დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
გაიგეთ საპრეზიდენტო კანდიდატების მოსაზრებები აქტუალურ საკითხებზე
გაიგეთ საპრეზიდენტო კანდიდატების მოსაზრებები აქტუალურ საკითხებზე
სულ ნანახია 1693
ავტორი:
მსგავსი სიახლეები

P.S.“-ის რუბრიკა - საპრეზიდენტო კანდიდატები და მათი მოსაზრებები გრძელდება. ამ ნომერში გთავაზობთ პრეზიდენტობის კანდიდატების აკაკი ასათიანის, თეიმურაზ მჟავიას, ნინო ბურჯანაძის, თეიმურაზ ბობოხიძის, მიხეილ სულუაშვილისა და ავთანდილ მარგიანის პასუხებს საზოგადოებითვის საინტერესო სხვადასხვა შეკითხვაზე.

 

თქვენი აზრით, როგორი საგადასახადო სისტემაა მისაღები საქართველოსთვის და რა პრინციპით უნდა განისაზღვრებოდეს საშემოსავლო გადასახადი?

 

ასათიანი აკაკი:

საქართველოსთვის მისაღებია ლიბერალური, მცირე და საშუალო მეწარმეობის სტიმულირებაზე ორიენტირებული საგადასახადო სისტემა. ეს ხელს შეუწყობს უმუშევრობის პრობლემის დაძლევას და სოციალური უთანაბრობის შემცირებას.

 

მჟავია თეიმურაზ:

როგორც ცნობი-ლია, 2005 წელს საქართველოს საგადასახადო კოდექსში შევიდა მნიშვნელოვანი ცვლილებები და 21 სახეობის გადასახადიდან დარჩა მხოლოდ 6, თუმცა, არსობრივად სისტემას არ განუცდია რაიმე სახის ცვლილება, იგი დარჩა ისეთივე პარამეტრებით, როგორიც იყო. მიმაჩნია, რომ, არსებული სისტემის ნაცვლად, უნდა დაინერგოს დიფერენცირებული საგადასახადო სისტემა, რომელმაც საგადასახადო სივრცე უფრო დინამიკური უნდა გახადოს. აღნიშნული სისტემის პოზიტიური არსი იმაში მდგომარეობს, რომ აყალიბებს დიფერენცირებულ მიდგომებს ამა თუ იმ ნაწარმთან მიმართებაში. მაგალითად, შეძლებს, დააწესოს შედარებით დაბალი საგადასახადო ნიხრი ისეთ აქტუალურ პროდუქციაზე, როგორიცაა ბავშვთა კვება და სათამაშოები, დიაბეტური პროდუქტები და სხვა, ხოლო ფუფუნების საგნებზე გაზარდოს საგადასახადო ნიხრი. რაც შეეხება საშემოსავლო გადასახადის პრინციპებს, ამჟამად არსებული პროპორციულის ნაცვლად, როცა ყველა იხდის თანაბრად, გადავიდეთ პროგრესულ საშემოსავლო სისტემაზე - რაც მეტია შემოსავალი, მით მეტია საგადასახადო ნიხრი.

 

ბურჯანაძე ნინო:

მიგვაჩნია, რომ ქვეყნის საგადასახადო კანონმდებლობაში ასახვა უნდა ჰპოვოს ქვეყნის სტრატეგიული განვითარების მიმართულებებმა. იგი ქვეყნის ეკონომიკური განვითარების მასტიმულირებელი უნდა იყოს. ერთ-ერთი ასეთი მიმართულებაა მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობა. საქართველოს სპეციფიკის გათვალისწინებით, გადასახადები მიბმული უნდა იყოს არა ქონებაზე, არამედ შემოსავლებზე. ყოველივე ზემოთქმულმა ასახვა ჰპოვა ჩვენს საარჩევნო პროგრამაში. რაც შეეხება საშემოსავლო გადასახადს, გვინდა, შევთავაზოთ ინოვაცია, რათა საქართველოს მასშტაბით ძალიან დიდი შემოსავლები გაზრდილი განაკვეთით დაიბეგროს და ამით მდიდარმა ფენამ მეტი სოლიდარულობა გამოხატოს ქვეყნის მოსახლეობის მიმართ. კერძოდ, წელიწადში 100000 ლარზე მეტი შემოსავალი (ხელფასებით, პრემიებით და დანამატებით) დაიბეგროს, 20-ის ნაცვლად, 25%-იანი საშემოსავლო განაკვეთით.

 

თქვენი აზრით, რა პრინციპით უნდა იყოს ორგანიზებული ადგილობრივი თვითმმართველობა საქართველოში?

 

ასათიანი აკაკი:

ადგილობრივი თვითმმართველობა უნდა იქნეს ორგანიზებული რეგიონული პრინციპით. იგი უნდა შედგებოდეს ორი დონისგან (მუნიციპალური და რეგიონული). საჭიროა მმართველობის დეცენტრალიზაცია, რაც გულისხმობს უფლებამოსილებების (მათ შორის, საბიუჯეტო უფლებამოსილებების) გამიჯვნას.

 

მჟავია თეიმურაზ:

ადგილობრივი თვითმმართველობა საქართველოში უნდა მოეწყოს იმ პრინციპების საფუძველზე და იმ დებულებათა გათვალისწინებით, რაც მოცემულია ევროპულ ქარტიაში თვითმმართველობის შესახებ, რომელსაც საქართველო 2004 წელს შეუერთდა. აქ მნიშვნელოვანია, დავეყრდნოთ ორ უაღრესად არსობრივ პრინციპს: პირველია ის, რომ თვითმმართველობაზე დელეგირებული ფუნქციები უნდა იყოს უზრუნველყოფილი სათანადო შემოსავლებით და მეორე, სოფელს უნდა ხელმძღვანელობდეს მის მიერ არჩეული მმართველი და არა ის, რომელსაც ნიშნავს მუნიციპალიტეტის გამგებელი, რასაც ადგილი აქვს დღევანდელ პრაქტიკაში.

 

ბურჯანაძე ნინო:

დემოკრატია იწყება ადგილობრივი თვითმმართველობიდან. მნიშვნელოვნად უნდა გაიზარდოს თვითმმართველი ერთეულების უფლებამოსილებები და ფინანსური რესურსები, რათა მათ სათანადოდ უზრუნველყონ ადგილობრივი ინფრასტრუქტურის მოწესრიგება და მოსახლეობისთვის საზოგადოებრივი მომსახურების გაწევა. ყველა სოფელში და ყველა ქალაქის თითოეულ უბანში უნდა აირჩეს მუდმივმოქმედი საზოგადოებრივი საბჭოები, რომლებიც უზრუნველყოფენ მოსახლეობის აქტიურ ჩართვას ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოების მიერ გადაწყვეტილებათა მიღების პროცესში.

პრეზიდენტი იქნება ადგილობრივი თვითმმართველობის ქმედითი ფუნქციონირების გარანტი და უზრუნველყოფს ცენტრალური ხელისუფლების ჩაურევლობას მათ საქმიანობაში. გაძლიერდება რეგიონული მმართველობა და თვისებრივად გარდაიქმნება გუბერნატორის ინსტიტუტი. რეგიონებს გადაეცემათ სათანადო უფლებამოსილებები და სტაბილური ფინანსური რესურსები, რათა მათ უზრუნველყონ რეგიონის მდგრადი სოციალურ-ეკონომიკური განვითარება მისი შედარებითი უპირატესობების გამოყენებით.

 

რა კონკრეტულ ნაბიჯებს გადადგამთ ხალხთა შორის ნდობისა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისათვის?

 

ასათიანი აკაკი:

ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად საჭიროდ მიმაჩნია ნეიტრალიტეტის (მიუმხრობლობის პოლიტიკის) გამოცხადება. ეს საშუალებას მოგვცემს მოვხსნათ დაძაბულობა კონფლიქტის მხარეებს შორის და დავძლიოთ უნდობლობა, რაც პროდუქტიული გახდება უშუალო მოლაპარაკებების საწარმოებლად. მიმაჩნია, რომ ქართული სახელმწიფოს ინტერესებიდან გამომდინარე, საჭიროა აფხაზთა და ოსთა ინტერესების რეალური გათვალისწინება.

 

მჟავია თეიმურაზი:

სახელმწიფოს გააჩნია უპირობო უფლება, განავრცოს საკუთარი იურისდიქცია საყოველთაოდ აღიარებული საზღვრების არეალში, რასაც ჩემი ქვეყანა მოკლებულია აგრესორის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაციის გამო. ამდენად, დარღვეულია სახელმწიფოს უპირველესი უფლება, განახორციელოს საკუთარი ტერიტორიის კონსტიტუციური კონტროლი. საერთაშორისო ორგანიზაციები მკაცრად აკონტროლებენ ვითარებას ჩემს ქვეყანაში ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში, რაც უაღრესად მოსასალმებელია, მაგრამ რატომღაც არ აქტიურობენ აგრესორი მოძალადის, რუსეთის ფედერაციის მიერ ჩემი სახელმწიფოს უხეშად აყრილი უფლების დასაცავად. იმდენად, რამდენადაც საერთაშორისო  ორგანიზაციებს, რომელთა სრულუფლებიანი წევრიც საქართველოა, საკუთარ წესდებებში აღიარებული აქვთ წევრი სახელმწიფოების უფლებათა დაცვა, ოკუპანტი რუსეთის აგრესია აზარალებს არა მხოლოდ ქართულ სახელმწიფოებრიობას, არამედ უხეშად უპირისპირდება ამ სოლიდური ორგანიზაციების ავტორიტეტს და მათ საერთაშორისო ღირსებას. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა წარმოუდგენელია საერთაშორისო თანამეგობრობის აქტიური ჩართულობის გარეშე, ამიტომ უპირველეს ღონისძიებათა რიგში დავაყენებ თანამშრომლობას აღნიშნულ ორგანიზაციებთან ჩვენთვის და ჩვენი სახელმწიფოებრიობისთვის აუცილებელი კონკრეტული საკითხების ირგვლივ. აუცილებლად მიმაჩნია თანამშრომლობა რუსეთის პოლიტიკურ ოპოზიციასთან საქართველოს დეოკუპაციასთან დაკავშირებული საკითხების  გარშემო, რათა მოვიპოვოთ მათგან მეტ-ნაკლები მხარდაჭერა და, რაც მთავარია, უნდა მოვახდინოთ ქართული სამოქალაქო ერთობის კონსოლიდაცია ძირითადი იდეის - საქართველოს დეოკუპაციის ირგვლივ. რაც შეეხება ხალხთა შორის ნდობის აღდგენას, აუცილებლად მიმაჩნია დიალოგის წარმოება პერმანენტულ რეჟიმში სახელმწიფოსა და მისგან გაუცხოებულ მოქალაქეთა შორის, ამ დიალოგში არასამთავრობო სექტორის ჩართვა, აღნიშნულ პროცესში სახალხო დიპლომატიის რესურსის სრული გამოყენება და უმთავრესი - ამ დიალოგს არ სჭირდება არანაირი შუამავალი, მით უმეტეს ისეთი, როგორიც რუსეთის ფედერაციაა.

 

ბურჯანაძე ნინო:

ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა ჩვენი სახელმწიფო პოლიტიკის უმთავრეს პრიორიტეტად უნდა იქცეს. ამ პროცესის გაჭიანურება განუსაზღვრელი ვადით ყოვლად დაუშვებელია. ჩვენ უნდა დავიწყოთ ენერგიული, მეთოდური მოქმედება ამ პრობლემის გადასაწყვეტად. ჩვენი პოლიტიკა გულისხმობს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას, დევნილთა დაბრუნებას, კონფლიქტურ რეგიონებში მცხოვრები ადამიანების უსაფრთხოების უზრუნველყოფას.

ქართველებთან ერთად ერთ სახელმწიფოში ცხოვრება სრულ შესაბამისობაში უნდა მოვიდეს კონფლიქტურ რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობის ინტერესებთან და მისწრაფებებთან.

კონფლიქტების მოგვარება შესაძლებელია კონსენსუსის საფუძველზე ყველა მხარის ინტერესების გათვალისწინებით. ერთი მხარის წარმატება მექანიკურად არ უნდა ნიშნავდეს მეორის მარცხს.

·          პირველ ეტაპზე პრიორიტეტულია სახალხო დიპლომატიის, ყველა სახის კონტაქტების (ადამიანური, ეკონომიკური, კულტურული, საგანმანათლებლო, მედია და ა.შ.) წახალისება აფხაზურ და ოსურ მხარეებთან;

·          დაგროვილი პრობლემების თანდათანობითი გადაწყვეტა პირდაპირი დიალოგის გზით. კონფლიქტების გადაწყვეტის უმთავრესი პრინციპი - ორიენტაცია არა იმაზე, რაც ერთმანეთს გვაშორებს, არამედ იმაზე, რაც გვაკავშირებს და მომავალში დაგვაკავშირებს;

ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად უმნიშვნელოვანესია ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა, რომელიც პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სამხედრო და სხვა კომპონენტებს მოიცავს. აუცილებელია ყოვლისმომცველი ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციის სერიოზული განახლება;

·          საქართველო საერთაშორისო ურთიერთობათა სისტემის  ობიექტიდან თანასწორუფლებიან სუბიექტად უნდა ჩამოყალიბდეს. უსაფრთხოების სფეროში ჩვენი პოლიტიკის ძირითად პრინციპად პრევენციული დიპლომატია უნდა იქცეს;

·          უნდა გამოირიცხოს ავანტიურიზმი საერთაშორისო ურთიერთობებში, გავლენის ცენტრებს შორის ურთიერთობების დაძაბვა და კონფლიქტების პროვოცირება;

·          ჩვენი სახელმწიფო პოლიტიკა მიმართული უნდა იყოს არა დიდი სახელმწიფოების ინტერესების შეჯახებისკენ, არამედ ამ ინტერესთა შეჯერებისკენ. საქართველო ინტერესთა შეჯახების პოლიგონის ნაცვლად, ინტერესთა შეჯერების სივრცედ უნდა ჩამოყალიბდეს. ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებთან ურთიერთობის გაღრმავების პარალელურად, უნდა მიმდინარეობდეს რუსეთთან ურთიერთობის დარეგულირების პროცესი;

·          სამეზობლო პოლიტიკის ფარგლებში პრიორიტეტულია ევროკავშირთან მაქსიმალური დაახლოება, ასოცირებისა და თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების მიღწევა და პერსპექტივაში სრულუფლებიანი წევრობა.

 

როგორ წარმოგიდგენიათ საქართველოს როლი სამხრეთ კავკასიასა და შავი ზღვის აუზში?

 

ბობოხიძე თეიმურაზ:

საქართველომ თავისი წილი სარგებელი უნდა ნახოს იმ ბუნებრივი მდგომარეობიდან გამომდინარე, რომელიც ჩვენ გვიკავია. გასაგებია, რომ მეზობელ სახელმწიფოებთან კეთილმეგობრული დამოკიდებულება უნდა გვქონდეს და ამას არც არავინ უარყოფს, მაგრამ როცა ხედავ, რომ ამ შენი კეთილმეგობრული დამოკიდებულებით, შენი მეზობელი ქვეყანა (არ ვაკონკრეტებ ჩრდილოელი და თუ სამხრეთელი), მხოლოდ თავისთვის სარგებელს ეძებს და მის ინტერესებში სულაც არ შედის შენი წარმატებები, ასეთი დამოკიდებულება ხელს ვერ შეუწყობს კეთილმეგობრული ურთიერთობის განმტკიცებას.

მეორე საკითხი რომლის განხორციელებასაც შევეცდები, ეს არის სრულიად კავკასიური სახლის დაფუძნება. ვთვლი, რომ თბილისი სრულიად კავკასიის კონფედერაციის ცენტრი შეიძლება გახდეს და მასში მოქმედ კავკასიურ სახლს, პირობითად კავკასიური კონფედერაციის „პროტოპარლამენტსაც“ კი ვუწოდებდი. ამ საკითხზე, ჯერჯერობით, სხვას ვერაფერს ვიტყვი.

რაც შეეხება შავი ზღვის აუზის ქვეყნებს, ვფიქრობ, რომ აქაც ბევრი რამ არის გასაკეთებელი, რათა ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა მეტი აქტიურობა გამოიჩინონ ჩვენი ევროკავშირში და ნატო-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებით.

 

სალუაშვილი მიხეილ:

მე, როგორც საქართველოს პრეზიდენტი, ჩემი საქმიანობის ერთ-ერთ მთავარ მიზნად ვისახავ, რომ საქართველო გამოვიდეს საერთაშორისო რეგიონული ორგანიზაცია: „კავკასია - მშვიდობის სახლის“ შექმნის ინიციატორი. ის დაეფუძნება საერთაშორისო სამართლის ძირითადი სუბიექტების - სუვერენული სახელმწიფოების მიერ გამოხატულ კეთილ ნებას, რათა თავისი წვლილი შეიტანონ მსოფლიოს ამ ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს რეგიონში მშვიდობისა და საყოველთაოდ აღიარებული დემოკრატიული პრინციპების ჩამოყალიბება-განმტკიცების საქმეში.

აღნიშნულ თემატიკასთან დაკავშირებული საკითხები ჩვენს მიერ დეტალურადაა გაშუქებული ეროვნულ ბიბლიოთეკაში დაცულ შემდეგ კრებულში: მ. სალუაშვილი, „საერთაშორისო რეგიონალური ორგანიზაცია: „კავკასია მშვიდობის სახლი („კავმშვისა“)“, თბ. 2012 წ.

 

მარგიანი ავთანდილი:

რეგიონულ თანამშრომლობას დიდი როლი უჭირავს პოლიტიკურ თუ ეკონომიურ ცხოვრებაში, რაც გასათვალისწინებელია მეზობლებთან ურთიერთობაში და მათთან მეგობრულ დამოკიდებულებაში.

 

როგორ ფიქრობთ, უნდა შეეძლოთ თუ არა უცხო ქვეყნის მოქალაქეებს შეიძინონ სასოფლო-სამეურნეო მიწა საქართველოში?

 

ბობოხიძე თეიმურაზ:

სასოფლო სამეურნეო მიწა, ტყე და სავარგულები უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე არ იყიდება - ასე უნდა ეწეროს კანონში.

რაც შეეხება არასასოფლო დანიშნულების მიწას, ვთვლი, რომ ასეთი მიწა შეიძლება გაიყიდოს უცხო ქვეყნის მოქალაქეზე. ისიც მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამ მიწაზე უძრავი ქონება დგას, ან უნდა აშენდეს  უძრავი ქონება.

რაც შეეხება უცხო ქვეყნის მოქალაქეს, რომელსაც სურვილი აქვს, საქართველოში სოფლის მეურნეობას მოკიდოს ხელი, მან უნდა მიმართოს სახელმწიფოს, მის მიერ უკვე მოძიებული მიწის იჯარით აღების ნებართვის მიღებასთან დაკავშირებით (საიჯარო ვადები და სხვა დეტალები უნდა დარეგულირდეს კანონით). საქართველოს მოქალაქე კი, რომელიც იმ მიწის მესაკუთრეა და სურს, რომ ამ მიწის გაყიდვით სარგებელი ნახოს, მან მიწა უნდა დაუბრუნოს სახელმწიფოს, რომლის ღირებულებასაც არსებულ საბაზრო ფასში (იმ ფასში, რაც საქართველოს მოქალაქეებს შორის გარიგებისას წარმოიშვება) სახელწიფო გადაუხდის.

2014 წლის ბოლომდე ამ კანონით სრულად იკრძალება უცხო ქვეყნის მოქალაქეზე სასოფლო-სამეურნეო მიწის მიყიდვა.

 

აქედან გამომდინარე,  ჩვენ ამ მორატორიუმის პერიოდს ვადარებთ აღმოსავლეთ ევროპის ხსენებული ქვეყნების იმ პერიოდებს, რომელშიც მათ დაწესებული ჰქონდათ აკრძალვები უცხო ქვეყნის მოქალაქისთვის სასოფლო-სამეურნეო მიწის მიყიდვასთან დაკავშირებით.

სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ კანონის პროექტი ეროვნული კანონმდებლობის სრულყოფის გზაზე დიდმნიშვნელოვანი მოვლენაა და მისი განხილვის პროცესს დავარქმევდი არა მარტო ეკონომიკური, არამედ პოლიტიკური, სახელმწიფოებრივი, ეროვნული, საშვილიშვილო მნიშვნელობის მოვლენას.

როგორ მოვიქცეთ თუკი ვიცავთ სხვა მოქალაქის უფლებებსა და თუკი ის გადის სამოქალაქო ინტეგრაციას? ან იღებს საქართველოს მოქალაქეობას? გამოვიყენებ ევროკავშირის მაგალითს: სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტი უნდა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის (მათ შორის, მემკვიდრეობით მიღებულის) საკუთრების უფლება აქვთ:

ა) საქართველოს მოქალაქეს, კომლს, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად საქართველოში რეგისტრირებულ იურიდიულ პირს;

ბ) უცხოელსა და საზღვარგარეთ რეგისტრირებულ იურიდიულ პირს“.

 

 

სალუაშვილი მიხეილ:

მაცხოვრის კვართის ადგილი და ღვთსისმშობლის წილხვედრი საქართველოს მიწა-წყალი ეკუთვნის, უპირველეს ყოვლისა, ღმერთს და შემდგომ, საქართველოს მოქალაქეებს.

 

მარგიანი ავთანდილი:

არა და არა, ეს უკვე ის ცბიერი ფორმაა, რომელიც ქვეყანას დააქუცმაცებს ნაწილ-ნაწილ. უნდა დამკვიდრდეს ქვეყანაში საიჯარო ხელშეკრულებების ფორმა, რეალური ვადის გათვალისწინებით.

 

როგორ წარმოგიდგენიათ თავდაცვის ორგანიზაცია? სამხედრო სამსახურის როგორ ფორმას უჭერთ მხარს?

 

ბობოხიძე თეიმურაზ:

თავდაცვის ორგანიზება, ვფიქრობ, სწორი გზით მიდის. მიმაჩნია, რომ საქართველოს შეიარაღებული ძალები რიცხობრივად, დაახლოებით, იმ რაოდენობის უნდა იყოს, რამდენიც დღეს არის, დღევანდელი მდგომარეობიდან გამომდინარე, აუცილებელია, ქვეყანას თავდაცვით ომთან ერთად შეეძლოს სრულმასშტაბიანი პარტიზანული ომის წარმოება.

ჯარში სამსახურს რაც შეეხება, მომხრე ვარ, რომ ყველა ახალგაზრდამ და, მათ შორის, ქალების იმ ნაწილმაც, ვისაც ამის სურვილი ექნება, გაიაროს სამხედრო სწავლების კურსი. ვადა, ხანგრძლივობა და შესასწავლი პროგრამა სპეციალისტებთან ერთად უნდა დადგინდეს. რაც შეეხება შეიარაღებულ ძალებს, ის უნდა მოეწყოს საკონტრაქტო საფუძველზე. მასში ჩარიცხვის მსურველს გავლილი უნდა ჰქონდეს ზემოთ ნახსენები სამხედრო სწავლების კურსი. კონტრაქტით მომსახურე მიიღებს შესაბამის სამედიცინო დაზღვევას, საპენსიო უზრუნველყოფას და ბინას სახელმწიფოსაგან.

 

სალუაშვილი მიხეილ:

ჩვენი ქვეყნის მიერ აღიარებული მუდმივი სამხედრო ნეიტრალიტეტის პრინციპებიდან გამომდინარე, ქვეყანას უნდა ჰქონდეს საკონტრაქტო  და სარეზერვო სისტემაზე აგებული სამხედრო სამსახური.

 

მარგიანი ავთანდილი:

 

შინაგან ჯარების ფორმას, გეოსტრატეგიული ინტერესებიდან გამომდინარე. 

'.$TEXT['print'].'
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია