დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
როკოს ბლოგი - ფშაური რეპორტაჟი
18 ივნისი, 2015
როკოს ბლოგი - ფშაური რეპორტაჟი

 ერთი კარგი საქმის გაკეთება გადავწყვიტე წლის დასაწყისში: ყველაზე „მწვანე“ ჭიათურელი ბავშვები წამეყვანა ჩარგალში. აქვე დავამატებ, რომ თავადაც არ მენახა ვაჟასეული კარ-მიდამო და ამიტომ ჯიბეში ადვილად ჩავიყავი ხელი, ამოვთვალე შესაძლებლობები.ტურისთვის თანხის მეექვსედი მაკლდებოდა. ასეთ დროს იმდენად მოტივირებული ვარ, რომ სირცხვილის გრძნობას სითამამის მუშტს ვაფარებ და აკაკი გურჯიძეს ვთხოვე, „მწვანე“ ბავშვებისთვის თანადგომა მჭირდება-მეთქი. ვიცი, რომ ასეთი მას ბევრჯერ გაუკეთებია და იმედი ხომ ყველაზე გვიან კვდება? იმედი არ გამცრუებია და სრული დაფინანსებით გადიდგულებულმა ეკოგუნდს ვაცნობე, რომ 13 ივნისს მივდიოდით ფშავში.


ვიცოდი, ბავშვობიდან ჩანერგილი   წინასაექსკურსიო უძილობა ვერ დავძლევდი და ამიტომ უკვე დილის 5 საათზე 23 ექსკურსანტი ველოდით მძღოლს. მანაც ჩემი ხასიათის გათვალისწინებით დროულად მოგვაკითხა და ჯერ შიომღვიმეში მიგვიყვანა, მერე _ წიწამურში, ჩარგალსა და ანანურში.


ბავშვებმა შიომღვიმეში მონასტრის კარიბჭის გაღებამდე მიმდებარე ქედზე ფერისცვალების ტაძარი ინახულეს, გაოცდნენ ქართველი და არაქართველი ვანდალების ახალი იკონოგრაფიული და ეპიგრაფიკული „ნაღვაწით“, რომელიც ნახშირის და ლურსმნის დახმარებით „შეუსრულებიათ“.


 სვანეთნანახ ბავშვებს მაინცდამაინც არაგვის ხეობით აღტაცება არ გამოუხატავთ. ენგურის წყალსაცავთან შედარებით ჟინვალის წყალსაცავი გუბურად მოეჩვენათ, ფშაური მთები შხარასთან შედარებით _ ბორცვებად, არაგვის ჭალის ტყე მულახის უსიერთან შდარებით _ ბუჩქნარად.


 გზად  წყაროს წყლის დაგემოვნებისასაც ხშირად წაიბუზღუნეს „ეკობავშვებმა“, რომ სვანური ვეძა წყლები სჯობდა „ნეშოსგემოიან“ ფშაურ წყალს, თუმცა ერთი წყაროს გვერდით მცირე მემორიალი შევნიშნეთ, გადავუღე ფოტო და მხოლოდ ამის შემდეგ დავაკვირდი გარდაცვლილის გვარს. ის 25 წლისა გარდაცვლილა. შემდეგ აღმოჩნდა, რომ მარად ჭაბუკად დარჩენილი ,,ფეისბუკზე“ კარგად ცნობილი გულნარა მიქანაძის მამა ყოფილა...


 ტალახიანი არაგვი აოცებდა ბავშვებს და კითხულობდნენ, წვიმა არ არის და რატომ არის მღვრიეო. არაგვის ქვატალახის ნაკადის მიზეზი ისევ ჩვენივე „სამეურნეო“ მისწრაფებები გახლავთ: მთის ფერდობებზე დაუზოგავად გაუჩეხავთ წიფლნარები, რცხილნარები და ვერხვიანები.  ნუთუ ეს ის ლურჯი არაგვია, მცხეთასთან მტკვრის მღვრიე ნაკადს რომ ებრძვის და არაფერი გამოსდისო, _ იკითხეს პატარებმა.


 მოჯომარდეებს ნიჩაბ-ნავები მოემარჯვებინათ და თავდაღმა მოჰყვებოდნენ არაგვს იმ პლასტმასის ბოთლებივით, რომლებიც უკულტურო ტურისტებს ხელიდან მოუცილებიათ და არაგვის ხეობისთვის „უჩუქებიათ“.


 ფშავის მეგაპოლისად წოდებული მაღაროსკარს ცივილიზაციის კვალი ეტყობა, კაპიტალური და მოვლილი შენობები აქ თვალშისაცემია, თუმცა მალე ჭინჭრითა და კაკლოვნებით შეიცვალა გზის პირის სანახები.


 გზად  უზარმაზარი ზურგჩანთით დამძიმებულ კაცს წამოვეწიეთ. ბავშვებმა ერთხმად დაიძახეს: „წავიყვანოთ, წავიყვანოთ!“ მძღოლმა ზედ ფეხებთან გაუჩერა სახედანაოჭებულ შუახნის მამაკაცს ავტომობილი, მან მოიბოდიშასავით: სულ რაღაც ორი კილომეტრი დამრჩა და რად შეგაწუხოთო. ბავშვები არ მოეშვნენ და თავის ზურგჩანთიანად ძალად ამოტყორცნეს მანქანაში, თან უკვირდათ, ორმოცი კილო მაინც იქნება ეს ტვირთი და რატომ გვეურჩებაო. თანამგზავრმა „მარშუტკა“ წუთების მერე არაგვის პირას გაგვაჩერებინა, ფშაური კილოთი მადლობა გვითხრა.


 სამიოდე კილომეტრში ხელწალდიან ქერა მოხუცს გადავეყარეთ. ბავშვებმა მასაც შესთავაზეს გზის შემოკლება და გაოცებულმა გვითხრა: აქ ტურისტები ჩვენ ტრანსპორტს არ გვიჩერებენ და ახლობლები მეგონეთო. მერე „მარშუტკაში“ პარკებში საგულდაგულოდ შენახულ კვების პროდუქტების ნარჩენებსაც თვალი მოჰკრა და გაიღიმა. სადაველ ხართ? _ იკითხა. ჩვენ არ დაგვიმალავს ჩვენებურობა. მადლობა გვითხრა ჩასვლისას და იმერლებს აკაკის მწარე ნათქვამი „ენას გიწუნებ, ფშაველო“ გაგვახსენა. ეგ საჩხერელმა თქვა, ჩვენ ჭიათურიდან ვართო, _ ერთმა ენაკვიმატმა ბავშვმა იმართლა თავი. ღიმილით დაგვშორდა მოხუცი, კეთილი გზა გვისურვა.


 შუაფხოს გასაყარზე ჩარგლისკენ ავუყევით გზას. შუაფხოსკენ გული მიმიწევს, იქიდან 14 კილომეტრის მოშორებით ჩემი რესპოდენტი ნოდარ ტოხოსაშვილი ცხოვრობს, 18 ძროხას უვლის, ერბო-ხაჭოს ამზადებს, მაჭიკით ყველს აყენებს, ბაღჩეულს უვლის და დროდადრო ინგლისურენოვან წიგნებს უკირკიტებს (საშუალო განათლება აქვს, მაგრამ ინგლისურს ფლობს, უნდა ფშავი შვეიცარიული სოფლების მსგავსი გახადოს, უნდა დენი და კომუნიკაციები ვაკისსოფელში, მაგრამ ჯერ არც დენია იქ, არც _ გზა და ინტერნეტი).


 მოკლედ, 21-ე საუკუნის ალექსანდრე ყაზბეგი შორს დამრჩა, თუმცა ვაჟას ნაკვალევის ნახვაც დიდი ბედნიერებაა. ეს ნაკვალევი არაა ნაფეხურები _ რომ არა ვაჟას სახელი, სავარაუდოდ, ჩარგალში არც გზა იქნება და არც ტურისტი.


 რაზიკაანთ დევის სახლ-მუზეუმთან ასეულობით ტურისტი ირევა.  ტყრუშულ ბუდრუგანაში სალარო მოუწყვიათ. 27-ე ნაკადის 23 ტურისტი ორ საათს ველოდით ვაჟასეული ეზოდან დამთვალიერებელთა გამოსვლას. ეზოში შევაღწიეთ და ფანჯრებიდან შევიჭყიტეთ საქალებოსა და საკაცებოში. რიგს ვერ დავარღვევდით, რიგის დასასრულამდე კიდევ სამი საათი მაინც ლოდინი მოგვიწევდა და ყურებჩამოყრილები ბოსლის დათვალიერებით ვიქცევდით თავს, მერე ფანჯრიდან დანახულს დავჯერდით და „მარშუტკაში“ შევლაგდით.


 სახლ-მუზეუმის არამემორიალურ ნაწილი ერთი გიდი მაინც „დავიჭირეთ“ და ტრაფარეტული ინფორმაციის იქით იმდენი დასტყუეს პატარებმა, რომ ჩემი ფილოლოგიური განათლებაც გვარიანად შეივსო. თურმე ვაჟა ხშირად იყურებოდა მუშტებზე და ერთხელ აბეზარი მეზობელი შუაგულ ტყეში ამოუსუნთქებლად აუყვანია ხელში სააკვანე ბავშვივით, მერე იქ დაუბერტყებია და დაჰბუბუნა თურმე: კაცო, აქ მოვჭერ საუღლე ხე, გავთალ და შენც შეგიძლისავო (თურმე ლექსის წერა შეუწყვეტინებია ამ კაცს უღლის თხოვნით არაერთხელ).


 ვაჟა მხოლოდ აქ წერდა, სხვაგან არ შეეძლოო. იას ეძახდა თავის პირველ ცოლს, კეკესო. კეკეს აფრთხილებდა, ბარელი დიდგვაროვნის უკანონო ასულს, მთაჩი ვერ იცხოვრებო, მაგრამ ეკატერინე ნებიერიძე იძახდა: კი, კიო... მართლაც, ვაჟას აუხდა ავი წინათგრძნობაო... ვაჟას გაგზავნა უნდოდათ გერმანიაში სასწავლებლად და ილიამ არ ქნა, ეგ იქიდან გერმანელ ფილოსოფოსად დაგვიბრუნდება და გინათ მინდია დავკარგოთო?...


 ჩარგალში კვადროციკლებითაც ემსახურებიან ტურისტებს და მოთვინიერებული ცხენებითაც. მოდელირებულ, შორტებიანი ახალგაზრდა ფშაველებს მაინც ეტყობათ მთის ელფერი: გაქანებული მოზვრებივით აბრიალებენ თვალებს და მორიგეობით სვამენ ბარიდან ამოსულებს კვადროციკლსა თუ ცხენებზე.


 ანანური გვიანდელი არქიტექტურული კომპლექსია. ულამაზეს კომპოზიციას თითქოს ანანურელი ულამაზოები და ერეკლე მეორე  აკლია სრულყოფილებისათვის. აქვეა უპატრონობით სახურავჩაქცეული სახლები და ეკლებით დაფარული მცირე ტაძარიც...


 მცხეთა-გორის შუა გზაზე „მწვანეებმა“ პლასტმასის ბოთლების შეგროვება დაიწყეს, თან ხალისობდნენ: ბოთლებს ვაგროვებთ, ბოოოთლეეებს! თითქოს არც არაფერი იყო მცირე ადგილის გაწმენდა, მაგრამ პატარებს გამოუვიდათ ჩანაფიქრი: მოიარეს და მოუარეს!


ბავშვებმა შინ დაბრუნებისას მადლობა გადამიხადეს, იქით აკაკი გურჯიძესთან დამაბარეს სამადლობელი „მწვანე“ მარიამმა, მერაბმა თუ სალომემ.


 ყველას ასე რომ ეფიქრა საქართველოზე, ეგებ არც ვერე წარღვნილიყო... თუმცა, საფიქრალად კიდევ ბევრი გვაქვს და მოვუაროთ და მოვიაროთ ხოლმე!

 

 

დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია