დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ქარ­თუ­ლი სიტყვა ის­რა­ე­ლი­დან
ქარ­თუ­ლი სიტყვა ის­რა­ე­ლი­დან
ავტორი: psnews.ge
სულ ნანახია 5122
ავტორი:
psnews.ge

დიდი ხანი არ არის, რაც ქალაქ ონში, იქ, სადაც ისრაელში ასვლამდე 8 ათეულ წელიწადზე მეტ ხანს ცხოვრობდა დანიელ ხახიაშვილი, მისი სახლ-მუზეუმი გაიხსნა. ამით ონელებმა, მთელ ქართველ ხალხთან ერთად, პატივი მიაგეს პოეტს, რომლის ყველა წიგნში საქართველოსა და ქართველი ხალხისადმი მიძღვნილი მრავალი გულშიჩამწვდომი სტრიქონია, მათ შორის ასეთი მარად დაუვიწყარი: „რამდენი ღამეც უცხოეთში გავათიე, იმდენი სიზმრად საქართველო ვნახე.“

ამ განწყობითაა გაჟღენთილი ის მომცრო წერილიც, რომელიც ქუთაისისადმი მიძღვნილ ლექსთან ერთად ისრაელიდან გამომიგზავნა:

„სულ მინდა დაგიკავშირდე და ვერ მოვახერხე, - მწერს იგი, - ძლიერ დავუძლურდი და წერილსაც ძლივს ვწერ. გიგზავნი ქუთაისისადმი მიძღვნილ ჩემს ერთ ლექსს (ალბათ, საბოლოოს). გთხოვ, დამიბეჭდო თქვენს გაზეთში და როგორმე გამომიგზავნო, თუ მომისწრო.“

იმის მიუხედავად, რომ ჩემი საავტორო გაზეთი „სარკმელი საქართველოსი“ უკვე ვეღარ გამოდის, ჩემს მხცოვან მეგობარს სურვილს მაინც ვუსრულებ და მის ლექსს თქვენს გაზეთს ვუგზავნი.

სათქმელი მაინც მრჩება მკითხველებთან, განსაკუთრებით კი პოეზიის მოყვარულებთან: ეგებ თქვენც გაუგზავნოთ წერილები ორი მოძმე ხალხის ოცდაექვსსაუკუნოვანი მეგობრობის ტრუბადურს?!

ეს პოეტს ძალას შემატებს და სიცოცხლეს გაუხანგრძლივებს. დანიელ ხახიაშვილის მისამართია: ისრაელი, ქალაქი ბეერშავა, მივცაიობას ქუჩა, ?43, ბინა ?809. ტელეფონი: 050-308-27-61. ნუ დავივიწყებთ და ჩვენც არასდროს დაგვივიწყებენ.

 

ალექსანდრე შენგელია

 

 

ქუთაისო!

 

ქუთაისო, ქუთაისო,

სალოცავ ხარ-

მადლი ღვთისო,

შენ მზის აღმოხდომა ხარ და

იმედი ხარ მომავლისო!

 

ქუთაისო, ქუთაისო,

წალკოტი ხარ ედემისო,

ერთგულების ქომაგი ხარ,

სიყვარულის დასაწყისო.

სულ სტუმართა მიმღები ხარ,

სულ ფრთები ხარ შევარდნისო,

გახსნილი გაქვს გულიც, ქისაც,

დამხმარე ხარ ქვრივ-ობლისო...

 

ხან მტრედების ღუღუნი ხარ,

ხან სტვენა ხარ ბულბულისა,

ხან რიონის ტალღა გკოცნის,

ხან ტაძარი ბაგრატისა,

ხან აკაკის ჩონგური ხარ,

ხან ლექსები ტაბიძისა,

მესხიშვილის თეატრი ხარ

ბაღის კიდის დასაწყისთან,

ჯაჭვის ხიდით მოდის შენთან

მკვიდრი რაჭა-ლეჩხუმისა.

 

შენ ქართული ქალაქი ხარ,

იმერელთა საბრძანისო,

შემოგყურებს სათაფლია

და ბაღჩები ქვიტირისო,

საფიცარად გყოფნის მადლი

ათენად ქმნილ გელათისო,

აქ საძვალე არის წმიდა

მეფეთ-მეფე დავითისო,

ხალხი ახლაც გაიძახის -

თამარ მეფეც აქ არისო...

ნათელ იყოს, ნათელ იყოს,

ორთავენი არის ღვთისო!

 

*** 

 

ახლოს არის საფიჩხია,

ებრაელთა საცხოვრისად,

რა გინდა, რომ აქ არ იყოს:

კიტრი, ხურმა, ჩირი მსხლისა...

იმერელთა მოწეული

ტუჩდამსკდარი ბროწეული...

 

ტანსაცმელს კი ნუღარ იტყვი,

არის მეფის საკადრისი,

თეთრი კაბა პატარძლისთვის,

ჩიხტიკოპი დედოფლისთვის,

ნეფისათვის პიჯაკი და

გერმანული ლურჯი ჯინსი,

გინდ ნაღდ ფულზე,

გინდ ნისიად

შეიძინეთ, ვინც ხართ ღირსი!

 

შემოგევლეთ, გენაცვალეთ,

სიტკბოდ ქიშმიშს გიყრით პირში,

სულ სალხინოდ გაგეცვითოთ,

არ გქონოდეთ რამეს შიში...

 

*** 

 

ზღაპარ იყო, ზღაპარ იყო,

წყალში თევზი დამხრჩვალიყო! -

მართლა თევზი არ გეგონოთ,

მეც შვილი ვარ თქვენი მხრისა,

ცხრა მთას იქით ვცხოვრობ, მაგრამ,

მონატრების ცრემლი მდისა.

სიზმარ-ცხადად სულ შენ გხედავ,

საყვარელო ქუთაისო,

მუხლმოდრეკით გევედრები,

არასოდეს გამასხვისო!

 

დანიელ ხახიაშვილი,

 

ისრაელი, ბეერშავა

'.$TEXT['print'].'
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია