საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
ახალი მთავრობის ამბიციური პროგრამა და ლარის ამბიციური გაუფასურება
ახალი მთავრობის ამბიციური პროგრამა და ლარის ამბიციური გაუფასურება
სულ ნანახია 746
ავტორი:
მსგავსი სიახლეები

საქართველოს მთავრობა რეფორმის გატარებას იწყებს - გვაუწყებს მთავრობის ოფიციალური ვებ-გვერდი, სადაც გამოქვეყნებული ინფოგრაფიკის თანახმად: უქმდება მოგების გადასახადი და შეიქმნება ახალი სამუშაო ადგილები; იგეგმება უპრეცედენტო ინფრასტრუქტურული პროექტები; 10%-ით შემცირდება შრომის ანაზღაურების ფონდი და ადმინისტრაციული ხარჯები: მოხდება ლარიზაცია; აიკრძალება ონლაინ სესხების გაცემა და ა.შ. ახლდადამტკიცებული მთავრობის ამ ამბიციურ პროგრამას კი ეროვნული ვალუტაც ამბიციურად გამოეხმაურა და ისე დაეცა, ყოველგვარ მოლოდინს გადაჭარბა.

 

დავიწყოთ ლარიზაციის ამბიციური გეგმით, რომელიც სწორედ ჩვენი ეროვნული ვალუტის დასუსტების გამო გამოაცხადა მთავრობამ. პრემიერმინისტრ გიორგი კვირიკაშვილის განმარტებით, ლარიზაცია ნიშნავს იმას, რომ მოქალაქეებს, რომლებსაც სესხი დოლარში 2015 წლის იანვრამდე აქვთ აღებული, კრედიტის ლარში გადატანა შეეძლებათ.

საზოგადოების უდიდეს ნაწილში ამ განცხადებამ უკმაყოფილება გამოიწვია, რადგანაც რეალურად გამოდის რომ ისედაც შეჭირვებულმა ხალხის ფულით (ანუ ბიუჯეტის ფულით) ისევ მინისტრების, მთავრობის წევრებისა თუ სხვა იმ ადამიანთა დოლარში აღებული სესხები უნდა გადაიფაროს, რომლებსაც 100 ათასიანი ბინებისა თუ მანქანების საყიდლად ჰქონდათ თავის დროზე ეს სესხები აღებული.

 „ამ გეგმის მიხედვით, როგორც ერთჯერადი სოციალური აქცია, მოხდება 2015 წლის პირველ იანვრამდე ფიზიკურ პირებზე უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი უცხოური ვალუტით გაცემული სესხების ლარში გადატანა, არსებული კურსის მინუს 20 პუნქტის ოდენობით... რაც საგრძნობლად შეამცირებს ზეწოლას ლარის კურსზე. 400 მილიონი დოლარის ყიდვა აღარ მოუწევთ ადამიანებს, ვინც არსებული სესხის გამო ყიდულობდა დოლარს,“ - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

„მე, რომელსაც სესხი არ ამიღია, რატომ უნდა გადავიხადო იმის გადასახდელი, ვინც მანქანა იყიდა, სახლი აიშენა და ა.შ.“ - კითხვას სვამს თსუ-ის ყოფილი რექტორი, პროფესორი ვლადიმერ პაპავა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“.

მისივე თქმით, პრემიერ-მინისტრის მიერ მთავრობის სხდომაზე წარმოდგენილი ინიციატივა სოციალურ ხასიათს არ ატარებს. პაპავას განცხადებით, არსებული ინიციატივა თანაბარ პირობებში აყენებს როგორც დაბალშემოსავლიან, ისე საშუალო და მაღალი შემოსავლის მქონე მოქალაქეს.

„პრემიერ-მინისტრის ინიციატივასთან დაკავშირებით არსებობს ძალიან ბევრი კითხვა, რომელზე პასუხს არავინ იძლევა... გადასახადებს იხდიან ძალიან მცირეშემოსავლიანი ადამიანები. დღეს ერთ-ერთ გადაცემაში დამლაგებელმა დარეკა და თქვა, რომ 300 ლარი აქვს ხელფასი, ხელზე 240 ლარს იღებს. ის ახლა ვიღაცას, ვინც სახლი აიშენა, იმას უნდა შეეხიდოს?! ამას არ ჰქვია სოციალური პროგრამა. სოციალური პროგრამაა ის, რომ ვისაც უჭირს, იმათ დაეხმარონ. გასაგებია, რომ ეს ადამიანები მძიმე მდგომარეობაში ჩავარდნენ, მაგრამ არ არიან საზოგადოების ყველაზე გაჭირვებული ფენა. ყველაზე გაჭირვებული სწორედ ისაა, ვისაც სესხი არ აქვს. ამიტომ სქემა, რომელზეც გაჟღერდა ინფორმაცია, შესაფასებლად ძალიან რთულია,“ - ამბობს ვლადიმერ პაპავა.

 

„მინდა გითხრათ მეგობრებო, რომ  შოკში ვარ. გულწრფელად გეტყვით: შემეშინდა  ჩვენი ქვეყნის მომავლის გამო. ქვეყანა უვიცებს ჩაუვარდათ ხელში! მეგონა, რომ იმ რადიკალურმა ცვლილებებმა, რომელიც მოხდა ვარდების რევოლუციის შემდეგ, შექმნა განვითარების ისეთი საძირკველი, რომელსაც ვერაფერი შეარყევდა. შეიძლება დაზიანებულიყო, მაგრამ გაუძლებდა სიმძიმეს.  მეგონა, რომ ისე მტკიცედ  ვიდექით საბაზრო, ლიბერალურ ლიანდაგზე, რომ იქიდან ძნელი იქნებოდა ამოგდება.  როგორც ჩანს,  ვცდებოდი.  ის გეგმა, რაც მთავრობამ წარმოადგინა, არის ნგრევის დასაწყისი. როგორც ფაქტი და როგორც ტენდენცია. ეს გვაბრუნებს შევარდნაძის დროში“ - წერს სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“  საქართველოს პარლამენტის წევრი ოპოზიციდან, ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი რომან გოცირიძე.

თუმცა, პოლიტიკური ოპონენტის ამგვარ განწყობას არ ეთახმებიან საპარლამენტო უმრავლესობის წევრები და აცხადებენ, რომ მთავრობამ სწორედ რომ ამბიციური გეგმა წარმოადგინა და რომელიც ბიძგს მისცემს ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას. როგორც პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი კოვზანაძემ განაცხადა, ლარის პრობლემასთან დაკავშირებით, მთავრობა და ეროვნული ბანკი ერთმანეთთან უპრეცედენტოდ თანამშრომლობენ.

რაც შეეხება ეროვნულ ბანკს, მის მიერ გავრცელებული ოფიციალური განცხადების თანახმად, დღეს სავალუტო ბაზარზე გაცვლითი კურსის მკვეთრი ცვლილება არ არის გამოწვეული ქვეყნის ეკონომიკაში მიმდინარე პროცესებით და ამჟამად ბაზარზე არსებული გაცვლითი კურსი გადაცდა იმ ნიშნულს, რომელსაც ფუნდამენტური ფაქტორები განაპირობებს.

„შესაბამისად, ჩვენ ველით გაუფასურების შეჩერებას და კურსის უმოკლეს დროში უკუქცევას. ამდენად, ბაზარზე დღეს არსებული აშშ დოლარის ფასი არის გადაჭარბებული და მოსახლეობას და ეკონომიკურ აგენტებს ვურჩევთ, ნუ მიიღებენ ნაჩქარევ გადაწყვეტილებებს, რომელიც დიდი ალბათობით მათვე დააზარალებს“ - ნათქვამია საქართველოს ეროვნული ბანკის საგანგებო განცხადებაში.

მთავრობის ამბიციურ გეგმაში კიდევ ერთი, რბილად რომ ვთქვათ, ძალიან საკამათო პუნქტი იყო ონლაინ სესხებთან დაკავშირებული თემა. თავიდან მთავრობის წევრები აცხადებდნენ, რომ აიკრძალება ონლაინ სესხები, რაც მოსახლეობის მოთხოვნა იყო, თუმცა შემდეგ ატეხილი აჟიოტაჟის გამო პრემიერმა და სხვა ხელისუფლები წარმოამდგენლებმა პოზიციები შეარბილეს და განაცხადეს, რომ საუბარი იყო არა აკრძალვაზე, არამედ რეგულირებაზე.

დღეს არსებული კანონმდებლობით, ონლაინსაკრედიტო კომპანიები რეგისტრირებულები არიან როგორც შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებები და მათზე არ ვრცელდება ის რეგულაციები, რომლითაც ეროვნული ბანკი კომერციულ ბანკებსა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს არეგულირებს. რეგულირებას კი იმდენად ბევრი მოწინააღმდეგე არ ჰყავს როგორც აკრძალვას.  როგორც საქართველოს ონლაინ არასაბანკო საკრედიტო ასოციაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, ონლაინ სესხების ბაზრის დარეგულირება არამარტო მომხმარებლის ინტერესებში შედის, არამედ თავად ამ ბიზნესის წარმომადგენლების - ეს ხელს შეუწყობს მათი რეპუტაციის და ნდობის ხარისხის გაზრდას.

ამრიგად, ახალი მთავრობის სამუშაო დღეები საკმაოდ მძიმედ დაიწყო. როგორ შეასრულებს პრემიერი და მისი კაბინეტი თავის ამბიციურ გეგმას, ამას მომავალში ვნახავთ, თუმცა დღეს ერთი რამ ფაქტია - ახალ მთავრობას საკმაოდ მძიმე ეკონომიკური პრობლემები ერგო მემკვიდრეობით... თუმცა რაღა მემკვიდრეობით, დღევანდელი მთავრობა ხომ პრაქტიკულად ძველი მთავრობის წევრებით არის დაკომპლექტებული და პოლიტიკურ ოპოზიციას რომ ჰკითხოთ, დღევანდელი პრობლემები სწორედაც რომ ახალი ძველი მთავრობის ბრალია.

 

 

ცოტნე პაატაშვილი

'.$TEXT['print'].'
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2019 საავტორო უფლებები დაცულია