საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
მე, ნაგვის „ნაძვის ხე“ და მუნიციპალური სიამაყე
09 დეკემბერი, 2014
მე, ნაგვის „ნაძვის ხე“ და მუნიციპალური სიამაყე

1964 თუ 1966 წელს ჭიათურის მახლობლად, სოფელ მღვიმევის ტერიტორიაზე, სამეცნიერო ექსპედიციამ დაიწყო ძუძუანას მღვიმის შესწავლა. ვინ იფიქრებდა, თუ ეს არც ისე დიდი მღვიმე სენსაციურ არქეფაქტს ინახავდა და მსოფლიო ყურადღების ღირსი გახდებოდა.

 

 ასეთი, ე.წ. „ჭუჭყიანი მღვიმეებით“ ჭიათურასა და, საერთოდ, დასავლეთ საქართველოს ვერ გააკვირვებ. ადვილად შლად კალციუმს წყალი ალბათ მილიონობით თუ არა, ათასობით წელი მაინც „უღრღნიდა გულს“ და თუ არ ვცდები, მარტო ჭიათურის ტერიტორიაზე 110 კარსტული დიდი წარმონაქმნი დატოვა.


მანგანუმის საბადოდან ახლოს, მდინარე წყალწითელას (ჭიათურაშიც არის ასეთი სახელწოდებით მცირე მდინარე) მარჯვენა ნაპირზე ციკლოპის პირივით დაბჩენილ ძუძუანას მღვიმემდე 300-იოდე მეტრი ვიწრო ბილიკით უნდა გაიარო. თავდაპირველად მანქანა მიგიყვანს დანგრეული გზით „კოოპერატივის ქარხნამდე“, რომელსაც ალბათ აქვს მანგანუმის პირველადი მოპოვების უფლება, მერე კი თხილნარსა და კუნელებში მარჯვედ უნდა გაძვრე, რომ ან საკუთარი კანი არ შერჩეს ეკალ-ბარდებს, ან კიდევ ტანსაცმელი. ამ უკანასკნელს რამდენადაც არ უნდა გაუფრთხილდეთ, მაინც ორიოდე „ძუას“ მაინც დაიტოვებს ეკალა ან მაყვლის ბუჩქი.


აქ მძიმე ტექნიკით გზის გაყვანა საცოდაობაა. ისედაც მეორე მსოფლიო ომის კადრს მიმსგავსებულ მღვიმევს ნაკლებად მოუხდება ახალი „გადაბულდოზერება“. მთავარი სიამოვნება, რომელიც მღვიმის ნახვით მოგენიჭებათ, ამ ბილიკებზე სიარულისას კიდევ უფრო გიმძაფრდებათ, რადგან ჰუმუსით ღატაკ მანგანუმიან მიწაზე ყოჩივარდები და იები კარგად „გრძნობენ“ თავს და ადრე გაზაფხულზე ამ ბილიკზე გადავლა ერთი ნეტარებაა. ოღონდაც, ქაცვ-ეკლებიანი მცენარეები უნდა შეიკვეცოს, ბილიკი უნდა მოიხრეშოს და ტალახაუკიდებელი მიუახლოვდე მღვიმეს.


50-მდე ადამიანი 7 დეკემბერს ამ ბილიკზე წიოკით და ფოტოაპარატების ჩხაკუნით მივედით მღვიმემდე. წყალმარჩხი წყალწითელა ზამთრისპირა წვიმით გულმოცემული სანაპიროსკენ გაფართოებულიყო და თუ მასში ზაფხულობით ბაყაყები ზურგსაც ვერ ისველებენ ხეირიანად, ახლა ხიდბოგირს საჭიროებს. სად არის ხიდბოგირი? ერთი წვრილი თხმელა ვიღაც მადლიანს დაუგდია ნაპირიდან ნაპირამდე და მასზე რუსთაველის ავთანდილი თუ გავიდოდა ისე, რომ წყალში ტყაპანი არ გაედინა (აღმოჩნდნენ ჩვენს შორის ავთანდილებიც, სხვათაშორის). პრაგმატულმა და ჩემსავით ჭაღარაშერთულმა ტურისტებმა ქვიდან ქვაზე ხტომით დავძლიეთ ბარიერი და კიდევ ერთხელ ნაღვლიანად შევხედეთ პლასტმასებითა და ცელოფნებით შერყვნილ ლანდშაფტს. დაიწყო მცირე აღმართი, აქ უკვე ტალახი აღარ გაწუხებს, რადგან ისეთი ციცაბოა, რომ გაწაფულ ხვლიკსაც კი გაუჭირდება ფეხის მოკიდება. ტურის ინიციატორი, პროფესორი დვალაშვილი, გვაფრთხილებს, რომ წინ არქეოლოგთა მიერ გაკეთებული ჭრილია, რომელიც ვოკლუზის წყლითაა ავსებული და საფრთხილოა, რამეთუ რამდენიმე ხნის წინ რომელიღაც ჟურნალისტს თავი ამოუყვია იქ და მიკროფონის დაკარგვის პარალელურად, კინაღამ სიცოცხლეც დატოვა ღრმა გუბეში.


`ვოტ ეტა დაა“ - რატომღაც რუსულად წამომცდა და კიდევ ერთხელ მუნიციპალური სიამაყით ავსებული შევედი მღვიმეში, სადაც 35 ათასი წლის წინ საფეიქრო მრეწველობის აკვანი დაირწა და „ტექსტილის კულტურაც“ აქიდან გავრცელებულა მსოფლიოში.


 სელის ძაფი, ჯიხვის ბეწვის ნართი და საკერავი მოწყობილობები (ძვლის ნემს-მახათ-სადგისები) პალეოლითის ხანისაა, გვიხსნის არქეოლოგი, დოქტორანტი და პედაგოგი (ესეც ჭიათურელია, დვალაშვილის არ იყოს). კენჭოშვილმა მღვიმეში მომდინარე წყალივით ჩამოარაკრაკა ისტორიული ცნობები, შრეებზეც გვითხრა ორიოდე სიტყვა და ,,ღამის რეჟიმზე“ გადართულმა აპარატების ,,ვსპიშკებმა“ აქამდე არნახული სინათლის ციაგი წარმოქმნა. შესასვლელში, სავარუდოდ, ზაფხულის სიცხისგან შეწუხებული ძროხის ნაბინარის კვალი გამხმარი ნაკელის ფორმით ,,ღაღადებდა“, ,,კაი ტიპებს“ საქეიფოდ წამოღებული პოლიეთილენის ,,ჭყინტი“ ბოთლები მიუტოვებიათ და კიდევ ერთხელ გახსენდება, რომ საქართველოში ხარ, სადაც სადღეგრძელოების დროს ყველა კანტზე ამაღლებული მორალისტი ვართ და საქმის დროს კი ჩვენივე ნაგვისათვის ადგილის მიჩნევა ,,გვიჭირს“.


 ზორბა შესასვლელს დერეფნის შევიწროება მოსდევს, მაგრამ ქალიან-კაციანად მივიწევთ სიღრმეში. თან თავდაღმა დაკიდებულ ღამურებს ვაფრთხობთ და ჭარბწონიან ტურისტებს ვაფრთხილებთ: აღარ წამოხვიდეთ, გეეკვეხებით (იმერული დიალექტით)!


 ისე, პოლიეთილენის ბოთლებს შორის ერთი კოკა-კოლას ისეთი ბოთლი აღმოჩნდა, რაზეც საახალწლო მინიშნებაა და იქვე „ვინსტონის“ ცარიელი კოლოფია. როგორც ჩანს, ჩვენამდე რამდენიმე დღის წინ მოუნახულებიათ ძუძუანა და ნიშნებიც დაუტოვებიათ. ისე, ნახშირის „ზედწერილები“ 21-ე საუკუნის კალიგრაფიულ კულტურასთან ერთად გვახსენებს, რომ ქართველები ვართ!


მაყვლის ბუჩქები მღვიმის შესასვლელში, რეგულარული სითბოს გამო, ისევ მწვანედაა. „ინტერიერის“ დათვალიერების შემდეგ იწყება ნაგვის ნაძვის ხის აწყობა. ყოჩაღი სტუდენტი გოგონები მწებავი ლენტითა და სხვადასხვა ბოთლით სახელდახელო „ნაძვის ხეს“ აწყობენ. ამით სიმბოლურად აჩვენებენ, რომ მომდევნო ახალი წელი იქნებ იყოს უფრო სუფთა.


 სამახსოვრო ფოტოების გადაღების მერე ვიკისრე „ნაგვის ბაბუობა“ და კარგა მანძილზე დემონსტრაციულად ვატარე, მერე კი ბუნკერისკენ „გავამგზავრე“.


ვინ მიხედავს ძუძუანას უნიკალურ მღვიმეს? ისტორიკოსები უშვებენ ვარაუდს, რომ აქ მცხოვრები ადამიანები უფრო ადრინდელები არიან, ვიდრე დმანისის ნაქალაქარის ზეზვა და მზია. მსოფლიოსთვის მნიშვნელოვანი გეოგრაფიულ-ისტორიული ძეგლი მისახედია, გასამართავია ინფრასტრუქტურა.


კულტურის სამინისტროში ჯერ კიდევ ყავის სმის „ცხელებაა“, ალბათ  და არავის ახსენდება, რომ კულტრული მემკვიდრეობის ძეგლი მისახედია.

 

ახლა ცივა და აზრი ეკარგება ბილიკის მოხრეშვას... გაზაფხულზე „ჯორჯიან მანგანეზს“ უნდა მივმართო, რომ ე.წ. „კუდები“ (საკმაოდ კარგი მასალაა გზის მოსაფენად მარგანეცის გამოცალკევების მერე დარჩენილი „კუდები“) მოგვიზიდონ და მერე მოსწავლე-ახალგაზრდები, აქტიური მოქალაქეები ცოცხალი კონვეირის წესით ვედროებით მოვფენთ ბილიკზე ინერტულ მასალას... ამავე ორგანიზაციას ეგებ ხიდბოგირი და მემორიალური დაფა გავაკეთებინო და მერე უფრო მექნება მუნიციპალური სიამაყის განცდა, რადგან ჩვენს უნიკალურ ძეგლს ბევრი დამთვალიერებელი მიაკითხავს, თანაც ისეთები, რომლებიც ნაგავს არ დატოვებენ და კიდევ მომავალშიც არ მომიწევს „ნაგვის ბაბუობა“...

დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2019 საავტორო უფლებები დაცულია