა, პროექტში ჩართულ ბენეფიციარებს ყველა აღნიშნული სერვისი მიეწოდება უსასყიდლოდ, უფრო მეტიც, გამომდინარე სოფლის მოსახლეობის მოკრძალებული ფინანსური შესაძლებლობებიდან, მათ უნაზღაურდებათ პროექტის ღონისძიებებში მონაწილეობასთან დაკავშირებული სამგზავრო ხარჯები.

პროექტის საინტერესო სიახლეს წარმოადგენს „მენტორობა“, როდესაც უფრო გამოცდილი მეწარმეები - მენტორები უზიარებენ ცოდნას დამწყებებს და პრაქტიკული რჩევებით ეხმარებიან მათ. მენტორებს ირჩევენ პროექტის ბენეფიციართა რიცხვიდან, არა მარტო კარგი საწარმოო შედეგების, არამედ შესაბამისი პიროვნული თვისებებისა და ცოდნის გაზიარების მზაობის მიხედვით. მენტორები კარგად იცნობენ ბიზნესის ადგილობრივ კონტექსტს და პრაქტიკულ ასპექტებს და დამწყებთა განსაკუთრებული ნდობით სარგებლობენ. უშუალო შეხვედრების გარდა ისინი მუდმივ სატელეფონო კავშირზე არიან ახალბედა კოლეგებთან. თავად მენტორები  ამგვარად აუმჯობესებენ საკუთარ საკომუნიკაციო უნარებს და აგროვებენ სოციალურ კაპიტალს. არ არის გამორიცხული, რომ ერთ დღეს ისინი სრულფასოვანი პროფესიული კონსულტანტების სახით მოგვევლინონ.

პროექტის მენეჯერის, მარიანა ლოთიაშვილის თქმით, დამატებით ფასეულობას პროექტს ანიჭებს ის, რომ „ადგილობრივი მოსახლეობის განვითარების ინიციატივა“ მთლიანად შეესაბამება ქვეყანაში მეწარმეობის განვითარების საფუძემდებლო დოკუმენტის „საქართველოს მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარების სტრატეგია 2016-2020 წლებისათვის“ შინაარსს.

როგორ აფასებენ პროექტის თავად ბენეფიციარები? 

„2015 წელს გავიმარჯვე საგრანტო კონკურსში, რითაც დიდი ხნის ოცნება ავიხდინე,“ - ამბობს ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ მანდაეთის მცხოვრები მილედი ჩინჩალაძე. „BP-ის დაფინანსებით გავხსენი პურის საცხობი, რომელიც მანამდე სოფელში არ იყო და ადამიანებს მეზობელი სოფლებიდან ჩამოჰქონდათ პური. ჩემი ოჯახის წევრები მეხმარებიან საქმეში,  გაგვიჩნდა სტაბილური შემოსავლის წყარო, მყიდველიც მრავლად მყავს, სოფელიც კმაყოფილია. ვფიქრობ პურის ასორტიმენტის გაფართოვებაზე, ახლახანს CTC-ს დაფინანსებით გავიარე ლავაშის ცხობის ტრენინგი და აუცილებლად გამოვიყენებ ამ ცოდნას ახლო მომავალში. მცირე ბიზნესის განვითარების პროექტის გარეშე მე ამას ვერ მოვახერხებდი და უაღრესად მადლობელი ვარ როგორც BP-ს, ასევე კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრის, რომლის თანამშრომლები ყოველნაირად ხელს გვიწყობენ ჩვენი ბიზნესის განვითარებაში“.

BP-ს მიმართ  მადლიერებას გამოხატავს ასევე სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ დაფნარის მცხოვრები ლალი ჭინჭარაული, რომელმაც აღნიშნული პროექტის ფარგლებში შეიძინა მინი-ინკუბატორი. უკვე ერთი წელია, რაც აღნიშნულ ინკუბატორში გამოჩეკილი წიწილები იყიდება სოფელში. ქალბატონი ლალი ასევე ეხმარება თანასოფლელებს საკმაოდ ხელმისაწვდომ ფასებში  მისი ინკუბატორი გამოიყენონ წიწილების გამოსაჩეკად. „მადლობას ვუხდი კომპანია BP-ს და კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრს ასეთი საჭირო და სასარგებლო პროექტის განხორციელებისთვის. ვისურვებდი, რომ მსგავსი პროექტები უფრო ხშირი და ხანგრძლივი იყოს,“ - ამბობს ქალბატონი ლალი.

მინდა გამოვხატო იმედი, რომ დაცლის პირას მყოფ სოფლებში მცირე ბიზნესის განვითარება არამარტო  დასაქმებას გაზრდის, არამედ შიდა მიგრაციის  მაღალ ტემპსაც შეაჩერებს, რისი ძირითადი გამომწვევი მიზეზი სწორედ შემოსავლის სიმცირეა და რის გამოსწორებასაც უწყობენ ხელს მსგავსი ტიპის პროექტები.

 

ლიკა დევდარიანი

 



 

'.$TEXT['print'].'
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2019 საავტორო უფლებები დაცულია