დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სვანური რეპორტაჟი
09 ივლისი, 2015
სვანური რეპორტაჟი

მსოფლიოში ბევრი ადგილი არაა ისეთი ლამაზი, როგორიც სვანეთია.

 

სვანეთის ნახვის შემდეგ იშვიათად შეიძლება მოეწონოს ადამიანს სხვა მთიანი რეგიონები.

 

გასულ წელს ლამარიას მონახულებისას უფალს ვთხოვე,  მქონოდა იმდენი შესაძლებლობა, რომ  მომავალ წელსაც ვწვეოდი სვანეთს.

 

ბეტონსა და ასფალტში გადაღლილ ორ მეგობარს შევუთანხმდი და დავგეგმეთ ზუგდიდი-მესტია-უშგულის მარშრუტი.

 

სვანეთში კიდევ უფრო მეტად მიმიხაროდა წელს, რადგან თან მოგვყვებოდა ჩემი სოციალური შვილობილი რატი დევდარიანი, რომელსაც წელს გაუმართლა და დავით აღმაშენებლის აკადემიაში ტუროპერატორის სპეციალობის შესწავლა დაიწყო (აკადემიის რექტორმა ნანა ჯიქიამ დაუფიქრებლად გადაწყვიტა რატისთვის სასწავლო კურსის უფასოდ მიღება). სვანი რომ გაგიძღვება სვანეთში და დეტალებს აგიხსნის, ისე ვერცერთი ტურისტული კომპანია ვერ შეძლებს.

 

ქუთაისში თავმოყრილმა ოთხმა „უსაქმურმა“ ჯერ „დაისი“ დავიგემოვნეთ და მერე სედანი მერსედესით გავუყევით ზუგდიდის გზას (არ დაგვიწყოთ ჭკუის სწავლება, მერსედესით რატომ წახვედითო). ზუგდიდში მორცხვობას ვუთხარით „არა“ და ზარანდიებს გავუარეთ დაპირებული ელარჯის „ხარისხის დასადგენად“. ზარანდიებმა ერთხელ კიდევ დაამტკიცეს უდაო ჭეშმარიტება, რომ მეგრულ სამზარეულოს ბადალი არ აქვს, თუმცა მსუბუქი პოლემიკა გაიმართა კოლხთა და სვანს შორის _ ვინ იყო სულგუნის „ავტორი“ და ეს საკითხი ღიად დარჩა მანამდე,  ვიდრე არ გავსინჯავდით სვანურ სულგუნს.

 

ვიდრე სვანეთისკენ დავიძრებოდით, მანამდე „სეპარატისტულ-შოვინისტური“ მეგრული წერილი მივიღე: რა გინდა, ბიჭო, სვანეთში? მარჯვნივ, მარცხნივ, ქვევით, ზევით კოშკები და ხალხიც კოშკი!

 კიდევ კარგი, რომ ადვილად არ ვექცევი სხვისი აზრების გავლენის ქვეშ და უნორმოდ დამძიმებულნი მანქანაში მოვკალათდით. ხაიშამდე მძღოლმა „პასატკა“ ვერ გაითვალისწინა და გზად ჩამოვარდნილ ქვას გადაურა, ქვა აგორდა და ე.წ. კარდანი გაღუნა, თან უკან „დაგვედევნა“ (ქვებსაც გაბრაზება სცოდნია სვანეთში!) და ხელი რომ არ შეგვშლოდა, „გაღუნულები“ დავბრუნდით ზუგდიდში, სადაც წუთებში შეცვალეს დაზიანებული ნაწილი და ერთ დღეში მეორედ ავედით სვანეთში, ოღონდ ამჯერად ბეჩოს ნაცვლად სოფელ ფარში.

 

რატი ფარელია, ოღონდ ახლა ჭუბერის ახლოს სოფლად სგურიშში ცხოვრობს. ბიცოლასთან გამოვათიოთ ღამე, რა კარავი და საძილე ტომარა აგიტყდათო. ნინა ბებო უზარმაზარ ორსართულიან სახლში ცხოვრობს. მაზლის წული გულში ჩაიკრა და თქვა: მე შვილი არ მყავს და ეს პირველი იყო, ვინც ჩვენს სახლში დაიბადაო. მერე მადლობა გვითხრა წვევისთვის, ნანა ჯიქიას შორიდან ლოცვა გაუგზავნა და საჩქაროდ ღომიც მოამზადა, ჭვიშტარიც და თან იმას გვიყვებოდა, როგორ უძღვებოდა სოფელს 1978 წლიდან „ქვეყნის დაქცევამდე“, როგორ ხვდებოდა მინისტრებს და როგორ სცემა დაახლოებით 80 კაცი (არცერთი ქალი) იმის გამო, რომ „ჭედავდნენ“!

 

ულამაზესი სუფრას ხორცეული, ყველეული და მწვანილი ამშვენებდა. ვეძა წყალიც დავაყოლეთ სვანური მარილით შეკაზმულ საკვებს (ღვინოს არ დავძალებივართ), მერე ჟანგბადით ავსებულ სახლის მეორე სართულზე ისე მივეყარეთ გაწკრიალებულ საწოლებში, როგორც ჭერეხი.

 

დილით ნინა ბებო ისევ სამზადისით დაგვხვდა. შეხელდახელებულ სუფრას საკუთარ ცხიმში მოტივტივე სულგუნი ალამაზებდა. ჭვიშტარი კაკლის ფოთლებში გამოეცხოთ და ოდნავ სპეციფიკური გემოთი „მეორე კუჭი მქონდეს ნეტავ“ -ს გათქმევინებდა.

 

დახვეწილმა და რაფინირებულმა „ბარელებმა“ ფრიად მოვხიბლეთ მასპინძელი და მრავალჯერადი „საშვიც“ დავიმსახურეთ. გამომშვიდობებისას ნინამ უშგულელ ნაცნობ ქალთან წერილი გაგვატანა (არ წაგვიკითხავს) და დაგვარიგა, მიაკითხეთ, მოგივლითო. თურმე მარეხი ბაკურაძე იყო ადრესატი, რომელთანაც ისედაც მივდიოდით. მარეხი ბაკურაძე ცნობილი ივდითი ნიჟარაძის რძალია (ეს ის ივდითია, შხარაზე დაღუპული გურამ თიკანაძე რომ დაიტირა და მურმან ლებანიძემ გააცნო პოეზიის ტრფიალთ!).

 

მარეხი ბაკურაძე უშგულში უფრო ცნობილი ადამიანია, ვიდრე უსაქმურობისგან გასუქებული ბევრი პოლიტიკოსი. მის საპატივცემულოდ ბევრს ჰქვია სოფლად მარეხი, რადგან უგზო-უკვლობის და „უბედური დროის“ პერიოდში მარეხი იყო ბებიაქალიც, ქირურგიც და სტომატოლოგიც სოფლად. წარმოიდგინეთ 90-იანი წლები, როცა კარზე მოგადგება კბილმტკივანი, სამშობიარო ტკივილიანი და თუ სხვა კლინიკური ნიშნებით შეწუხებული სვანი! გარშემო მხოლოდ თოვლია და ზემოთ _ ცა! ერთადერთი იმედი კი ამ დროს მარეხია და ისიც მზად იყო გაეწია ის დახმარება ავადმყოფისთვის, რომელსაც ბევრი ულტრათანამედროვე კლინიკაც ვერ გაბედავს ადვილად.

 

უშბა მრავალი რაკურსით მოექცა ჩვენს ფოტოაპარატებში, თუმცა სანახავი ბეჩოში სხვაც ბევრი იყო! საკმაოდ ზორბა, ასაკოვანი ქალი ცხენს მოაყანყალებდა უშბის მხრიდან (ვეძა წყაროდან ბოთლებით სავსე ტომარაც ცხენისთვის მიემაგრებინა) და უკან მკვირცხლი შვიდიოდე წლის ბიჭი მოსდევდა ძუნძულით. ჩანს, რომ იქეთობას ერთად ისხდნენ ცხენზე და აქეთობას კი ტვირთმორეულ ცხენს ჩამოეხსნა პატარა სვანი.

 

მესტიაში მისულებმა ნაცარქიტექტურის ორი შედევრი ვიხილეთ: გაბერილ ბაყაყცხენზე ამხედრებული ვითომთამარი და მესტიის აეროპორტი. იქ თურმე სამშაბათისა და ხუთშაბათის გარდა 65 ლარად დაფრინავს ჩეხური საფრენი აპარატები, რომელსაც ათიოდე ადამიანის გადაყვანა შეუძლია. ამ „თვითმფრინავზე“ გამეგონა, რომ ავიაციაში მას ურემს ეძახდნენ და როცა ვიკითხე მასზე, როგორია-მეთქი, დაცვის „კაცმა“ სვანურად „გაჭედა“: ჩვენ ურმებით დავფრინავთ?!

 

იმერულმა ზრდილობამ და უფრო იმან, რომ კონფლიქტი აუცილებლად ჩვენი წაგებით დასრულდებოდა, დელიკატურად ავუხსენი, რომ ასე ეძახიან და თქვენ რით დაფრინავთ, ეგ არ ვიცი-მეთქი! გაბრაზებულმა სვანმა აქით აგვიხსნა: ასე ფიქრობენ ზოგი, რომ ჩვენ ურმით დავფრინავთო! დამდუღრულებივით გამოვედით გარეთ და მესტიის მუზეუმს უკვე ენაზე კბილდაჭერილები მივადექით. მართლაც და კარგი მუზეუმია. შესანიშნავი კლიმატკონტროლი, გარემო და არაჩვეულებრივი ექსპონატები კარგა ხანს არ „გიშვებს“ გარეთ, მაგრაგამ იცი, რომ წინ გადარეული ენგურის ხეობა, სიყვარულის კოშკი და უშგული გელოდება.

 

„ლავკოშკში“ შესვლა 1 ლარი ღირს. გვიშველა დევდარიანის თანხლებამ: სვანებს არ ახდევინებს ქურდიანის ქალი სახდელებს და თან გვითხრა სვანური ტონალობით, თუ თავიდან მეტყვიან, რომ სვანები ვართ, არ ვახდევინებ ფულს, მაგრამ თუ ჯერ მომცეს და მერე მითხრეს წარმომავლობა, ფულის დაბრუნება მეზარებაო...

 

გზად „ქართველოლოგიის“ საუნივერსიტეტო კურსი გავიხსენე და რატი დევდარიანს ვუთხარი, რომ სვანურში ვ ბგერა არ არსებობს-მეთქი. ჩემმა სოციალურმა შვილობილმა იფიქრა და ვერ გაიხსენა ისეთი სიტყვა, რომელშიც ვ იქნებოდა (და არა უ ბრჯგუ, რომელიც ვ-ს წააგავს) და დაგვჭყივლა: მანქანა გააჩერეთ, ვერ ვაზროვნებო. ეს უკვე ერთი სახალისო შემთხვევა იყო და ჟრიამულით შევყევით უშგულის 46 კილომეტრიან გზას, რომელსაც 4 საათი მოვუნდით, თუმცა თანხმლებთ ხმა არ ამოუღიათ, რადგან შხარა და ლამარია ის კომპოზიციაა, რომლის სანახავად ნახევარი ცხოვრების გაღებაც ღირს.

 

ნიჟარაძეების თითქმის საუკუნოვან სახლში მასპინძლები და ბომბორა ძაღლები დაგვხვდნენ. ძაღლები ტურისტებს ხმას არ სცემენ, კბენაზე ზედმეტია ლაპარაკი (თორემ ზოგი იმხელაა, რომ ხინკალივით გადაყლაპავს ბარიდან ამოსულ ფერწასულ ტურისტებს). მარეხი ბაკურაძემ ორი უზარმაზარი ვედრით რძე შემოიტანა, ზაური ნიჟარაძემ სასწრაფოდ მოგვატარა უზარმაზარი სახლი, რომელსაც ოდესღაც ცნობილი მეცნიერები და მთასვლელები სტუმრობდნენ.

 

კონსტანტინე გამსახურდიას ზვიადისთვის უთქვამს, თუ ოდესმე უშგულში მოხვდები, ნიჟარაძეებისას მიდი და უკეთეს პატივს ვერავინ დაგდებსო (პირველი პრეზიდენტი მართლაც სწვევია მერე მარეხსა და ზაურს).

საბჭოური სიმბოლოებიანი სახლის მთავარი სიმდიდრე სტუმართმოყვარეობაა. 25 სტუმრის მიღება შეუძლია ნიჟარაძეებს. სვანური სულგუნი პიტნით ჩვენს თვალწინ მოამზადა მარეხმა, ხბოს ხორციც შეწვა და უგემრიელესი ლავაშებიც მოგავრთვა. ტურისტებსაც ღებულობენ ოჯახში, სხვანაირად ძნელია. სოფლის ექთნის და ფიზკულტურის (უფრო _ სპორტის) მასწავლებლის ხელფასი რას ეყოფა ამოდენა სახლის მოვლას! თუ სხვაგან 100 ლარამდე აცლიან ჯიბიდან ტურისტებს, ნიჟარაძეებს ასე არ შეუძლიათ. ფრანგებსაც დიდი სიხარულით და მცირე ფასებით ხვდებიან, სვანურ ქუდებს აჩვენებენ, თხა-ჯიხვის ფიტულებზეც გადასვამენ სასურათოდ და კიდევ ბევრ რამეს იხილავ ადამიანი პატარა მუზეუმში, რომელიც ზაურს წლობით შეგროვილი ექსპონატებით შეუდგენია.

 

ზაურს გვიან შეურთავს ცოლი, ქვემო სვანი. ლენტეხიდან მოუყვანია მარეხი და ესეც ბედია უშგულელებისთვის, ვინ იცის, მარეხის ცოდნას და გაბედულებას რამდენი თანხა დაუზოგავს მეზობლებისთვის (მესტიამდე მგზავრობა 200 ლარი ღირს!). სლავი ქალების ხშირი წვევის გამო ზაურს თავგზა აბნეოდა, მაგრამ მერე გამორკვეულა და მედიკოსი ქალი შეურთავს. ახლა ორი შვილის მშობელია ზაური და შესანიშნავი კომუნიკაციის უნარის წყალობით კლიენტები ეკარგება, მაგრამ სჭარბობს მეგობრები და სტუმრები! მეგობარსა და სტუმარს კი ჯიბეზე არ უყურებენ სვანეთში და საარაკო პატივს მიაგებენ კარს მომდგრებს.

 

ლამარია, თამარის კოშკები, შხარა, აფერადებული ფერდობები, ზვავის ნარჩენები და დაბღვერილი ხარ-ძროხაც კოლორიტია უშგულში. წამებში შეგიძლია ყვავილის გვირგვინი მოწნა და შეაგებო მოხეტიალე ებრაელ, გერმანელ თუ უკრაინელ ტურისტ ქალებს (უკვე აღარ გამკვირვებია, რად რჩებოდა უცოლოდ დიდი ხანი ზაური ბატონი უცოლოდ).

 

ჰაწვალზე ასვლის გარეშე უშბას „გემოს ვერ დაატან“ და ავყევით ბაგირგზას. იქაურ „ფასტფუდში“ ისეთი უგემური კუბდარი შემოგვასაღეს ასტრონომიულ ფასად, რომ არა სვანური „ვენდეტას“ შიში, აუცილებლად „გავჭედავდით“ ბარულად! თუმცა, ფეტვიანი ხაჭაპური იყო ძალიან გემრიელი.

 

დრო დადგა და უნდა დავცილებოდით ჰაწვალს. მანამდე მულახის თემში, ბეტონის გზაზე გადმოვარდნილ ნაკადულს შევუშვირე მტვრით მოთხვრილი ტანი. დევდარიანმა გამაფრთხილა, ეს თქვენი, იმერული ბუჭულა ღელე არ გეგონოს, ქვებს მოაგორებს და ე მანდ რბილი ადგილების საფარველიც არ გაგაძროსო. შავსა და წითელ ზღვებს შერკინებული მაინც გულდაგულ შევვარდი ნაკადულში და კინაღამ დაანონსებული სირცხვილი ვჭამე! ძლივს დავიჭირე ხელით ტანის ერთადერთი საფარველი, თორემ მულხურას ხეობაში მას ისევე ვეღარ ვიხილავდი, როგორც საკუთარ ცხვირს სარკის გარეშე!

 

ჭუბერში ნენსკრას ხეობით მივდივართ. მახსენდება, როგორ გადმოვიდა აქ ლტოლვილთა გამწარებული ნაკადი... ჭუბრულა ანუ ნენსკრა ალბათ მალე კაშხალში მოექცევა და ღრიალით ვეღარ გააოცებს ბევრს, თუმცა ელექტრონი იქნება (საკითხავია, ვისთვის?!).

 

ჭუბერში რატი უნდა დავტოვოთ. იქ კიდევ ერთი „ვსტრეჩაა“ დაგეგმილი. სუბარია ჩამოსული მშობლიურ ჭუბერში. ტელეფონით შევთანხმდით და უდროობის გამო წუთიერი შეხვედრის შანსი არ დავკარგეთ. გამინისტრების მერე სოზარს აღარ შევხვედრივარ. სასჯელაღსრულების მინისტრობა მივულოცე ადრე და ვუთხარი, რომ მწვეოდა. მან კიდევ უდროობა მოიმიზეზა და ასე მითხრა: „დააშავე რამე, დაგიჭერენ და ციხეში ხშირად გინახულებ“ _ რას ვიზამთ, ასეთია სვანური და პოლიტიკური იუმორის ნაზავი! მახსენდება, როგორ გაეცნო საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი! და გადაუჭარბებლად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს სუბარმა შეძლო და საპატრიარქოს მერე ყველაზე დიდი რეიტინგი ომბუდსმეის აპარატს გააჩნდა. ამ გახსენებაზე ვიკითხავ, რატომ ჰყავთ პატარა ბელი დატყვევებული ლამარიას ეზოში პატარა გალიით?

 

ვიდრე სუბარი სოფლის ცენტრში მოჯარულ ხალხს მიეახლებოდა, მამის საფლავზე მივიდა (ვისაც სმენია სოზარის მამაზე, ყველა იტყვის, რომ ხეობის იმედი იყო), სასაფლაოდან დაბრუნებულმა ჯერ მხცოვანი სვანები მოიკითხა სვანურად (არ მოკლათ სვანური!) და მერე ორიოდე სიტყვა გავცვალეთ. იქვე „მწარე“ დავხარჯე, ათას მინისტრის პორტფელს ერთი სახალხო დამცველის პოზიცია სჯობს-მეთქი.

 

უშგულამდე გზა თუ გაკეთდა და სვანური ენა, კოშკები და სტუმართმოყვარეობა შევინარჩუნეთ, მაშინ თამამად შეგვეძლება ვთქვათ, რომ ფეხქვეშ მოგვქცევია სამყარო!

 

დაბრუნდები ბარში და უკვე გენატრება სვანეთი, მურყვამებით, ლაჰილით, კვირიკეწმინდათი და კოშკებით.

 

თუ ვინმეს არ გიხილავთ უშგული, არ გინახავთ სვანეთი და ეს ბოლო თუ არ გინახავთ, არ გინახავთ არაფერი. ეცადეთ, რომ ნახოთ ყველაფერი!

 

 

დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია