საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
როკოს ბლოგი: მომავალი არჩევნები - დილემა ,,ოცნებისა” და ,,ნაცმოსათვის”
16 ნოემბერი, 2013
როკოს ბლოგი: მომავალი არჩევნები - დილემა ,,ოცნებისა” და ,,ნაცმოსათვის”
გაერთიანებები და დაშლა პოლიტიკური პარტიებისათვის დამახასიათებელია. არც პარტიიდან პარტიებში თუ ბლოკებში დიდი გადასვლა-გადმოსვლებია უცხო. უკვე ასეთი რამ აღარ გვიკვირს. ძირითადად, ეს ალბათ ,,მორბენლების”პოლიტიკურ კურსთან კი არა, საკუთარი კეთილდღეობისთვის ბრძოლასთან უფრო ასოცირდება.
 წინააღმდეგ შემთხვევაში, მემარჯვენე ვერ გახდებოდა მეოცნებე (საგანელიძეზეა საუბარი), ასევე, ზვიადისტები ვერ მოიცვამდნენ ,,მიშისტების” მანტიას, ისევე, როგორც შედარებით ,,წვრილი” პოლიტიკოსები ვერ მოირგებდნენ მათთვის შეუფერებელ უზარმაზარ კოსტიუმებს (აქ რა მოსატანია, მაგრამ კოსტიუმის გამო გამახსენდა, მომავალ შს მინისტრს ორი ზომით ნაკლები კოსტიუმი ეცვაო, ჭორაობდა სოციალური ქსელები).
თვით უინსტონ ჩერჩილსაც გამოუცვლია პოლიტიკური პარტიაო, სანიმუშოდ მოაქვთ  მოხტუნავე პოლიტიკოსებს ბრიტანეთის გამორჩეული პრემიერის საქციელი. მართალია, ჩერჩილი რენეგატი იყო, მაგრამ ქართველებმა უფრო მეტი ,,გაპრავება” მოუძებნეს პოლიტიკურ ბოდიალს _,,ჭეშმარიტებას ვეძებთ!”
 თუ ვინმე დამეკითხება, ჭეშმარიტებას კი არა, მატერიალურ კეთილდღეობას დაეძებენ და ამომრჩევლებიც ვტყუვდებით, ვაკეთებთ არჩევანს ემოციით, იმედითა და ოცნებით.
 უკვე აქსიომად ჩამოყალიბდა აზრი, რომ ბევრმა ადამიანმა აუხდენელი ოცნება აიხდინა: ზოგი პარლამენტის დახუთულ დარბაზებში ზედმეტად ბრძნული ანფასით დააბიჯებს, ზოგსაც ტრიბუნა მიეცა თავმოსაწონებლად, ბევრსაც სამინისტროების კონდიცირებულ კაბინეტებში ფეისბუქი აქვს და ჩუმ_ჩუმად პორნოგრაფიულ ვებგვერდებსაც ათვალიერებს თურმე. 
პორნოგრაფიას კი არა, ,,სვარკას” უყურონ, თუ უნდათ, მაგრამ შეასრულონ მოვალეობა სამუშაო პერიოდში. არაერთ ჩინოვნიკს დაინახავთ ,,ანთებულს ჩათში” დილის 9 საათიდან საღამოს 6 საათამდე, ამას მინიმუმ სამუშაო დროის არარაციონალურად გამოყენება ჰქვია, რაც კომუნისტური ეპოქიდან ნაშთად გადმოგვყვა: სადაც მატერიალურ ქონებას ვერ ვაწვდენდით ხელს, იქ დროს ვიპარავდით. 
აშკარად დაეტყო იმედგაცრუებულ პოლიტიკურ ძალებს გულისწყრომა იმაზე, რომ სახელისუფლებო დონემდე ვერ ,,ამაღლდნენ”. ანუ მათ დაეკარგათ ის წარმოდგენითი  პრივილეგიები, რითაც სარგებლობენ ახლა ,,ოცნებისა” და ,,ნაცმოძის” სახეები.
რატომ აპირებენ გაერთიანებას არასაპარლამენტო პარტიები? ისინი ამით ხომ არ ებღაუჭებიან იმედს, რომ ოდესმე სხვის ადგილს დაიჭერენ? მოახერხებენ თუ არა გაერთიანებას, ამის ანალიზი ძნელი არ არის.
 ბურჯანაძისა და ნათელაშვილის ამბიცია სხვასთან გაერთიანებას გამორიცხავს. მათ თუ რომელიმე პოლიტიკური ფიგურა ან სახე შეუერთდება, თანახმა იქნებიან. ამ ორ პოლიტიკოსს უკვე ჩამოუყალიბდა პრეტენზიული პოლიტიკური ,,მანია გრანდიოზა”. 
ნათელაშვილი თანხმდება ერთ პოზიტიურ იდეას: მემარცხენე, მემარჯვენე და ცენტრისტული პარტიები გაერთიანდნენ, რათა არ დაიკარგოს ელექტორატი. სამწუხაროდ, ეს ვერ მოხერხდება ქვეყანაში, სადაც 500-მდე პარტიაა და ვერავინ გაიგებს, როდის შეცვლიან თავიანთ პოზიციებსა და იდეოლოგიას. 
მახსოვს, ,,ახალმა მემარჯვენეებმა” ისეთი არამდგრადი პოლიტიკური იდეური კოლაჟი წარმოადგინა ბოლო ათწლეულებში, რომ თითქმის სულ დაკარგეს ელექტორატი. 
კუკავას პარტიას ყველაზე ,,დიდ გრეხად” ივანიშვილისადმი რევერანსული დამოკიდებულება დაუწუნეს, ნათელაშვილსა და უფრო მეტად კიდევ ბურჯანაძეს _ მემარცხენე-რევანშისტული პოზიცია. ბაღათურიამ უკვე განაცხადა, რომ მის ელექტორატს ვერ შეუერთებენ ლეიბორისტებისას, ან ქრისტიან-დემოკრატების ამომრჩევლებს.
 მესამე პოლიტიკური ცენტრის არსებობა საჭიროა, რადგან ,,ნაციონალური მოძრაობა” ნელ-ნელა ასპარეზიდან გავა, ან ტრანსფორმირდება და სხვა ძალად ჩამოყალიბდება, ყველაზე უკეთეს შემთხვევაში.
 მოსყიდვებსა და დაშინებაზე არსებული პოლიტიკური გუნდი ნელ-ნელა კარგავს გავლენას, ,,ქართულ ოცნებას”, რომელმაც არაერთი შეცდომა დაუშვა, სჭირდება ოპონირება, რათა მეორე ,,ნაციონალური მოძრაობა” არ მივიღოთ ამჟამინდელი მმართველი პოლიტიკური ძალისაგან. 
მესამე ცენტრის იდეა კახა კუკავასაგან (და არა მარტო მისი) ერთობ ადეკვატურია. თუნდაც ,,ნაციონალურმა მოძრაობამ” რებრენდინგი მოახერხოს, მაინც საჭიროა თვით გაოპოზიციონერებული ,,ნაცების” სხვა ძალით ჩანაცვლება, ეს საზოგადოების დიდი ნაწილის სურვილია. 
რამდენად შეძლებენ ამბიციური ადამიანები, პოლიტიკოსები, უკანა პლანზე გადასვლას და ძლიერი ლიდერის წამოტივტივებას, მარტივი ასახსნელია. წარმოიდგენთ ოდესმე, რომ ბურჯანაძე, კუკავა, ბაღათურია, ასათიანი ან სხვა ლიდერი სხვას დაუთმობს პირველობას თუნდაც ჯერ კიდევ შეუქმნელ ,,მესამე ცენტრში?”
 ,,გრეჩიხას” გუნდი, როგორც ერთ-ერთი საუკეთესო პოლიტიკური გაერთიანება, ან კიდევ სხვა პოლიტიკური გაერთიანება, სწრაფად დაიშალა. ,,ქართულ ოცნებას”, როგორც კოალიციას, მანამდე არ ემუქრება დაშლა, ვიდრე ივანიშვილის მენეჯმენტს სურს ერთობა.
 ჯერ კიდევ მოქმედი პრემიერის ფაქტორის შესუსტების შემდეგ უკვე დაიწყება ,,საოცნებო ვინეგრეტის ამჟავება”, მაგრამ მის დაშლამდე ბევრი პოლიტიკური ძალა სამუდამოდ დაავიწყდება ამომრჩეველს.
 მესამე პოლიტიკური ცენტრის წარმოქმნაც დროებითი იქნება, მერე ინდივიდუალიზმი და ამბიციურობა აუცილებლად თავისას იზამს და დაიშლებიან. თუნდაც დროებითი გაერთიანება მომავალ ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებზე ,,ოცნებასაც” და ,,ნაცმოსაც” გვარიან თავსატეხს გაუჩენს. 
ამ უკანასკნელების დანაშაული თუ შეცდომები სწორედ ,,უბიწო-უმანკო” სხვა პოლიტიკური ძალის შანსებს ზრდის და უკვე აცხადებენ იმაზე, რომ პოლიტიკური ტემპერატურა მომავალ მაისში ბევრად უფრო აწეული იქნება საქართველოში, ვიდრე წლევანდელი საპრეზიდენტო არჩევნების დროს იყო.
 სხვანაირად ,,ქართული ოცნება” არ გამოაცხადებდა, რომ მომავალ არჩევნებში ისევ ბლოკურად აპირებს მონაწილეობას. თუ თვითმმართველობის როლი გაიზრდება კანონმდებლობის მიხედვით, მაშინ მუნიციპალური ხელისუფლება ბევრად უფრო ეფექტიანი გახდება. არჩეული ხელისუფალი ზემდგომებისაგან ბევრად უფრო დამოუკიდებელია და პასუხისმგებელია ელექტორატის წინაშე. 
ვისაც უნახავს ამჟამინდელი მუნიციპალური საკრებულოების საქმიანობა, დამეთანხმება, რომ მისი ეფექტიანობა ძალიან დაბალია. სალაყბო დანიშნულებიდან ქმედით ორგანოდ გადაქცევა რეგიონებს, წესით, უნდა წაადგეს და არა პოლიტიკური სიმპათიით შერჩეულ ადამიანებს.
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2019 საავტორო უფლებები დაცულია