დაისვენე კურორტ ახალდაბაში
მცირე ბიზნესი ქვეყნის ეკონომიკური განვითარების საწინდარია
მცირე ბიზნესი ქვეყნის ეკონომიკური განვითარების საწინდარია
სულ ნანახია 2154
ავტორი:
მსგავსი სიახლეები

მცირე მეწარმეობას დიდი წვლილი შეაქვს ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებაში, ის ქმნის მოსახლეობისთვის საჭირო საქონელს და მომსახურებას, ხელს უწყობს შემოსავლების ზრდას თემებში. მეწარმეობის განვითარების კუთხით ქვეყანაში ბევრი კეთდება, სახელმწიფო მხარს უჭერს ახალი ბიზნესების ჩამოყალიბებას სხვადასხვა პროგრამების მეშვეობით. ბევრს აკეთებენ ასევე განვითარების სფეროში მომუშავე არაკომერციული ორგანიზაციები, რომლებიც სხვადასხვა დონორის მიერ ფინანსდება. ამ კონტექსტში აღსანიშნავია „BP საქართველოს“ წვლილი, რომელიც ფაქტიურად ერთადერთი კერძო კომპანიაა ქვეყნის მასშტაბით, ვინც უკვე რამდენიმე წელია, თანმიმდევრულად მხარს უჭერს სოფლის მოსახლეობის ეკონომიკურ გაძლიერებას.

ადგილობრივი მოსახლეობის განვითარების ინიციატივის (CDI) პროგრამა 2012 წლიდან ხორციელდება იმერეთისა და გურიის რეგიონებში და მოიცავს ბაქო-სუფსის ნავთობსადენის გასწვრივ მდებარე 60 სოფელს. პროექტის პირველი ფაზის ფარგლებში, რომელიც 2012 წელს დაიწყო, დაფინანსდა 161 დამწყები მიკრო-ბიზნესი.

პროექტის მეორე ფაზას 2015 წლის ივლისიდან ახორციელებს კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრი CTC. პროექტის მიზანია ბაქო-სუფსის მილსადენის გასწვრივ მდებარე თემების კეთილდღეობის ამაღლება ბიზნესის წამოწყებისა და განვითარების ხელშეწყობით.

პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია კონკურსის საფუძველზე მცირე გრანტების გაცემა დამწყები მიკრო-ბიზნესებისთვის და ბენეფიციართა სამეწარმეო და პროფესიული უნარების განვითარება სხვადასხვა სახის ტრენინგებისა და კონსულტაციების მეშვეობით.

პროექტის დაწყებიდან ერთ წელიწადზე მეტი გავიდა. განვლილი პერიოდი საშუალებას გვაძლევს, შევაჯამოთ შუალედური შედეგები.

რა გაკეთდა აღნიშნული პერიოდის განმავლობაში?

ჩატარდა საგრანტო კონკურსის პირველი რაუნდი, რომელიც მიზნად ისახავდა  სიცოცხლისუნარიანი მიკრო-ბიზნესის იდეების გამოვლენას და მათ მხარდაჭერას. კონკურსში წარმოდგენილი ბიზნეს-იდეების რაოდენობამ 530-ს გადააჭარბა. სამეტაპიანი შერჩევის შედეგად 2015 წელს დაფინანსება მოიპოვა სულ 77-მა მიკრო-ბიზნესმა. გადაცემული სახსრებით მათ შეიძინეს საწარმოო საშუალებები და დაიწყეს საქმიანობა. ვინაიდან პროექტი ხორციელდება სოფლებში, დაფინანსებული ბიზნესების უმეტესობა დაკავშირებულია სოფლის მეურნეობასთან. აღსანიშნავია, რომ განსაკუთრებით აქტიურობდნენ ქალბატონები, ვისთვისაც ეს ხშირად დაფინანსების მიღების ერთადერთი საშუალება იყო. მათ საშუალება მიეცათ, დაეწყოთ საკუთარი საქმე ისეთ დარგებში, როგორიცაა სამკერვალო, საცხობი, საკონდიტრო, სასასათბურე მეურნეობა და სხვ.

კონკურსის მონაწილეებისთვის ჩატარდა ასევე ტრენინგები და საკონსულტაციო შეხვედრები  ბიზნეს-გეგმის შედგენაში, საგადასახადო რეგისტრაციისა და დაბეგვრის საკითხებზე. აღსანიშნავია, რომ პროექტში ჩართული ეკონომიკური განვითარების სპეციალისტები ბენეფიციარებთან ინტენსიურ საკონსულტაციო საქმიანობას ეწევიან. ყოველთვიური შეხვედრების დროს ისინი ცოდნას უზიარებენ დამწყებ მეწარმეებს ისეთ საკითხებზე, როგორიცაა საწარმოს სტრატეგიული განვითარება, თვითღირებულების გაანგარიშება, მართვისა და აღრიცხვის გაუმჯობესება და ა.შ.

პროექტი დიდ ყურადღებას აქცევს, რომ ტრენინგების შინაარსი მორგებული იყოს მონაწილეთა რეალურ საჭიროებებზე. ამ მიზნით პროექტის სპეციალისტები რეგულარულად აწარმოებენ საჭიროებათა წინასწარ შესწავლას.

მოკვლევის საფუძველზე დაფინანსებულ მეფუტკრეებსა და მესათბურეებს საქმიანობის ადგილების მიხედვით ასევე ჩაუტარდათ პროფესიული ტრენინგები, რომელიც მიმართული იყო მათი პრაქტიკული ცოდნის გაღრმავებაზე. ამ მიზნით მოწვეული იყვნენ ცნობილი დარგობრივი სპეციალისტები.

პროექტმა დანერგა კიდევ ერთი საინტერესო სიახლე, მენტორული შეხვედრები- როდესაც უფრო გამოცდილი ბენეფიციარები ხვდებიან ახალბედებს და პრაქტიკული რჩევებით ეხმარებიან მათ. აღნიშნული მოდელი ძალზედ ეფექტური აღმოჩნდა. ბენეფიციარებისათვის  განსაკუთრებით მისაღებია მსგავსი საქმიანობით დაკავებული ადამიანის გამოცდილების გაზიარება, თავად  კომუნიკაციის პროცესიც მაღალი ეფექტურობით გამოირჩევა.

მიმდინარე წლის ივნისში სოფლებში დაიწყო საინფორმაციო შეხვედრები მეორე საგრანტო კონკურსის ფარგლებში. ივლისის შუა რიცხვებში შემოვიდა 280-ზე მეტი განაცხადი ბიზნეს-იდეების აღწერით. კომისიის მიერ შერჩეულმა 78-მა ადამიანმა გაიარა ორდღიანი ტრენინგი ბიზნეს-გეგმის შედგენაში.

შემდეგ ეტაპებზე მოხდება ბიზნეს-გეგმების განხილვა, კონკურსის მონაწილეთა ადგილზე მონახულება და გასაუბრება და მათი ბიზნეს-იდეების პრეზენტაცია კომისიის წინაშე. სექტემბრის ბოლოს მოხდება გამარჯვებულების საბოლოო შერჩევა და გაიცემა დაფინანსება.

„ეს ძალიან მნიშვნელოვანი პროგრამაა. ის ხელს უწყობს იმას, რომ ხალხს უჩნდება მშობლიურ სოფელში დარჩენის მოტივაცია. მიზანდასახული და მოტივირებული ადამიანი აუცილებლად გამოიყენებს ასეთ არაჩვეულებრივ შესაძლებლობას და წარმატებულად განავითარებს საქმეს“, - ამბობს სოფ. როდინაულის მკვიდრი ქეთევან ჩუბინიძე, რომელმაც კალმახა სოკოს წარმოების ბიზნესი წამოიწყო.

„მე ბედნიერი ვარ, რომ მომეცა საკუთარი ბიზნესის დაწყების საშუალება“, - ამბობს ნანა გურგენიძე ზესტაფონის რაიონის სოფ. მარტოთუბნიდან, რომელიც სხვადასხვა სახის ჩითილებს აწარმოებს. - ბიზნეს გეგმის დაწერა და ფინანსური გაანგარიშებების გაკეთება არც ისე ადვილი იყო, მაგრამ მე ეს შევძელი და კონკურსში გავიმარჯვე. ძალიან დიდი მადლობა BP-ის და CTC-ის, სათბურს თითქმის მთელი წლის განმავლობაში ვამუშავებ, ის ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის სტაბილური შემოსავლის წყარო გახდა“.

მადლიერებას გამოხატავს ასევე ნაზიბროლა თუთარაშვილი, ენერგიული და კომუნიკაბელური ქალბატონი ზესტაფონის რაიონის სოფ. მეორე სვირიდან, რომელსაც პროექტმა სამკერვალო მანქანები გადასცა. „უაღრესად მადლობელი ვარ BP-ის და ორგანიზაცია CTC-ის, რომლებმაც საშუალება მომცეს ჩემი გატაცება ბიზნესად და შემოსავლის წყაროდ მექცია“.

 

 

მაკა ჩინიჯიშვილი

'.$TEXT['print'].'
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია