დაისვენე კურორტ ახალდაბაში
ქუთაისის ბიუჯეტს კვლავ სეკვესტრი ემუქრება
ქუთაისის ბიუჯეტს კვლავ სეკვესტრი ემუქრება
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
სულ ნანახია 1831
ავტორი:
ნესტან ჩაგელიშვილი
მსგავსი სიახლეები

ქუთაისის 2013 წლის ბიუჯეტი კვლავ სეკვესტრის საფრთხის წინაშე დგას. ქალაქის მთავარი ფინანსური დოკუმენტის ხარჯვით ნაწილსა და შემოსავლებს შორის არსებულ პრობლემებზე ქუთაისის საკრებულოს საფინანსო-სარევიზიო კომისიის თავმჯდომარემ ისაუბრა. როგორც გოგიტა გოგელაშვილი აღნიშნავს, ეკონომიკის სამსახურს ბიუჯეტის შესრულების პრობლემა აქვს. მისივე თქმით, იმის გამო, რომ ბიუჯეტის სეკვესტრი არ გახმაურდეს, არაა გამორიცხული, ქუთაისის ხელისუფლებამ შესასრულებელი ბიუჯეტის ვალდებულება მომავალი წლისთვის გადაიტანოს. თუმცა, ვალდებულების მომავალი წლისთვის გადატანა იგივე სეკვესტრია, გაცილებით მეტი პრობლემებით.

 

ქუთაისის 56-მილიონიანი ბიუჯეტის შესრულება, 9 თვის ანგარიშით, მხოლოდ 57%-ია, რაც 2013 წლის ბიუჯეტს კვლავ სეკვესტრის საფრთხის წინაშე აყენებს.


56-მილიონიანი ბიუჯეტიდან სათამაშო ბიზნესისთვის 2 მილიონი ლარია გამოყოფილი, რომლის შესრულებაც წლის ბოლომდე უნდა მოხდეს. თუმცა, ცნობილი გახდა, რომ 9-თვიანი შესრულება 1120 000 ლარს შეადგენს.


პრობლემებია ქონების მართვის სამსახურის მიერ თანხის ამოღებაზეც. სექტემბრის მონაცემებით, ქონების მართვის სამსახურის მიერ ბიუჯეტის მხოლოდ 11%-ია შესრულებული.


ქალაქის ვიცე-მერის გია შარაბიძის განცხადებით, პრობლემებია მერიის საკუთრებაში არსებული ქონების პრივატიზაციაზე, რადგან მოთხოვნა მხოლოდ ქონების იჯარით გაცემაზეა.


მიუხედავად საფინანსო-სარევიზიო კომისიის ანგარიშისა, შარაბიძე აღნიშნავს, რომ ქუთაისის 2013 წლის ბიუჯეტს სეკვესტრი არ ემუქრება, თუმცა, როგორ მოხდება ბიუჯეტის 43%-იანი სხვაობის სამ თვეში შევსება, ამ დრომდე არავინ იცის.


პრობლემებია ასევე, რეგიონული განვითარების სამინისტროსგან ქუთაისის განვითარებისთვის გამოყოფილი 16 მილიონი ლარის ათვისების კუთხითაც. 9-თვიანი მუშაობის შედეგით ათვისებულია მხოლოდ 4 მილიონი ლარი. იმის გამო, რომ ქუთაისის მერიამ რეგიონული განვითარების სამინისტროს მიერ გამოყოფილი თანხის სრული ათვისება ვერ შეძლო, სავარაუდოდ, 2013 წლის ბიუჯეტში დარჩენილი თანხა მომავალი წლის ტრანსფერად ჩაითვლება, აღნიშნულით დაზარალებული კი მხოლოდ  ქუთაისი რჩება.


გამოყოფილი 16 მილიონის სრულად ვერ ათვისებას ქალაქის ვიცე-მერი თენგიზ თოფურიძე მმართველობის დაგვიანებულ გადაბარებას უკავშირებს. „ჩვენ ქუთაისის მმართველობა მიმდინარე წლის მეშვიდე თვეს გადმოგვეცა. მიუხედავად იმისა, რომ სამინისტროს მიერ თანხა რამდენიმე თვის გადმორიცხული იყო, ჩვენი წინამორბედების მიერ არ იყო გამოცხადებული ტენდერები და რატომ არ მოხდა ეს, მათ უნდა ვკითხოთ. სწორედ ამიტომ მოხდა სამუშაოების დაგვიანება, რაც არის მიზეზი იმისა, სამინისტროს მიერ ქუთაისის განვითარებისთვის გამოყოფილი თანხა სრულად ვერ ავითვისეთ,“ - აღნიშნა თენგიზ თოფურიძემ.


იმ ფაქტს, რომ ხარჯვით ნაწილში პრობლემებია ადასტურებს საკრებულოს საფინანსო-სარევიზიო კომისიის თავმჯდომარე გოგიტა გოგელაშვილი, რომელიც ბიუჯეტის აუთვისებლობას აღმასრულებელი ხელისუფლების გვიან ჩართვას და ნაკლებ ინფორმირებულობას უკავშირებს.

 

'.$TEXT['print'].'
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია