დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ზურაბ ვარდიაშვილი: მიჯირყვნილთა სადარდებელი
03 ოქტომბერი, 2013
ზურაბ ვარდიაშვილი: მიჯირყვნილთა სადარდებელი

„კარიდან თუ არ გიშვებენ, - ფანჯრიდან შედი“ - ეს ყოვლად ბანალური ფრაზა-შეგონება ალბათ, ჟურნალისტიკის ფაკულტეტის ნებისმიერი პირველკურსელისთვის კარგად ნაცნობია.

„გამოდით, კარიდან თუ არ გიშვებენ, ფანჯრებიდან გამოდით“ - ვეხვეწებოდი გუშინ ჟურნალისტებს. გულში ოღონდ, აბა იმათ ხმას როგორ მივაწვდენდი, პრემიერ-მინისტრთან ჰქონდათ შეხვედრა. მაღლა, მთაწმინდაზე.

სახელისუფლებო მედია-მასტერკლასს თვალი ბოლომდე ვერ მივადევნე. არა იმიტომ, რომ ჩემი დროის დაკარგვის ღირსად არ მივიჩნიე. უბრალოდ, დარდი შემომაწვა, დავნაღვლიანდი.

საქართველოს საფეხბურთო ნაკრების თამაშისთვის ხომ გიყურებიათ?  დრიბლინგი მაგათ არ იციან, კარში ვერ ურტყამენ, ბურთს ვერ იჩერებენ, შეტევაზე ვერ გადადიან, თავს ვერ იცავენ. მოკლედ, საშინელებაა, მაგრამ ხომ გულშემატკივრობთ მაინც? ასე ვართ მე და ჩვენი ბედკრული ჟურნალისტიკაც.

დიდ პრობლემად არ მიმაჩნია, როდესაც პრემიერ მინისტრი ჟურნალისტებს უხეშ შენიშვნებს ურიგებს...

როდესაც, მათ პროფესიონალიზმის დონეს უწუნებს...

დასცინის, აქილიკებს...

ახსნა-განმარტებას სთხოვს...

საიდანღაციდან იგონებს  საოცარ მედიასტანდარტებს და ცდილობს, ეს მონაგონი ჟურნალისტებს „ასწავლოს“...

პრობლემა ისაა, რომ მცირე გამონაკლისის გარდა, ჟურნალისტები მას ამის საშუალებას აძლევენ.

თუ გუშინდელი შეხვედრის მიზანი მედიის დისკრედიტაცია იყო, პრემიერ-მინისტრს ეს ნამდვილად გამოუვიდა. ჯერ ფორმატიდან დავიწყოთ: რა ერქვა ამას? ბრიფინგი? პრესკონფერენცია? რა მიზანი ჰქონდა შუშის სასახლეში მისულ თითოეულ ჟურნალისტს? ნეტავ წინასწარ იცოდნენ, რა ტიპის შეხვედრაზე მიდიოდნენ? პრესცენტრმა დღის წესრიგი წინასწარ დაუგზავნათ? საერთოდ  ჟურნალისტიკის რა ჟანრია ასე უბრალოდ შეხვედრა და „ბაასი“?

კარგი. ამას თავი გავანებოთ. მიგიწვიეს - წახვედი - შეიკრიბეთ. 16 ტელეჟურნალისტის პირისპირ ზის კაცი, მდიდარი, გავლენიანი, მაგრამ, დალახვროს ეშმაკმა - არც ისე რთული რესპოდენტი.  იმპროვიზატორი, ყოველთვის მოუმზადებელი, ყოველგვარ ქარიზმას მოკლებული, ფაქტების არ მცოდნე, (ან არასწორად მცოდნე) მეტყველების ცუდი მანერით, მოუხეშავი ჟესტიკულაციით, ტრადიციულად სასაცილო წამოცდენებით... ჯერ მარტო ის რად ღირს, „მინისტრებს კრიტიკა მუშაობის ხალისს რომ უკარგავს“ თურმე.

წარმოვიდგინოთ, რომ ეს სპექტაკლი სხვა ქვეყანაში გამართულიყო. რომელიმე საშუალო სტატისტიკური გამოცემის დამწყები ჟურნალისტები პირდაპირი და არაპირდაპირი მნიშვნელობთ ტყავს გააძრობდნენ ასეთ რესპოდენტს. მშვიდად, მარტივად, დაუძაბავად.

ქართული ჟურნალისტიკის ერთ-ერთი უმთავრესი პრობლემა ისაა, რომ კვალიფიციური მედიაკრიტიკა არ არსებობს, - კოლეგიალობის სიწმინდის შებღალვად მიიჩნევა. ეს ბარიერი ჩემთვისაც ნაცნობია, ვერ ვერევი. ამიტომაც ვერ ხედავთ, თუნდაც ამ ბლოგში, სახელებს და გვარებს. ეს ჩემი პრობლემაა, ამ საკითხში მეც მიჯირყვნულად ვგრძნობ თავს. ჩვენი ჟურნალისტების უმრავლესობა ხომ ერთმანეთს იცნობს, მათ  ხშირად ვხვდები ბრიფინგებზე, პრესკონფერენციებზე, ტრენინგებზე, სემინარებზე, ვორქშოპებზე და „გასვლით შეხვედრებზე“. ჩემთვის ცნობილია მათი მუშაობის სტილი, მანერა, დონე...

კარგი ჟურნალისტი ალბათ დეტალურად აღწერდა ყველაფერს, ჟურნალისტიკის ათას ხერხს გამოიყენებდა, პრემიერზე  გაცილებით გემოვნებიანად  დასცინებდა, გააქილიკებდა, მძაფრი კრიტიკის ქარცეცხლში გაატარებდა ყველას, ვინც ამას იმსახურებს. მაგრამ მე არ ვარ კარგი ჟურნალისტი, მიჯირყვნილი ვარ ჩემს წრეში დომინანტური, კოლეგიალურ-კასტურ შეხედულებათა გავლენით. ეგებ ეს ბლოგი იყოს მისგან გათავისუფლების პირველი ნაბიჯი? არ ვიცი. ის კი ვიცი, რომ თუ მედიის კრიტიკა თავად მედიიდან არ წამოვიდა, მუდმივად გაგრძელდება და არასოდეს გამოილევა მიჯირყვნილთა სადარდებელი.

 

ზურაბ ვარდიაშვილის ბლოგი;

"ლიბერალი" http://blogs.liberali.ge

დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია