დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
„ქართულ ოცნებას“ არჩევნების მეორე ტურის ეშინია?
„ქართულ ოცნებას“ არჩევნების მეორე ტურის ეშინია?
ავტორი: ცოტნე პაატაშვილი
სულ ნანახია 2073
ავტორი:
ცოტნე პაატაშვილი
მსგავსი სიახლეები

„ქართული ოცნების“ საპრეზიდენტო კანდიდატისათვის არჩევნების მეორე ტური საოცრება იქნება და ის ამ საოცრებაში მონაწილეობას არ მიიღებს. როგორც ჩანს, გიორგი მარგველაშვილმა გაითვალისწინა  პრემიერ-მინისტრისაგან საჯაროდ მიღებული რჩევა და თავისი ნებაც დაადასტურა.  პრეზიდენტის შეფასებით კი მარგველაშვილის ამგვარი განცხადება ამომრჩეველზე ზეწოლა და ულტიმატუმია.

 


როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გაზეთებისა და რადიოების რედაქტორებთან შეხვედრისას თქვა, მარგველაშვილმა 60%-ზე ნაკლები რომ მიიღოს, ეს მისთვის შეურაცხმყოფელი იქნება.

 


„მე აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ პრაქტიკულად შეუძლებელია მეორე ტური. გიორგი მარგველაშვილმა 60%-ზე ნაკლები რომ მიიღოს, ესეც შეურაცხმყოფელი იქნება ჩემთვის. იმ 20 წელიწადში, როცა მე მინდა, მთელი ჩემი ძალისხმევა ჩემ ქვეყანას მოვახმარო, ცოტა დაბალი ენთუზიაზმი მექნება. 60%-ზე ნაკლები თუ მიიღო გიორგიმ პირველსავე ტურში, მე, რა თქმა უნდა, ჩემ გასაკეთებელს გავაკეთებ, მაგრამ ენთუზიაზმი ნაკლები მექნება. მე კიდევ ერთხელ მოვუწოდებ იმ ადამიანებს, ვინც მხარს გვიჭერს, რომ მოვიდნენ არჩევნებზე,“ - განაცხადა ივანიშვილმა. მისივე თქმით, საზოგადოებას განვითარება სჭირდება და ისეთ არჩევანს აკეთებს, რამდენადაც განვითარებულია ის. არჩევნებამდე რამდენიმე კვირით ადრე, პრემიერმა, ფაქტობრივად, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის ჩატარება საზოგადოების განვითარების ინდიკატორად აქცია და პირდაპირ თქვა, რომ ეს იქნება საზოგადოების განვითარების საზომი.

„ზოგი ინგლისურ გამოთქმას იშველიებს „როგორიცაა საზოგადოება, ისეთივეა მთავრობა“. ქართველებს ყველაზე კარგი გამონათქვამი გვაქვს -      „როგორიც ბერი, ისეთი ერი.“ თუ ისევ სურვილი აქვთ, ის მიიღონ, რაც ჰქონდათ, მე ხელს არ შევუშლი. მე მგონია, რომ საზოგადოება უფრო განვითარდა და მეორე ტურს არ დაუშვებს, მაგრამ თუ ეს ასე მოხდა, ე.ი. მე მეშლება. არიან ქვეყნები, რომლებიც სააკაშვილის მსგავსს და უარესსაც ეგუებიან, იმიტომ, რომ მათი განვითარების დონე, მათი მოთხოვნილება ესაა, მაგრამ მე ქართული საზოგადოების სხვანაირ მზაობას ვხედავ, სხვანაირ სამშობლოს ვხედავ ჩემსას,“ - განაცხადა ივანიშვილმა.

გიორგი მარგველაშვილი მიიჩნევს, რომ მოსახლეობის დიდი ნაწილი „ქართულ ოცნებას“ უჭერს მხარს, მაგრამ საზოგადოების ნაწილი ვერ გაერკვა იმაში, თუ როგორ ქვეყანაში უნდა ცხოვრება და საით უნდა, რომ ქვეყანა წავიდეს. მისივე თქმით, კითხვა - დაინიშნება თუ არა ქვეყანაში არჩევნების მეორე ტური, იგივეა, რომ იკითხონ, ხომ არ გინდათ იმ დროში დაბრუნება, როცა ქვეყანაში იყო მონოპოლიები, როცა სასამართლო კონტროლდებოდა ხელისუფლების მიერ, როცა სასჯელაღსრულების დაწესებულებებში ხდებოდა პატიმართა წამება, ამიტომ ეს კითხვა არის შეურაცხმყოფელი.


„მეორე ტური არ იქნება, იმიტომ, რომ ეს არსებული სტატისტიკით შეუძლებელია, მაგრამ თუ მოხდა საოცრება და ქართველი ამომრჩეველი არ გამოვიდა უბანზე და მოხდა ისე, რომ გაიმართა მეორე ტური, მე აღარ ვხედავ აზრს ასეთ შემთხვევაში, რომ პოლიტიკაში ძალიან აქტიურად ჩართული დავრჩე. მეორე ტური აღარ არის შესაძლებელი, მაგრამ საოცრების შემთხვევაში, მე საოცრებაში მონაწილეობას აღარ მივიღებ. უნდა თუ არა საქართველოს ის პოლიტიკური სისტემა, რომელიც დავძლიეთ, ამ კითხვის დასმაც კი შეურაცხყოფად მიმაჩნია. ყველამ კარგად იცის, რომ არჩევნები მოგებული გვაქვს, მათ შორის, ჩვენმა ყველაზე გაუწონასწორებელმა ოპონენტებმაც კი,“ - განაცხადა „ქართული ოცნების“ საპრეზიდენტო კანდიდატმა.

 


***


პრემიერ-მინისტრისა და მმართველის კოალიციის საპრეზიდენტო კანდიდატის ეს განცხადება მეორე ტურში მონაწილეობასთან დაკავშირებით, მაშინვე გააკრიტიკა ოპოზიციამ. „ამომრჩეველზე გარკვეული ტიპის ზეწოლა და მის მიმართ წაყენებული ულტიმატუმია“ - ასე შეაფასა საპარლამენტო უმცირესობის ლიდერმა და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საპრეზიდენტო კანდიდატმა დავით ბაქრაძემ მარგველაშვილის განცხადება.


„მიმაჩნია, რომ ეს არის გარკვეული ტიპის ზეწოლა ამომრჩეველზე, ამომრჩევლის მიმართ წაყენებული ულტიმატუმი, რომ თუ არ დამიჭერთ მხარს და არ გავალ პირველივე ტურში, მაშინ თქვენ თვითონვე დაკარგათ იმ ხმებს, რომელიც მომეცით. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ ეს არის უპატივცემულობა ამომრჩევლის მიმართ. მე მინდა, ვუთხრა ჩემს ამომრჩეველს, რომ ჩემთვის ძვირფასია თითოეული თქვენგანის ხმა და რამდენი პროცენტიც არ უნდა ავიღო, მე გავუფრთხილდები თითოეული თქვენგანის ხმას,“ - განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ პრეზიდენტობის კანდიდატმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში გამართულ დებატებში.


პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი კი პრემიერ-მინისტრის მიერ გაკეთებულ განცხადებას იმის შესახებ, რომ არჩევნების მეორე ტურის შემთხვევაში, ის მარგველაშვილს ურჩევს, მასში მონაწილეობა არ მიიღოს, ქუთაისში ყოფნისას გამოეხმაურა.


„რას ნიშნავს მეორე ტურში თუ გადავა, მონაწილეობა არ უნდა მიიღოს. ეს არის იმ ამომრჩევლების იმედების გაცრუება, რომლებმაც მას პირველ ტურში მხარი დაუჭირეს,“ - განაცხადა სააკაშვილმა.


„ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის“ საპრეზიდენტო კანდიდატის, გიორგი თარგამაძის შეფასებით კი, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში დამაჯერებელი გამარჯვებიდან ერთი წლის შემდეგ ბიძინა ივანიშვილის ასეთი ტონით საუბარი ამომრჩეველთან, მეტყველებს იმაზე, რომ „ქართულ ოცნებას“ და მის კანდიდატს ძალიან სერიოზული პრობლემები აქვს პირველ ტურში გამარჯვებასთან დაკავშირებით.


„ეს თავდაჯერებულობა კი არა თავდაუჯერებლობის და სისუსტის გამოხატულებაა, როდესაც პრემიერ-მინისტრი ხალხს აშანტაჟებს და ამომრჩეველზე პირდაპირ პოლიტიკურ ზეწოლას ახდენს. შანტაჟი კი უკვე მეტყველებს სისუსტეზე, ზეწოლა მეტყველებს იმაზე, რომ მეორე ტურის ალბათობა მართლა ძალიან დიდია და ივანიშვილი და მისი შტაბი იძულებულია, მიმართოს ზუსტად მოსახლეობის არჩევანზე ზემოქმედების, აი, ასეთ უპრეცენდენტო და მიუღებელ მეთოდებს,“ - განაცხადა გიორგი თარგამაძემ.

კრიტიკოსების პასუხად, კომენტარი გააკეთა პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა და აღნიშნა, რომ ბიძინა ივანიშვილისა და გიორგი მარგველაშვილის გამონათქვამები მეორე ტურთან დაკავშირებით მეტაფორული იყო.

„მეორე ტურთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ კანდიდატის, გიორგი მარგველაშვილის ფრაზა იყო სრული მეტაფორა, რაც მიანიშნებს მის დამოკიდებულებასა და რწმენაზე, რომ პირველივე ტურში გაიმარჯვებს.


მეორე მხრივ, ეს მიანიშნებს იმ დამოკიდებულებაზეც, რომ მას დაბადებიდან კი არ უოცნებია პრეზიდენტობაზე, არამედ მზად არის, ეს ფუნქცია შეასრულოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ხალხის ნდობას მოიპოვებს. ვფქრობ, ეს სწორია,“ - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.


საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შეფასებით, ასევე მეტაფორა იყო ბიძინა ივანიშვილის რჩევაც, რომ მეორე ტურის შემთხვევაში, უმჯობესია, მარგველაშვილმა არჩევნებში მონაწილეობა არ მიიღოს.


„ესეც იყო მეტაფორა და არა ის, რომ აუცილებლად ასე მოხდება. თუ დავუკვირდებით, ყველა კანდიდატი თავის დამოკიდებულებას აცხადებს არჩევნების თაობაზე. მაგალითად, გუშინ ორი კანდიდატისგან მოვისმინე, რომ 50% გარანტირებული აქვს, მათ შორის, არა მათგან, ვიზეც ზოგადად საუბრობენ, რომ საპრიზო ადგილებზე გადიან. ბრძოლაა, კონკურენციაა და კანდიდატები თავიანთ დამოკიდებულებას და მოლოდინს გამოხატავენ სხვადასხვა ფორმით და არავითარ შემთხვევაში ეს არ ნიშნავს იმას, რომ ყველა ეს სიტყვა პირდაპირი მნიშვნელობით უნდა გავიგოთ,“ - აღნიშნა უსუფაშვილმა.


 

***


„არ არის კარგი, როცა კანდიდატს ასეთ რჩევას აძლევ, ყველა კანდიდატი დამოუკიდებელი უნდა იყოს“ - განაცხადა „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ აღმასრულებელმა დირექტორმა ეკა გიგაურმა. მისივე თქმით, საქართველოს კანონში არ არის გაწერილი, რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ მეორე ტურში გადასული კანდიდატი არჩევნებში მონაწილეობაზე უარს იტყვის.


„ყველაზე დიდი პრობლემა ის იქნება, რომ ჩვენ კანონში კონკრეტულად არ არის გაწერილი, რა უნდა მოხდეს, თუ მეორე ტურში გადასული კანდიდატი არჩევნებში მონაწილეობაზე უარს იტყვის. შესაბამისად, ჩვენ ორი არჩევანის საშუალება გვექნება, პირველი - დარჩეს ის ერთი ადამიანი, რომელიც გავა მეორე ტურში და მაშინ ერთი ხმის მიღების შემთხვევაშიც გამარჯვებული იქნება და მეორე - შემდგომი ორი საუკეთესო შედეგის მქონე კანდიდატმა მონაწილეობა მიიღოს მეორე ტურში. იმის გამო, რომ კანონში ეს არ არის გაწერილი, ყველაზე ლოგიკური გადაწყვეტილება იქნება მეორე ვარიანტი,“ - განაცხადა გიგაურმა.


ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, თამარ ჟვანიას განცხადებით კი კანონმდებლობა იძლევა საშუალებას, რომ მეორე ტურში ერთი მონაწილით ჩატარდეს არჩევნები.


„საქართველოს კანონმდებლობით საპრეზიდენტო არჩევნები ორტურიანი საარჩევნო სისტემით ტარდება. მეორე ტური კი იმ შემთხვევაში იმართება, თუ პირველ ტურში კანდიდატმააბსოლუტური უმრავლესობის 50+1% ხმა ვერ დააგროვა. იმ შემთხვევაში, თუ ეს არ მოხდა, მეორე ტურში ორი საუკეთესო შედეგის მქონე კანდიდატი გადადის. მე ასეთი შემთხვევა პრაქტიკაში არ მახსოვს, მაგრამ თუ რომელიმე კანდიდატმა კანდიდატურა მოხსნა, მეორე ტურში გადადის ის დარჩენილი ერთი კანდიდატი. ხელახალი არჩევნები კანონმდებლობით იმართება იმ შემთხვევაში, თუ ორი საუკეთესო მეორე ტურში გადასული კანდიდატი მოხსნის კანდიდატურას, სხვა შემთხვევაში თუ ერთი მაინც დარჩა მეორე ტურში, კანონმდებლობა იძლევა საშუალებას, რომ მეორე ტურში ერთი მონაწილით ჩატარდეს არჩევნები. მეორე ტურში დადგენილი ზღვარი არ არსებობს, ის, უბრალოდ, მიიღებს ხმებს და გაიმაჯვებს,“ - განაცხადა ცესკო-ს თავმჯდომარემ.


ამრიგად, კანონმდებლობა იძლევა იმის საშუალებას, რომ მეორე ტური გიორგი მარგველაშვილის გარეშე ჩატარდეს. გახდება თუ არა საჭირო მეორე ტური საპრეზიდენტო არჩევნებში და მოუხდება თუ არა „ქართული ოცნების“ საპრეზიდენტო კანდიდატს თავისი დაპირების შესრულება, ამას უკვე 27 ოქტომბერი აჩვენებს.


 

 

 

'.$TEXT['print'].'
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია