დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ცვლილება ოთახის კუთხიდან
16 თებერვალი, 2015
ცვლილება ოთახის კუთხიდან

უპრეტენზიო და შეგნებული ქმარი მყავს. შესაძლებლობების ფარგლებში თვითმომსახურებაც შეუძლია. არც თანამედროვე ტექნოლოგიებთან არის მწყრალად და ინტერნეტ-სივრცესთანაც მეგობრობს,მაგრამ ამ დილით ასე მომმართა: „წინდა მომაწოდე, შე ბლოგერო“... 


ცუდად მენიშნა! მომართვას ახლდა ღიმილი, მაგრამ ოდნავი აგრესიაც იგრძნობოდა.

 

დავფიქრდი, რა უნდა იყოს ამის მიზეზი. მასაც შევეკითხე, ისევ ღიმილით მიპასუხა:„კაი, რა, რა აგრესია“

 

„ჩამოვყარე“ ვერსიები და ყველა ვერსია ერთ მთავართან მივიდა - აქტიურობა! 

 

ორი დღეა, ლეპტოპთან უფრო მეტ დროს ვატარებ, ვიდრე, მაგალითად, ქურასთან.

 

აქტიურ და დასაქმებულ მამაკაცს რატომ უნდა აღიზიანებდეს „სახლიდან გაუსვლელად“ აქტიური ქალი?!

 

ქალი, რომელიც ცვლილებებისთვის მზადაა.

 

ჩემმა მეუღლემ  „სატოპკე“ თემა მომაწოდა, მე განზოგადებას შევეცდები.

 

 

* * *

 

მე ქალი ვარ! ყოველდღიურად ოჯახში უამრავ  საქმეს ვაკეთებ. მყავს სამი შვილი (რას გადაგვაყოლე, 12 ჰყავს ხალხს), რომლებსაც რომ ვაჭამო, საჭმელი უნდა გავუკეთო... რომ ჩავაცვა, უნდა დავაუთოვო. რომ ვამეცადინო, წიგნთან უნდა მივიყვანო და მეც იქ დავრჩე... რომ გავასეირნო, თავად უნდა გავყვე... სუფთად რომ იყვნენ, უნდა ვაბანაო... რომ დავარიგო... 

 

რომ დავამშვიდო...

 

ამას ემატება ქმარი, რომელიც იმას არ ჭამს, რასაც შვილები. მის ტანისამოსს სხვაგვარი მოვლა სჭირდება. ჭურჭელიც უნდა დავრეცხო, სახლიც დავალაგო, თავიც მოვიწესრიგო, სტუმარიც მივიღო...

 

მოკლედ, ქალის საქმიანობის ყოველი დღე მიზეზ-შედეგობრივად დატვირთულია.

 

თუ აქტიური ქალი ხარ(ან იყავი), აუცილებლად იგრძნობ, რომ რაღაც გაკლია. 

 

აქტიურობა ენერგიულობა არ არის.

 

ენერგიულობა ბევრი საქმის სწრაფად გაკეთებას ნიშნავს. აქტიურობაც საქმის კეთებაა -  მიზანმიმართულად, გონებით და ინტელექტით. აქტიური რომ იყო, ენერგია უნდა გქონდეს. ენერგიულობა კი, აქტიურობის გარეშეც მშვენივრადაა შესაძლებელი.

 

რვა წლის წინ აქტიური რეჟიმიდან მოწყვეტით გადავედი ენერგიულ რეჟიმში- გავთხოვდი და სამსახურიდან საოჯახო საქმეებზე გადავერთე. ვაკეთებდი ბევრ საქმეს, თანაც ძალიან სწრაფად. მეუღლე შეეჩვია(მიუხედავად იმისა, რომ მან მე აქტიურ ფაზაში გამიცნო) ჩემს ენერგიული მეოჯახე ქალის იმიჯს. კომფორტია, როცა სადილს გიმზადებენ, გაწესრიგებენ, თბილ სახლს გახვედრებენ, თან შენი გვარის დემოგრაფიაზეც ზრუნავენ.

 

ცოტა რომ შეემსუბუქებინა შრომა, ჯერ მტვერსასრუტი მიყიდა. ცოტა ხანში- სარეცხი და ხორცსაკეპი მაქანები და ახალი მაცივარიც. რომ არ მომწყენოდა, ახალი კომპიურეტიც შეიძინა(უფრო თავისთვის). მალე მივხვდი, თანამედროვე ტექნიკამ დღის მანძილზე გარკვეული დრო გამომითავისუფლა. ბავშვებიც წამოიზარდნენ და დროის მონაკვეთი უფრო გაიზარდა.

 

თავისუფალმა დრომ მისი შევსების მოთხოვნილება მოიყოლა - მუშაობა მომინდა! 

 

გადმოვიღე ჩემი რეზიუმე და გადავაგზავნე ყველგან, სადაც სამუშაო დღე 10-ზე იწყებოდა და 6-ზე მთავრდებოდა. არ გაამართლა.

 

სტილი შევცვალე: გადავაგზავნე ყველგან, სადაც საზოგადოებასთან ურთიერთობის, კომუნიკაციების სპეციალისტებს ითხოვდნენ(ჟურნალისტიკასთან ახლოა) - არც ამან გაამართლა.

 

ერთხელ ფეისბუქზე მომწერეს: ამაში სხვა ფულს გადაგახდევინებთ, ჩვენ კი უფასოდ გთავაზობთ ვებინარს თემაზე - როგორ დაიწყოთ საკუთარი ბიზნესიო. პრინციპში, არც ამან გაამართლა, - ქსელური მარკეტინგის რეკლამა აღმოჩნდა. 

 

მთელი გულით ვცდილობდი, ჩემს ცხოვრებაში ცვლილებები მომეხდინა. შინაგანად მზად ვიყავი ცვლილებებისთვის, მეუღლეც მაქეზებდა, მიდი, შენთან ვარო. საჯარო მოხელის  რამდენიმე გასაუბრებაზეც გავედი, მაგრამ „ფონად“ ყოფნა არ მომეწონა და დეპრესიაც დაიწყო...

 

ოჯახური საქმისგან თავისუფალ დროს ინტერნეტში ვიქექებოდი და რაღაცებს ვკითხულობდი. და უცებ - „ევრიკა“ - შენს ირვლივ სიტუაციის შესაცვლელად ჯერ შენს შიგნით უნდა შეცვალო რამე!

 

ცვლილებები საკუთარი თავიდან დავიწყე. მივხვდი, გამოტოვებული რვა წელი ერთი ნახტომით უნდა ამომევსო! წავიკითხე სასწავლო მასალები ფიარ-ტექნოლოგიებსა და საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯმენტზე. დავფიქრდი, როგორ აღმედგინა კომუნიკაცია ჩემს მკითხველთან სახლიდან გაუსვლელად(საწყის ეტაპზე). კომპიუტერით - ჩვენი  20 კვადრატული ოთახის ერთი კუთხე ხომ მთელ სამყაროს უკავია! წინა დღეებში მეგობარი ბლოგზე მესაუბრა და მითხრა, უნდა გასწავლოო (სამწუხაროდ, იმ დღეს ვეღარ მოიცალა), მე კი ვეღარ მოვითბინე: რა არის, რასაც ადამიანი გულით მოინდომებს და ვერ ისწავლის?  არაფერი! ასე გავაკეთე ბლოგი უცნაური სახელით: ჭIND Oღ A ჭOMAN'შ BLOG და ბლოგერი გავხდი!

 

ვიცი, ინტერნეტ-სამყაროში ათასობის ბლოგერია, მე „ძაან ბომბი“ უნდა დავწერო, პოპულარული რომ გავხდე. მე რომ მეწერინება, შეიძლება, არაპოპულარული თემებია, მაგრამ, მირჩევვნია სიმართლეზე, ნამდვილ შეგრძნებებზე ვწერო.

 

იმედია, მეუღლეც გაგებით მოეკიდება, ქურასთან ნაკლებ დროს  რომ გავატარებ და  ასეთ დროს საწოლშიც არ ვიქნები(ოთხი სრულდება).

 

იმედია, ცვლილებებზე, ქალის უფლებებზე და თავისუფლებაზე საუბრის მერე, არ მეტყვის:„შედი, ქალო, ბუტკაში...„კუხნაშია“ თავისუფლება!“

 

შვილებიც შეეჩვევიან, რომ დედა კომპიუტერთან ცოტა უფრო მეტ დროს ატარებს. სამაგიეროდ, მიხვდებიან, რომ დედას, ერბო-კვერცხის შეწვის გარდა, სხვა რამეებიც შეუძლია! 

 

მე უკვე ვმუშაობ! კომუნიკაციას თავიდან ვამყარებ მკითხველთან. მინდა  ჩემი ბლოგი პოპულარული და კითხვადი იყოს. ბლოგ-პოსტებით ვცდილობ, ცვლილება სხვა ადამიანებში(ზე) მოვახდინო.

 

მართალია, ფულს ჯერ არავინ მიხდის, მაგრამ მაგის დროც მოვა...

 

გეგმის პირველი ნაწილი - აქტიური ქალის ეგო, დაკმაყოფილებულია! 

 

ქალბატონებო, ვისაც ცვლილებები გინდათ, გახსოვდეთ, ცვლილება საკუთარი თავით და ოთახის პატარა კუთხით იწყება!

 

P.S. შეგონებები:

არ დაანებოთ სამსახურს თავი გათხოვების გამო.

მხოლოდ ერთი მხარის კომფორტი ოჯახის დისკომფორტია!

შენს ირგვლივ ცვლილებები საკუთარი თავით დაიწყე!

 

მაგდა ჩინიჯიშვილი

დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია