შეასრულებს თუ არა დანაპირებს გოჩა თევდორაძე და დაარიგებს თუ არა კუთვნილ ქონებას?
რატომ უკავშირებენ „იბერიის ვარსკვლავის“ ახალ ბაზრობას ისევ გოჩა თევდორაძის სახელს„
ბიზნესწილები და კორუფციული გარიგებები - ეს არის თემა, რის გამოც იმერეთის ყოფილი ვიცე-გუბერნატორები გოჩა თევდორაძე და გიგა შუშანია გასულ კვრაში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ.
ვითარება მას შემდეგ კიდევ უფრო დაიძაბა, რაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ ქუთაისში ჭავჭავაძის გამზირზე, უნივერმაღის გვერდით მდებარე ტერიტორიაზე გარემოვაჭრეებისთვის ახალი ბაზრობა კეთდებაო. აღნიშნული ტერიტორია შპს „იბერიის ვარსკვლავის“ მფლობელს, დავით კოსტავას ეკუთვნის. საზოგადოებისათვის ცნობილია, რომ „იბერიის ვარსკვლავის“ 25%, ოფიციალურად, ხვიჩა ღონღაძეს ეკუთვნის, რომელიც „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერის გოჩა თევდორაძის ცოლისძმაა, თუმცა, არაოფიციალურად, როგორც ამბობენ, წილის რეალური მფლობელი გოჩა თევდორაძეა.
იმ საკითხზე, აქვს თუ არა წილი გოჩა თევდორაძეს უნივერმაღის გვერდით მდებარე ტერიტორიაზე, სადაც ამჟამად გარემოვაჭრეები სხედან, „იბერიის ვარსკვლავის“ მფლობელს, დავით კოსტავას ტელეფონით ვესაუბრეთ.
- ბატონო დავით, გავრცელდა ინფორმაცია, რომ აღნიშნული ტერიტორიის ერთ-ერთი მეწილე გოჩა თევდორაძეა, შეესაბამება თუ არა ეს ინფორმაცია სიმართლეს?
– ვინ არის გოჩა თევდორაძე? ის ჩემი მეგობარია, მაგრამ წილში რატომ უნდა მყავდეს? საერთოდ, ვერ ვიტან მეწილეებს, არ მიყვარს ფულის გაყოფა.
- თუმცა, შპს „იბერიის ვარსკვლავში“ თქვენ გყავთ 25%-იანი მეწილე ხვიჩა ღონღაძე, რომელიც გოჩა თევდორაძის ცოლისძმაა.
– კი მყავს, მერე რა?
- არაფერი, თქვენ ამბობთ, რომ მეწილეები არ გიყვართ.
– არ მჭირდება მეწილეები, ეს ტერიტორია არის ჩემი, მხოლოდ ჩემი საკუთრება. დავით კოსტავას და მისი ოჯახის საკუთრება.
ამჯერად მერიის და უშუალოდ კეთილმოწყობის სამსახურის თხოვნით, ეს ადამიანები (საუბარია გარემოვაჭრეებზე) გარკვეული პერიოდით უსასყიდლოდ შევუშვი იქ. გაზაფხულიდან კი ამ ტერიტირიაზე სერიოზული საინვესტიციო პროექტის განხორციელებას ვგეგმავ. სავარაუდოდ, აქ სავაჭრო ცენტრი აშენდება, ფუნდამენტი წლების წინ ჩაიყარა, მაგრამ ლაშა მაქაცარიამ და მისმა მეგობრებმა მიწით ამოავსეს.
***
დავით კოსტავას ნათქვამს, რომ თავის საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე გარემოვაჭრეები მერიის თხოვნით შეუშვა, სიცრუეს უწოდებს მერიის კეთილმოწყობის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებლის მოადგილე ბაკურ ხურციძე.
ადმინისტრაციული ზედამხედველობის სამსახურის განყოფილების უფროსის, მურად იობიძის განცხადებით კი, აღნიშნულ ტერიტორიაზე ადგილობრივ თვითმმართველობას არანაირი ბერკეტი არ აქვს. იობიძე ადასტურებს, რომ სასკოლო ბაზრობასთან დაკავშირებით გარემოვაჭრეების შეშვება მერიის თხოვნით მოხდა, თუმცა, მათ მოლაპარაკება უნივერმაღის ხელმძღვანელობასთან ჰქონდათ.
„კოსტავს და უნივერმაღის ხელმძღვანელობას რაღაც კონფლიქტი ჰქონდათ, ჩვენ მოლაპარაკებას უნივერმაღის ხელმძღვანელობასთან ვაწარმოებდით, თუმცა არსებული ინფორმაციით ტერიტორია კოსტავას საკუთრებაა. ზუსტად არ ვიცი, მგონი თვითონაც არ იციან, რა ხდება. რაც შეეხება ამჯერად გარემოვაჭრეებისთვის ტერიტორიის დათმობას და ბაზრის გახსნას არ ვეთანხმებით, რადგან ქალაქის იერსახეს ამახინჯებს. კოსტავა იმ ტერიტორიაზე მრავალსართულიანი შენობის აგებას გეგმავდა, ფუნდამენტი გაჭრილი იყო, მერე მიატოვეს და ორი კვირის მანძილზე მიწით ძლივს ამოვავსეთ. ეს არის კერძო საკუთრება და კოსტავამ გარემოვაჭრეები საკუთარი სურვილით შეუშვა, რაშიც, ალბათ, გარკვეულ თანხასაც იღებს. მერია გარემოვაჭრეებს რკინიგზის მეორე სადგურთან სთავაზობდა ტერიტორიას, დღიურად სამი ლარის საფასურად, რაზედაც თანახმა იყვნენ, მაგრამ მათ უარის მოტივად ტერიტორიის გზიდან მოშორება მოიმიზეზეს,“ – აღნიშნა მურად იობიძემ.
იმ ფაქტს, რომ ტერიტორიაზე სავაჭროდ დავით კოსტავას ნებართვით შევიდნენ, ადასტურებენ თავად გარემოვაჭრეებიც. მათი განცხადებით, მათ ბაზრობაზე დაწესებული მაღალი გადასახადის გადახდა არ შეეძლოთ, რის გამოც კოსტავას მიმართეს თხოვნით მან კი ტერიტორიაზე ვაჭრობის ნება დართო.
„გოჩა-ნოსტრადან“ „გოჩა-აია“-მდე!
„პატრიოტთა ალიანსის“იმერეთის ორგანიზაციის თავმჯდომარის წინააღმდეგ გასულ კვირაში მერიის წინ აქციები გაიმართა. აქციის მონაწილეების განცხადებით, ქუთაისს ჯერ კიდევ გოჩა თევდორაძე მართავს, რომელიც დაუყოვნებლივ უნდა მოსცილდეს ქალაქს. მას აქციის მონაწილეებმა „გოჩა–ნოსტრა“ უწოდეს, ხოლო ყოფილმა ვიცე-გუბერნატორმა შუშანიამ ისიც კი განაცხადა, რომ ქუთაისს „გოჩ-აია“ უნდა ეწოდოსო.
გიგა შუშანიას ბრალდებების კასკადი ასეთია: „ჭავჭავაძის გამზირზე აღნიშნულ ტერიტორიასთან დაკავშირებით კონფლიქტი მქონდა გოჩა თევდორაძესთან. 2007 წელს, როდესაც სამი კვირით ვიყავი მერის მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობაზე, ჩემთან შემოვიდა განცხადება, რომლის საფუძველზეც, ჭავჭავაძის გამზირზე არსებული მიწის ფართი ყოველგვარი აუქციონის გარეშე, პირდაპირი მიყიდვის გზით უნდა გადასცემოდა შპს „იბერიის ვარსკვლავს“, მე ჩავთვალე, რომ ეს იყო კორუფციული გარიგება და ამ განცხადებას შესაბამისი რეზოლუცია დავადე. 2011 წლის ნოემბერში კი ნუგზარ შამუგიას ხელმოწერით ტერიტორია დავით კოსტავს გადაეცა. თავის დროზე მოხდა უკანონოდ გაცემა, რადგან ტერიტორია თითქმის 71 ლარად მიეყიდა „იბერიის ვარსკვლავს“, რომლის 25%-იანი წილის მფლობელი გოჩა თევდორაძეა, თუმცა, ეს წილი ცოლისძმის სახელზე აქვს გადაფორმებული. ამ გარიგებით, უპირველეს ყოვლისა, ქალაქის ბიუჯეტი დაზარალდა, რადგან ტერიტორიის კანონიერად გასხვისების შემთხვევაში, ბიუჯეტში მინიმუმ მილიონი ლარი უნდა შესულიყო. საქმე ისაა, რომ გოჩა თევდორაძე ჩამოყალიბდა ტიპურ მაფიოზად, რომელიც ცდილობს, საზოგადოებას დაანახოს, ვითომდა სხვებიც არ არიან მასზე უკეთესები.“
თევდორაძე კატეგორიულად უარყოფს როგორც შუშანიას, ისე აქციის მონაწილეთა ყველა ბრალდებას და ხალხს იქით ეკითხება: „უმუშევარი კაცი ქალაქს როგორ უნდა ვმართავდე?“
გოჩა თევდორაძის განცხადებით, აქცია ათიოდე მოქალაქემ გამართა, რომლის ორგანიზატორიც ქუთაისის აწ უკვე ყოფილი მერის მოვალეობის შემსრულებლის, კოტე ლომიძის ცოლის ნათესავი, სულხან ქობულაძეა, რის გამოც აქციაც პირად მიზნებს ემსახურებოდა. შეგახსენებთ, რომ სწორედ ამ დღეს ქალაქის „თავის“ პოსტზე ლომიძე „პატრიოტთა“ მიერ ვიცე-მერად დანიშნულმა გია შარაბიძემ შეცვალა.
„იპოვეთ ჩემი ქონება და გაჩუქებთ!“
თევდორაძე ასევე კატეგორიულად უარყოფს მასზე გავრცელებულ ინფორმაციას „იბერიის ვარსკვლავში“ წილის და, საერთოდ, რაიმე უძრავი ქონების ფლობის შესახებ. ყოფილმა ვიცე-გუბერნატორმა საჯაროდ აღნიშნა, რომ თუკი ქუთაისსა და თბილისში მის სახელზე გაფორმებულ ქონებას აღმოაჩენენ, დაუყოვნებლივ გაასხვისებს. მისივე განცხადებით, გაურკვეველია, რატომ არ პატიობენ იმ ფაქტს, რომ 46 კვ.მ ფართობის სახლს ფლობს და რომ მის დას პასელოკში ბინა აქვს.
„არანაირ წილს არ ვფლობ, არასწორ ინფორმაციას ჩემზე დაბოღმილი გიგა შუშანია ავრცელებს, ალბათ იმის გამო, რომ კარგად იცის, მისთვის დიდი საქმე მაქვს გაკეთებული, კონკრეტულ ფაქტებზე ახლა არ ვისაუბრებ. საერთოდ რომ არსებობს და ოჯახის რჩენა შეუძლია ჩემი მადლობელი უნდა იყოს. რაც შეეხება ჭავჭავაძის გამზირზე არსებულ ტერიტორიას, ეს ტერიტორია „იბერიის ვარსკვლავს“ ახლა არ გადაცემია, მას 7 წლის მანძილზე იჯარით ფლობდა, მაგრამ გიგა შუშანიამ და ლაშა მაქაცარიამ, რომლებიც ამ ადგილით თავად იყვნენ დაინტერესებულნი, 2010 წელს უკანონოდ ჩამოართვეს დავით კოსტავას. ეს ტერიტორია და მის მოპირდაპირე მხარეს შენობა, რომელიც სავაჭრო ცენტრ grand mall-ის გვერდით მდებარეობს, „იბერიის ვარსკვლავმა“ სასამართლოს მეშვეობით დაიბრუნა (თევდორაძის განცხადებით, grand mall-ში წილს გიგა შუშანია ფლობდა), ხოლო უნივერმაღის გვერდით მდებარე ტერიტორია კი დავით კოსტავას „იბერიის ვარსკვლავის“ 75% წილის მფლობელს, იძულებით დაათმობინეს. შენობა მხოლოდ 2012 წლის არჩევნების შემდეგ დაიბრუნა. გიგა შუშანიას მორალური უფლება არ აქვს, სხვის ქონებაზე ილაპარაკოს, რადგან გიგა შუშანიამ და ლაშა მაქაცარიამ ინფექციური საავადმყოფო, რომელიც მისი სიდედრის სახელზეა გაფორმებული, ერთ ლარად მიიღეს,“ - აღნიშნა გოჩა თევდორაძემ, რომელმაც გიგა შუშანიას კორუფციული გარიგებებით და „ატკატებით“ სახლში გაკეთებული რემონტი შეახსენა.
„შუშანიამ თავის ქმედებებზე და ქონებაზე ისაუბროს, იმაზეც, თუ რა გზით აკეთებდა სახლში რემონტს? რაც შეეხება ჩემს ქონებას, არასწორი ინფორმაცია ვრცელდება. ქუთაისსა და თბილისში ნამდვილად არ მაქვს ბიზნესწილები, მაგრამ, თუკი ვინმე რამეს აღმოაჩენს ჩემს სახელზე გაფორმებულს, ყველაფერს გავაჩუქებ, ოღონდ სხვებზე და არა შუშანიაზე, რადგან ის არაფერს იმსახურებს,“ - აცხადებს თევდორაძე.
„გოჩ-აიას“ ოფიციალური ქონება ნაპოვნია! შეასრულებს თუ არა სიტყვას თევდორაძე?
მიუხედავად თევდორაძის განცხა-დებისა, რომ ის არანაირ უძრავ ქონებას არ ფლობს, გთავაზობთ საჯარო რეესტრიდან ამონაწერ არასრულ ჩამონათვალს იმ უძრავი ქონებებისას, რომელიც უშუალოდ გოჩა თევდორაძის სახელზეა გაფორმებული:
1. ქ. ქუთაისი, ავტომშენებლის ქუჩა ?6, 41.51 კვ.მ არასაცხოვრებელი ფართი, რომელსაც თევდორაძე საკრებულოს თავმჯდომარესთან თამაზ მარგველაშვილთან ერთად ფლობს.
2. ქ. ქუთაისი, ვარლამიშვილის ქუჩა ?1ა, 43კვ.მ ფართობი,
3. ქ. ქუთაისი ავტოსადგურის ?2-ის და ყოფილი პოლიციის შენობას შორის არსებული ნაკვეთი 78. კვ.მ,
4. ქ. ქუთაისის ირ. აბაშიძის გამზირის ?17გ, 1070,00 კვ.მ ფართობი.
5. ქ. თბილისი, ვაჟა-ფშაველას გამზირი კვრატალი 2, კორპუსი ?16, ჯამში 129. 63კვ.მ ფართობი.
საინტერესოა შეასრულებს თუ არა საჯაროდ დადებულ პირობას გოჩა თევდორაძე და გააჩუქებს თუ არა მის სახელზე დარეგისტრირებულ ქონებებს?