საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
ემიგრანტობის მოკრძალებული ხიბლი
ემიგრანტობის მოკრძალებული ხიბლი
სულ ნანახია 1227
ავტორი:
მსგავსი სიახლეები

პატარა ქალაქია ქუთაისი, მართლაც ყველა ყველას იცნობს. ჰოდა, მით უფრო შესამჩნევია , რომ  ქუჩებში აღარ გვხვდებიან  ნაცნობი სახეები- მეგობრები, ნათესავები, კლასელები, თანამშრომლები, მეზობლები, უბრალოდ ნაცნობები. მოიკითხავ და  საბერძნეთშიაო, იტალიაშიაო, ესპანეთშიაო, თურქეთშიაო...

ირმა მაღლაფერიძესაც ბევრი იცნობს ქუთაისში, იცნობს და უყვარს ეს კეთილშობილებით გამორჩეული ქალბატონი. ირმა წლების მანძილზე გაზეთ „იმერეთის მოამბეში“ მუშაობდა და რედაქციის ყველა სტუმარს პირველი სწორედ ის მასპინძლობდა. ირმას დიდი დამსახურებაც იყო ის სასიამოვნო გარემო, რაც მაშინ „იმერეთის მოამბეში“ იგრძნობოდა. 10 წლის უკან ისიც ემიგრაციის რთულ და მძიმე გზა-სავალს  დაადგა.  საბედნიეროდ, მას გაუმართლა, კარგ ადამიანებს შეხვდა. როგორ ცხოვრობს იტალიაში, რას განიცდის და რას ფიქრობს, ამაზე თავად ირმა გიამბობთ:

 -წლების წინ, როცა ქუთაისში, თეთრ ხიდზე, „პიკასოს ბიჭის“ ქანდაკებასთან ჩავივლიდი, ვერც კი ვიფიქრებდი, რომ როდესმე საფრანგეთში, იმ სახლში მოვხვდებოდი, სადაც  პიკასო ცხოვრობდა.  ვერც იმას წარმოვიდგენდი ვერასდროს, რომ  ვნახავდი პიზას, ვენეციას, ფლორენციას, მილანს, რომს...

„იმერეთის მოამბის“ რედაქციაში, საგაზეთო სტატიებზე მუშაობისას , როცა უნებლიეთ მაინც გაგვეპარებოდა დასანანი შეცდომები ქართულ ენაში, ვინმეს რომ ეთქვა, რამდენიმე წელში იტალიურად ისაუბრებო, უკბილო ხუმრობად ჩავთვლიდი.

მაგრამ, ცხოვრება მოულოდნელობებით ყოფილა სავსე და 10  წლის წინ,  მრავალი ჩემი თანამემამულის მსგავსად, მეც შორეული ქვეყნების გზას დავადექი. იტალია აღმოჩნდა ჩემი თავშესაფარი.

რთული და მძიმეა ემიგრანტის ცხოვრება უცხო ქვეყანაში, მარტოსულად გრძნობ თავს, გენატრება ყველა და ყველაფერი, რაც სამშობლოში დატოვე.

და ასეთ დროს, სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს, ვის შეგახვედრებს ბედი, როგორ ადამიანებთან მოგიწევს ურთიერთობა.

მე გამიმართლა! 10 წლის მანძილზე, თითქმის ყველა იტალიელი, ვისთანაც კი მუშაობა და ურთიერთობა მომიწია, კარგი ადამიანი აღმოჩნდა, რაც მნიშვნელოვნად მიიოლებდა ემიგრანტობის სიმძიმეს.

5 წლის წინ მე დედა გავხდი. მხოლოდ 4, 5  თვე ვზრდიდი ჩემს პატარა კარლიტოს  ქუთაისში, შემდეგ იტალიაში დავბრუნდი, მეუღლესთან ერთად, ისევ ბავშვის უკეთესი მომავლის გამო. ყველა დედა მიმიხვდება, რას ნიშნავს ჩვილი ბავშვის დატოვება, გაუსაძლისი მონატრების დაძლევა...

1 წლის წინ სამუშაო ადგილი შევიცვალე  და ლეკოს პროვინციაში, ქალაქ ვიგანოში სინიორ სირტორის დიდ სახლში დავიდე ბინა.

სინიორ ტინო სირტორი 92 წლისაა, თუმცა წლების სიმრავლე ხელს არ უშლის, ცხოვრებით დატკბეს, იმოგზაუროს შვილებთან ერთად. მისი ქალიშვილი, როსელა  სირტორი და სიძე ფრანკო ბრინი, ლეკოს პროვინციის წარჩინებული და პატივსაცემი ადამიანები არიან.

სინიორა როსელა მომხიბვლელი, სათნო და კეთილი იტალიელი ქალბატონია, ხალისიანი და ყურადღებიანი.  მას თავისი ბიზნესი აქვს- ფლობს ჯაჭვების დამამზადებელ დიდ ქარხნებს მსოფლიოს რამდენიმე  ქალაქში.  მისი მეუღლე, სინიორ ფრანკო  მთელს პროვინციაში ცნობილი და პატივსაცემი ნოტარიუსია.

მათ ოჯახში მოხვედრის პირველივე დღეებიდან მივხვდი, რა დიდებულ ადამიანებთან მომიწია შეხვერდა. ამ ოჯახის ყველა წევრი ცდილობს, ადამიანად მაგრძნობინოს თავი და სათანადოდ დააფასონ ის შრომა, რასაც მე მათ სახლში ვეწევი. გულისხმიერი და კეთილი ადამიანები არიან. როცა გაიგეს, რომ პატარა შვილი მყავს საქართველოში დატოვებული, კიდევ უფრო მეტი კეთილგანწობა გამოიჩინეს ჩემს მიმართ.

ამ ზაფხულში სინიორ სირტორი შვილებმა საფრანგეთში წაიყვანეს სამოგზაუროდ, მეც თან მიახლეს.

არასდროს დამავიწყდება ეს ერთკვირიანი საოცარი მოგზაურობა.  იქ ვნახე უძველესი, 981 წელს აშენებული სანტა მარიას ეკლესია, რომლისკენაც მიმავალი გზა საოცრად ჰგავდა გელათის მონასტრისკენ მიმავალ გზას. განსაკუთრებით შთამბეჭდავი იყო სოფელი, რომელიც დღემდე ზუსტად ისეა შემონახული, როგორც ის დატოვეს ფაშისტებმა- აოხრებული და დარბეული, მეორე მსოფლიო ომის დროს.

ულამაზეს სანაპიროზე, ხმელთაშუა ზღვაში, ვნახე მსოფლიოში უდიდესი და ყველაზე ძვირადღირებული იახტა, სირტორებთან ერთად ფეხით შემოვიარე უძველესი პატარა ფრანგული ქალაქები და სოფლები.

ჩემთვის დიდი სიურპიზი იყო, როცა  პიკასოს სახლში აღმოვჩნდით.  პიკასოს სახლ-მუზეუმს ანტიბეში ყოველდღიურად ასობით ტურისტი და პიკასოს შემოქმედების თაყვანისმცემელი სტუმრობს.

საფრნგეთიდან წარუშლელი შთაბეჭდილებებით სავსე დავბრუნდი.   სინიორ სირტორის ახლაც ხშირად ვესაუბრები ამ მოგზაურობაზე.

რომ არა ეს დიდებული ოჯახი, პიკასო ჩემთვის ისევ მხოლოდ ქუთაისში, თეთრ ხიდზე არსებული „პიკასოს ბიჭის“ ქანდაკებით იქნებოდა  ნაცნობი.

მინდა, ეს მადლიერება ემიგრანტი ქართველი ქალისა ვაგრძნობინო ამ ოჯახს და სიკეთით გადავუხადო ყველა იმ სიხარულისთვის, რაც მათ მე მომანიჭეს. თუმცა, მაინც მოუთმენლად ველი იმ დღეს, როცა ჩემს მშობლიურ ქუთაისს საბოლოოდ დავუბრუნდები.

 

 

ირმა მარდალეიშვილი

'.$TEXT['print'].'
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2019 საავტორო უფლებები დაცულია