დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
რატომ ვერჩი წითელპომადიან ქართველ ფემინისტებს
11 მარტი, 2015
რატომ ვერჩი წითელპომადიან ქართველ ფემინისტებს

დილა იწყება მარიოტის თამარ მეფის დარბაზში. საუბრის თემა: გენდერული თანასწორობა. ფორმატი: მრგვალი მაგიდა. მოგვიანებით, ქალთა უფლებების მაგიდის აქტივისტები რედისონში გადალაგდებიან, ‘ველქამ ქოfის’ მიირთმევენ და ტრანსგენდერ ქალებზე გააგრძელებენ მსჯელობას. დაბეჭდილია რეპორტიც. ღირსი დედები ნაშუადღევს წინასწარ შეკვეთილ ტაქსებს გამოუძახებენ (რომლებიც ორჯერ ძვირი ღირს, მაგრამ კომfორტულია, ქეშის გადახდა არ გიწევს) და ოფისებს მიაშურებენ.

როდესაც უსამართლობის დიდ კედელს წამოგიმართავენ და შენ ხარ უზრდელი, გაბრაზებული და ანჩხლი  ამის გამო, მათ არასდროს ავიწყდებათ პოლიტკორექტულობაზე მიგითითონ და რომელიმე საშუალო ჯუდით ბატლერი დააციტირონ – ვინ საუბრობს თემის სახელით? – ყელმოღერებული კითხულობს საშუალო ქართველი ფემინისტი ქალი, რომელიც კონფერენციიდან – კონფერენციამდე ჩემოდნის გასუფთავებას ვერ ასწრებს.

მათ სამყაროში ყველაფერი ნორმაშია, ყველა საბუთი გამოწერილი, ჰონორარი დარიგებული, ხმა – მშვიდი, თანამდებობაზე ყოფნა – სამუდამო (ან მინიმუმ 16-20 წელი), სხვისკენ გაშვერილი თითი, ნუ, სხვისკენვე გაშვერილად დარჩენილი.

ისინი არასდროს ჩხუბობენ, თმას მოკლედ იჭრიან, წითლად იღებავენ, მუდამ გონორზე არიან, სხვადასხვა ფონდებში გადანაწილებულნი – დეკემბერში ერთმანეთს აჯილდოებენ,  ფეისბუქით ამარცხებენ მიზოგინიას (ვინმემ იცით ეს ტერმინი? არა? ხო კაი). მათ თითო ლექციის ან ვორკშოპის ფასილიტაციაში 300 ევროს ჰონორარს გამოუწერენ მწვანეებზე ორიენტირებული მწვანე ფონდები.

ისინი ყოველ ზამთარს წავლენ ბაკურიანში, თან იახლებენ 5-6, ერთი და იგივე გოგოს და სტრატეგიული განვითარების ვორკშოპს ჩაატარებინებენ რომელიმე თანადაქალმოაზრეს.

ქარავანი კი მიდის, ქალებს კლავენ იმავე სიხშირით, რა სიხშირითაც ამათი რეპორტები იბეჭდება ძვირადღირებულ მიღებებზე უცხოენოვანი ელჩებისთვის დასარიგებლად. ბროშურის გადაცემის მანერაც როგორი ქალურად მოკრძალებულია? ნახევარ-ტონით, უცხოელ დიპლომატთან მიახლოებისას საბჭოთა ჰომო-სოვიეტიკუსისთვის განუმეორებლად დამახასიათებელი კრძალვით და შეკუმშული ტუჩიდან გამოცრილი ფრაზით: “ზის ის მაი რეპორტ. ჰია, თეიქ. ვიმენ რაითს ა ჰუმან რაითს. სიდოუ. იეს, იეს.”

ამასობაში ასპარეზზე გამოდიან წითელპომადიანი ფემინისტები, ისინი, ვინც ავადსახსენებელ 9 წელს სისტემაში ერთგულად მუშაობდნენ და მთელ მსოფლიოს უმტკიცებდნენ – ციხეში წამება არ ხდებაო. ახლა, ღირსებააღდგენილნი, სისტემას ამარცხებენ. მერე რა რომ თვალით არ უნახავთ როგორ გამოიყურება ძალადობის მსხვერლი ქალი? 9 სანტიმეტრიანებზე ამხედრებულნი რუსთაველზე მშვიდად, წინააღმდეგობის გარეშე გაივლიან (პირველი მანიშნებელი იმისა, რომ კაციშვილი მათ არ ერჩის და იქ არ ებრძვიან პრობლემას, სადაც ცხვირ-პირს დაუნაყავდნენ), საღამოს ბევრი მადლობები და დათაგვები 100 ლარად დაბეჭდილი ბანერის ფონზე, სადაც პარლამენტში მეტი ლუბუტენის შელაგებას ითხოვენ. აბა ახლა ჩემ ზესტაფონელ მეზობელ მანანას რომ მანდ შესვლის ‘პრასვეტი’ არ აქვს ეგ მეც ვიცი, მანანამაც და ამ პრივილეგირებულმა ლუბუტინკამაც.

მეტი ქალი გინდათ პარლამენტში? კი ბატონო: ამოიცვით კალოშები,   წაბრძანდით ყველა თვითმმართველ ერთეულში, სადაც კი ქალის არჩევაა შესაძლებელი და იმუშავეთ ქალებთან და კაცებთან. იმუშავეთ მძიმედ და თავაუწევლად, რათა პირველებმა თავი კანდიდატებად დააყენონ და მეორეებმა ამისთვის ცოლები და დედები სასიკვდილოდ არ დაჩეხონ იმავე საღამოს.

მეტი ქალი გინდათ პარლამენტში? ასწავლეთ ქალებს მეწარმეობა, გაუზიარეთ ემანსიპაციის გამოცდილება, განათლების მიღების აუცილებლობაში დაარწმუნეთ ისინი, საჩუქრად პრეზერვატივები დაუტოვეთ და შემდეგ სხვა სოფელში, დაბასა თუ ქალაქში გადაინაცვლეთ. რუსთაველზე ლამაზი ბანერით გავლა კარგია, მაგრამ პარლამენტში ასე მოყვანილი ეკა ყურშიტაშვილები არავის გვჭირდება. ხოლო ის ქალები, რომლებიც ლიდერობის უნარებს უკვე ავლენენ, არანაირ კვოტირებებს არ საჭიროებენ. პირადად მე რომ შემეძლოს, თითოეულ სოფელში გავმართავდი შეხვედრას. თქვენ ხომ მაინც არავინ გამოგეკიდებათ მოსაკლავად? გამოიყენეთ ეს უპირატესობა.

და თუ მოთხოვნაა, ზრდილობის გულისთვის მაინც მოითხოვეთ მეტი ქალი ეკლესიაში, ქარხნებში, დირექტორებად, მეწარმეებად, საკონტრაქტო ჯარში, პოლიციაში, ნაოსნობაში, საჯარო სამსახურში, ქირურგად, ბანკირად, მენეჯერად. ასევე, მოითხოვეთ მეტი კაცი ბიბლიოთეკარებად, ექთნებად, მოლარეებად, მდივნებად, სამზარეულოებში, ტილოებით ხელში, მამის დეკრეტულ შვებულებებში.

ჯონ სტიუარტ მილი ‘იდეათა ბაზარზე” წერს. მოგვიანებით, მისმა იდეამ ასახვა ჰპოვა ა.შ.შ. უზენაესი სასამართლოს წევრის, უილიამ დუგლასის განსხვავებულ მოსაზრებაში, საქმეზე “შეერთებული შტატები რუმლის წინააღმდეგ: “როგორც გაზეთების, წიგნებისა და ჟურნალების სხვა გამომცემელნი, ეს კაციც იბრძვის იდეების ბაზარზე კაცთა ყურადღებისმისაპყრობად“.

კვოტირება მეოცე საუკუნის მეთოდია, რომელიც წარსულს უნდა დავუტოვოთ. კვოტირების გამამართლებელი იდენტობის პოლიტიკაა, რომელიც ასევე წარსულია: “ეს გეია და იმიტომ უნდა შეიბრალო”, “ის ქალია და იმიტომ უნდა დაუთმო ადგილი”, “ის შავკანიანია და ამიტომ უნდა მიიღო უნივერსიტეტში”. ეს არის დამამცირებელი ტოკენიზმი, დამოკიდებულება როდესაც ადამიანები სხვადასხვა იდენტობას მიკუთვნებულებად არიან დაყოფილები და მათ საჩვენებელ თუ სამაგალითო წარმომადგენლებს “ჟეტონებს” ურიგებენ.

ინტერნეტის, ტვიტერისა და რობოტების, პოსტ-გენდერების, ლამბერსექსუალების, მეტროსექსუალების, გენდერულად აგნოსტიკური ადამიანების ხანაში დიდი ჩამორჩენილობაა 1950-იანი და 1960-იანი წლების იდენტობის პოლიტიკის გატარების მოთხოვნა.

როცა მე ლგბტ ჯგუფთან ვმუშაობ, ამას იმიტომ კი არ ვაკეთებ, რომ გეი ვარ ან გეებს ვიცავ შერჩევით. არა. ლგბტ ჯგუფზე ან ქალებზე ფოკუსირება მხოლოდ იმიტომ არის გამართლებული, რომ ეს ადამიანები თავისი ცხოვრების სტილის გამო ან სხვა თანდაყოლილი მახასიათებლის გამო განიცდიან შევიწროებას, დევნასა და სიძულვილს. მაშ, როდის გადაიქცა ქალთა უფლების დაცვა კვოტების დაწესების მოთხოვნად? ან რეალურად ვინმე მართლა იცავს ქალთა უფლებებს საქართველოში? და ეს ხალხი ითხოვს კვოტებს? მეეჭვება.

ვინც ადამიანთა გაძლიერებაზე ვმუშაობთ, გვესმის რომ ადამიანი ინდივიდია;,ის ფეხზე უნდა წამოაყენო და ფრთები მისცე.  ასეთი მოძლიერებული ადამიანი შემდეგ თავად მიხედავს თავსა და მის ბედში მყოფ სხვა ადამიანებს. არანაირი კვოტა მას არ ჭირდება. საქართველოს მოსახლეობის ნახევარზე მეტი ქალია. ყველას პარლამენტში ვერ შეალაგებ და იმუნიტეტით ვერ აღჭურვავ თუმცა, თუ გეზიზღება და მისი განადგურება გწადია, არც პარლამენტარობა დაიცავს. ჩიორა თაქთაქიშვილის მაგალითი გავიხსენოთ.

არავის გვაინტერესებს ლგბტ ადამიანები მხოლოდ იმიტომ, რომ ვიღაცას თავისსავე სქესის წარმომადგენელი მოსწონს. ერთადერთი, რისთვისაც მაგალითად მე იდენტობა დავაარსე, იყო დისკრიმინაციასთან, ათვალწუნებასთან, ბულინგთან ბრძოლა და იმედი მაქვს, როდესაც დამარცხდება ჰომოფობია (ნეტარ არიან მორწმუნენი) მაშინ შეიცვლის იდენტობაც ფოკუსს და სხვა, იმ დროისთვის ყველაზე მწვავე პრობლემის მოგვარებაზე გადაერთვება.

და იმის მიუხედავად, რომ არავის განუცდია იმდენი წამება, დაჩეხვა, დაწვა, ცემა და უუფლებობა, რამდენიც ლბგტ ჯგუფს, ერთხელაც არ მოგვსვლია თავში აზრად, პარლამენტში ლგბტ კვოტა მოგვეთხოვა. მაშ რა მორალური გამართლება აქვს ზოგიერთი ფემინისტის მიერ პარლამენტში დათბუნებული ადგილების გამოყოფის მოთხოვნას? რატომ გეშინიათ პირდაპირ შეებრძოლოთ სექსიზმს იქ, სადაც ქალებს კლავენ? აღარ მოგწყინდათ მამიკოების, ქმრების და საყვარლების მიერ ნაყიდი პრავები? სხვა რა იქნება ეს კვოტირება თქვენი აზრით? საბჭოთა კავშირი მოგენატრათ?

წავიდა ეგ დრო. რად უნდა იმას ბევრი საუბარი, რომ ყველა ადამიანის ყველა უფლება და ყველა ღირსება უნდა იყოს დაცული, გამონაკლისის გარეშე? ყველა ქალის, ყველა კაცის, ბავშვისა თუ მოხუცის. მოდით, ჯერ ყველამ ამის მისაღწევად ვიშრომოთ და არანაირი დამამცირებელი კვოტების გამოყოფა საჭირო არ გახდება. და თუ არ ვიშრომებთ და მხოლოდ თბილი სავარძლების განაწილებაზე ვიზრუნებთ, შედეგად მივიღებთ ცოლისა და საყვარლების 75-იან კვოტებს.

გვჭირდება უშიშროების საბჭოს ისეთი მდივანი ქალები, რომელთა მთელი საზოგადო მოღვაწეობა ჩემი ფულით თავისი ლეპტოპის ჩასადებად შეძენილი 1000 ლარიანი ვარდისფერი ჩანთის სკანდალით დაიწყება და ამითვე დასრულდება?

აღარ უნდა დასრულდეს წითელპომადიანი ფემინიზმის თუ გრანტებზე დამყარებული რბილხალიჩიანი სასტუმროს აქტივიზმის დრო?

სად არიან არაპოლიტკორექტული, გაბრაზებული და ადამიანებთან კამათის უშიშარი ფემინისტები?

მოდით, ყველამ ვკითხოთ ჩვენ თავს: რა საზოგადოებაა ის, სადაც იდეათა შეჯიბრის მაგიერ, თანამდებობები ტალონებით რიგდება?

ეს ბლოგი არის ჩემი პირადი მოსაზრება, ეფუძნება ჩემ პირად გამოცდილებას ქალთა უფლებების დაცვის სფეროში და არ გამოხატავს არცერთი ორგანიზაციის პოზიციას.

ავტორი: ირაკლი ვაჭარაძე

 

წყარო: http://17maisi.org/

დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია