დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ოკუპანტებთან ახლოს
06 ოქტომბერი, 2014
ოკუპანტებთან ახლოს

რეპორტაჟი შიდა ქართლიდან

 

დროდადრო თავს უფლებას აძლევენ ადამიანები, რომ განსხვავებულ გარემოსა და ამპლუაში მოექცნენ. რელაქსაციისთვის ასე სჯობია. ზოგი ამას აქტიურ დასვენებას ეძახის, ზოგიც –  სამარადჟამო დასვენების დაწყებამდე დროის რაციონალურ გამოყენებას.

 

 მოკლედ, გასული უქმეების გატარება გორში გადავწყვიტე. იმერეთიდან ქართლამდე არც ისე დიდი გზაა, მაგრამ იმ რთულ მონაკვეთებს, რომელსაც ნახევრადსატვირთო მანქანით გადავუარეთ, შეეწირა ფიზიკური ძალაც და, ნაწილობრივ, მოთმინებაც.

 

საჩხერე-გომის გზა, რომელიც კარგა ხნის წინ ბიძინა ივანიშვილის ფინანსებით დაიგო, ახლა სარეაბილიტაციოა. მძიმე ტექნიკა საფუძვლიანად აკეთებს ასფალტის გზას და შვეიცარიის მთებში გაყვანილი მაგისტრალის შთაბეჭდილებას ტოვებს წარმოსახვაში. რელიეფურად მართლაც ჰგავს ლიხის ქედი საშობაო ნამცხვარივით ლამაზ შვეიცარიას, მაგრამ გზის პირებზე დაბნეული თუ დაყრილი ნაგავი გვამცნობს, რომ ჯერ კიდევ შორია ევროპამდე.

 

ფერშეცვლილი იმერული ტყეები ქართლის ვაკეებით შეიცვალა და აშკარად დაეტყო ფართო სანახებს, რომ ტერიტორიების მნიშვნელოვანი ნაწილი არ დამუშავებულა. ტაროგამოცლილი ჩალები ძლიერი ქარისგან შრიალებდა, რამდენიმე ადგილას საშემოდგომო ხვნას შესდგომოდნენ და კომბოსტოს ბაღჩები მწვანე ფერით გვამცნობდა, რომ ჯერ კიდევ შრომობენ ადამიანები. ვაშლის ბაღებში საკრეფელებით ხალხი ირეოდა, სადღაც მისაბმელიანი ტრაქტორით ნაქარი ვაშლი მიჰქონდათ და დატალღულ გზაზე შეხტომის დროს ვაშლები ცვიოდა, რომლებსაც მომდევნო ტრანსპორტის საბურავები მიწასთან ასწორებდა.

 

 გორამდე ერთ ფერდობზე 2008 წლის ომის დროს გადამწვარ ხრიოკზე გატყიანებაც უცდიათ და ნორჩი ნერგები ისე უხეიროდ მიურგ-მოურგავთ, როგორც უხეირო იმერელი დედაკაცი საბოსტნე კვალში ჩაარჭობს მოვალეობის მოხდის მიზნით პრასის ნერგებს. წიწვოვანთა უმეტესი გამხმარა, ზოგიც – ქარისგან მთვრალი კაცებივით სხვადასხვა მხარეს გაქაჩულა.

 

 რუისის გადასახედიდან გორის სანახები ხელის გულზე დადებულივით ჩანს. შიდა ქართლის სიამაყე, გორის ციხე, კიდევ ერთხელ შეგახსენებს, რომ ამაოა ამქვეყნად კაცთა მცდელობა, შეაჩეროს დრო და ყოველდღიურობაში ჩაძირულებს ახსენებს: რაც იწყება, აუცილებლად მთავრდება!

გზის პირებიდან „გეტოებად“ მონათლული დევნილთა სახლებიც მოჩანს. ინკუბატორის წიწილებივით ერთნაირი სახლების შეცვლა მოუწადინებიათ მეპატრონეებს. ისედაც მცირე სახლებისთვის კიდევ უფრო მცირე შენობაც მიუდგამთ, ან აივანი გაუკეთებიათ, ან კიდევ ლურჯი წყალგაუმტარი ქსოვილით აუხუთავთ წინკარი. დევნილთა სახლებს მუყაითი ქართლელი გლეხის ხელი დასტყობია. ვაზიც გაუხარებიათ, ატმის ფართო ფოთლები მეტყველებს იმაზე, რომ ნოყიერ ნიადაგზე დაურგავთ, ქათმები და ღორებიც ვიწრო საჩეხში რეტიანებივით ბრუნავენ.

 

გორი მსოფლიოში სტალინის გამოა ცნობილი, მაგრამ ჯიუტად გადავწყვიტე დიდი ხნის წინ, რომ მის სახლ-მუზეუმს არასდროს ვნახავდი (ამით არც რა აკლდება და არც ემატება სტალინის სახელს, მაგრამ...). ჩემთვის გორი უფლისციხე, ატენის სიონი, იაკობ გოგებაშვილი, ნიკო კეცხოველი და ლევან ქერდიყოშვილის (ამ ახალგაზრდა პოეტს ნანული ცხვედიანმა „პოსტკრიპტუმის“ ფურცლებიდან ლამაზი სახელი დაარქვა: პოეტი ბიჭი ჭკვიანი შუბლით) მსგავსი ხალხია და არა მსოფლიო დონის პოლიტიკოსი იაკობ ჯუღაშვილი. ვინ იცის, რამდენჯერ ავსულვარ უფლისციხის „დამქვეითებელი“ გორის ციხის ქონგურებზე და გამითავისებია, თუ რამდენი ძალა დაახარჯეს ქართველებმა მის აგებას. ისე, აქვე დავამატებ, რომ გორის ციხის დათვალიერებით ბევრი ადგილობრივი არ იწუხებს თავს. თვალში შეზრდიათ ეს ვეება შენობა და დრომოჭმულადაც მიუჩნევიათ იმ იუსტიციის სახლის ფონზე, რომლის ვერც ფორმისა გავიგე და ვერც – ფერისა. საკუთარ თავს რამდენჯერმე შევუძახე, რომ ეგებ დამენახა რამე არქიტექტურული ღირებულება გორის იუსტიციის სახლში, მაგრამ გონება მწარედ მეუბნებოდა: ეს ნაცარქიტექტურაა!

 

ქართველებს ვერც მეგობრების ოდენობით გააკვირვებ და ვერც სტუმარმასპინძლობით. მაინც მოხერხდა ჩემი სასიამოვნოდ გაკვირვება. სოციალურ ქსელში „დაჩექინებულს“ გამომეხმაურა ერთი მეგობარი და გორულ კატლეტზე დამპატიჟა, რაც საბოლოოდ შევაცვლევინე და შავი ჩაი გახდა შეხვედრის ერთი უმნიშვნელო პასაჟი. ჩემი მეგობარი ფრიად გაუნათლებელია! მხოლოდ ორი უმაღლესი განათლება აქვს და აქამდე ტაქსისტობამდეც ვერ მიაღწია. ახლა კი, როგორც იქნა, დაინახეს და ადმინისტრაციულ სამსახურში მიუღიათ (თუმცა საჯარო მოხელე არაა) და, რაც თვალში აუცილებლად მოგხვდებათ, იმდენად გამხდარია, რომ უნებლიედ წამოვიძახე: მარტო პირადობის მოწმობაღა დარჩენილხარ-მეთქი. მეგობარს თან ახლდა საკრებულოს წევრი ქალბატონიც, რომელიც წამდაუწუმ გაიძახოდა: კარგი იყო, საჯარო მოხელე რომ არ ვიყავი, ის დროო.

 

კაფე „შანზელიზეს“ დატოვებამდე რამდენჯერმე აღვნიშნე, რომ გორი ყველაზე მოვლილი და სუფთაა-მეთქი (მასპინძლებმა, არ ვიცი, შეამჩნიეს თუ არა ჩემი თეთრი შური). შეიძლება ამ სასიამოვნო შეფასებამ გადააწყვეტინა ჩემს მეგობარს, რომ მოგვევლო გორის ქუჩები. რეაბილიტირებული წერეთლის ქუჩა, ციხის მიდამოები სისუფთავისგან სარკესავით ლაპლაპებდა ღამის განათებით. „გორიჯვარზე ხარ ნამყოფი?“ – დამეკითხა მეგობარი და პასუხის გაცემამდე მანქანა გააქროლა გორიჯვრისკენ. ძლიერი ქარის გამო იძულებული გავხდით, მალევე დაგვეტოვებინა იქაურობა. ღამის გორის სილამაზე გორიჯვრიდან სხვანაირად აღიქმება. კონტექსტიდან ამოვარდნილი ისევ იუსტიციის სახლია, თავისი განათების ფერის გამო. გორის ციხეს უფრო ეფექტური განათება მოუხდებოდაო, –მითხრეს მასპინძლებმა.

 

მიშას კარგად გაუნათებია აქაურობა, – მინდა ოქროს ობიექტურობა გამოვავლინო. ძვირი ჯდება ეს განათება, ახლა მუშავდება პროექტი, რომლის მიხედვითაც სამჯერ შემცირდება ხარჯებიო (ბალტიისპირელი სტუმრები ჰყოლიათ გორელებს, რომლებსაც საინტერესო წინადადებები შეუთავაზებიათ ენერგოდაზოგვითი მიმართულებით). მოკლედ, წარსულს მაინც არ აქვს გამართლება, – გავიფიქრე გულში.

 

 გორიჯვრის გზის ნაპირებზე სანიაღვრეებიც კარგად გაუკეთებიათ (ვერ შევამჩნიე ღამით და კინაღამ ზედ მივეხატე ცხვირით), მეზოფიტი მცენარეები, რომლებიც გორის სანერგეში გამოუყვანიათ, ამაყად შრიალებდა და მზრუნველი ხელი ეტყობოდა.

 

 გორის გარეუბნები სისუფთავით ვერ დაიტრაბახებს, ცენტრისგან განსხვავებით. თუმცა, საგანგაშო მდგომარეობა არც გარეუბნებშია.

 

შაბათ დილით ხურვალეთისკენ წავედი. 25 კილომეტრით დაცილებული სოფელი ტიპური ქართლური დასახლებაა. მოფუსფუსე გლეხები, ნახირი, თივის ზვინულები, ფერდაკარგული ფერდობები შემოდგომის სურათს ქმნის. მაგისტრალიდან ხურვალეთისკენ „ბედდამწვარი“ ოთო მიდის. ოთო შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ახალგაზრდა კაცია. თავზე ჩალმასავით მოუხვევია უზარმაზარი ჯემპრი. ამინდსაც და უამინდობასაც ოთო ასე ხვდება. სამადლოდ აჭმევენ, სახლში არ ჩერდება და ზამთრის ყინვაში არსად გაიყინოსო, წუხან ნაცნობები. ვაშლის ხეები ბევრმა აჩეხა,  –  ამბობს მასპინძელი ზაურა ძია. ნასეტყვარი ბაღი მაინც დახუნძლულია და გვალვის მიუხედავად, მკრეფავებს იზიდავს დასაკრეფად. ბროდსკი, ცარსკი, ბანანი, გოლდენი... ყუთების ავსება და სარდაფში შეტანა, სახელდახელოდ, ყუთებზე გაშლილი მსუყე სადილი და ალუბლის ალკოჰოლიანი ნაყენი „გაიძულებს“, გვიანობამდე იშრომო და გულს უხარია, როცა ბარაქას უყურებ.

 

 ამ ბოლო დროს ეკა ბესელიას ,,ხალხოოო“ რომ პოპულარული გახდა თავისი ინგლისური ვარიანტით, ეს არავისთვისაა უცხო. ჩვენც სწრაფად ,,დავმოდელირდით“ და ,,ვედროს“ ნაცვლად ,,ხალხოოო“-ს ვიძახდით.

 

 გვიანი საღამო ლამაზი სუფრით დასრულდა. ალბათ, ასეთი სუფრა მხოლოდ ქართლსა და კახეთში იციან. ეს მეორეხარისხოვანია. თავად სოფელში სიმდიდრე არ იგრძნობა. გზებს არა უშავს, თან გზის პირები გადათხრილია და ბუნებრივი აირისათვის მილებიც გამზადებულია. კომბაინი ,,ნივის“ ნარჩენები უწესრიგოდ ყრია და, როგორც ჩანს, კარგა ხანს იქნება ხურვალეთის „მშვენებად“. ახლოში მავთულხლართია. რუსების „ვიშკა“ სულ გახსენებს, რომ ოკუპანტები ახლოს არიან და რუსული ჩექმაც ძლევამოსილია.

 

ბაღიდან გამოსულმა წუთით წარმოვიდგინე, რომ ეს ყველაფერი ჩემი იყო და დამატოვებინეს... გული ჩამიკვდა! ვინ იცის, რამდენი დევნილი დარდობს თავის კარ-მიდამოზე. რამდენს „იქით“ დარჩენია მიცვალებულთა საფლავები, ბაღები, სახლები და ნაოფლარი ნაკვეთები...

 

 

დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია