დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
კლიმატის ცვლილება - გაქრებიან თუ არა მყინვარები
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2022/03/08 11:07:59

გასული საუკუნეების 90-იანი წლებიდან, კლიმატის ცვლილებაზე და მის გამომწვევ მიზეზებზე მეცნიერები და ექსპერტები ხშირად საუბრობენ. მსოფლიოს წამყვანი სპეციალისტები, ლიდერებთან ერთად პრევენციულ ღონისძიებებს გეგმავენ და განხორცილების გზებზე მსჯელობენ. გარემოს დამცველები, ექსპერტები და მეცნიერები კლიმატის ცვლილების გამომწვევ მიზეზად ანთროპოგენულ, ადამიანის საქმიანობის შედეგად მიღებულ ზიანს ასახელებენ. განსაკუთრებით ეს იწვევს დიდი რაოდენობის ემისიების გაფრქვევას. რაც უფრო მაღალია "სათბურის გაზების" კონცენტრაცია ატმოსფეროში, მით მეტი სითბო რჩება დედამიწაზე. "სათბურის გაზების" კონცენტრაციების ზრდის პასუხად, კლიმატური სისტემა უნდა გადაეწყოს, რომ შენარჩუნდეს ბალანსი დედამიწაზე მზიდან შემოსულ და დედამიწის მიერ გაცემულ ენერგიებს შორის.

 

მონაცემები აჩვენებს, რომ დედამიწაზე მე-19 საუკუნესთან შედარებით, 2020 წლისათვის საშუალო გლობალური ტემპერატურა გაიზარდა 0.8 ჩ-ით. დადგენილია, რომ 2100 წელს ტემპერატურა 1900 წელთან შედარებით უკვე დაახლოებით 2.6-3ჩ-მდე გაიზრდება. ასეთმა ზრდამ შეიძლება სერიოზული პრობლემები გამოიწვიოს დედამიწაზე და მივიღოთ შეუქცევადი პროცესები. სპეციალისტების თქმით, 2020 და 2016 წლები იყო ყველაზე თბილი წლები, დაწყებული 1880 წლიდან. შედეგად მივიღეთ, რომ ყინულის ფენები მნიშვნელოვნად შემცირდა (ყოველ წლიურად 300,000 მილიონი ტონა ყინული დნება), რის გამოც იცვლება გრენლანდიის, ანტარქტიდის, კავკასიის ყინულის საფარი;

 

ყინულოვანი საფარის დნობის შედეგად მოხდა ოკეანეებისა და ზღვის დონის აწევა (ბოლო 100 წლის განმავლობაში დაახლოებით 20 სანტიმეტრით), რის გამოც კონტინენტებისა და განსაკუთრებით მცირე კუნძულების სანაპირო ზოლები წყლით იფარება; შესაბამისად ოკეანეებში მჟავიანობისა და მარილიანობის დონე მატულობს  (რადგან ისინი შეიწოვენ გაფრქვეული ნახშირორჟანგის დიდ წილს); იკლებს თოვლის საფარი მთების მწვერვალებზე, მყინვარები მთათა სისტემებში უკან იხევს, რაც მნიშვნელოვნად ამცირებს წყლის რეზერვუარებს. თოვლიანობის შემცირება მთებში ზარალს აყენებს ზამთრის ტურიზმს; პარალელურად კლიმატის ცვლილება იწვევს ექსტრემალური ბუნებრივი  მოვლენების სიხშირისა და ინტენსიურობის ზრდას: ქარიშხლები, ტორნადოები, თბური ტალღები, ძლიერი წვიმები, გვალვები, ხანძრები, წყალდიდობები, გაუდაბნოება და რესურსების შემცირება უახლოეს მომავალში სულ უფრო პრობლემური გახდება, რასაც შედეგად მოყვება ეკოსისტემების დეგრადაცია; მეცნიერები ვარაუდობენ, რომ პლანეტის ტემპერატურის ზრდა ასევე გამოიწვევს მოსახლეობაში დაავადებების ზრდას;

 

საქართველოს კონტექტში კლიმატის ცვლილება ასე გამოიყურება - გაიზარდა საშუალო წლიური ტემპერატურა; 1986–2015 წლებში 1956–1985 წლებთან შედარებით, ჰაერის საშუალო წლიური ტემპერატურა თითქმის ყველგან მომატებულია 0.25–0.58 ჩ ფარგლებში. ხოლო, ბოლო 30 წლის განმავლობაში, დასავლეთ საქართველოში საშუალო წლიური ნალექების რაოდენობა გაზრდილია 5-15%-ით, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში შემცირებულია -5-15%-ით.

 

კლიმატის ცვლილებიდან გამომდინარე, მყინვარები მთელ მსოფლიოში მცირდება. 100 წლის წინ, აშშ-ს მთებში, კანადის საზღვართან მდებარე გლეიშერის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე 150 მყინვარი იყო. 2005 წელს მათი რიცხვი 27-მდე შემცირდა, ხოლო 2030 წლისთვის, სავარაუდოდ, ყველა მყინვარი გაქრება. გაქრობის მიზეზად მეცნიერები გლობალურ დათბობას ასახელებენ, რომელიც სამუდამოდ შეცვლის ტერიტორიის იერსახეს, სადაც ფრინველების 260 და ძუძუმწოვრების 62 სახეობა ცხოვრობს. ჰიმალაის მყინვარები შესაძლოა გაქრეს 2035 წლისათვის. ამ მყინვარებით იკვებება აზიის უდიდესი მდინარეები - განგი, ინდუსი, ბრაჰმაპუტრა, იანძე, მეკონგი, სალვინი და ყვითელი მდინარე, რომელთა აუზებში დაახლოებით 2,4 მილიარდი ადამიანი ცხოვრობს. ჩრდილო ამერიკის დასავლეთი სანაპირო, რომელიც იკვებება "სიერანევადისა" და "კლდოვანი მთების" მყინვარებით ანალოგიურ ზემოქმედებას განიცდის. ინტენსიურად მცირდება მყინვარების ზომები ალასკაზე. 

 

გამონაკლისი არც საქართველოა, სადაც გასული საუკუნის 80-იანი წლებიდან გლაციოლოგები ხშირად საუბრობენ მყინვარების ე.წ. ენის შემცირების შესახებ. 1960 წლის მონაცემებით საქართველოში 786 მყინვარი იყო, 2018 წლის მონაცემებით კი 725 მყინვარია, საერთო ფართობით 369.80 კმ². შესაბამისად, შემცირებულია დარჩენილი მყინვარების ფართობები. ბოლო 50 წლის განმავლობაში: დასავლეთ საქართველოში მყინვარების რაოდენობა 21%-ით, ხოლო ფართობი -27%-ით შემცირდა; აღმოსავლეთ საქართველოში მყინვარების რაოდენობა 55%-ით, ხოლო ფართობი -47%-ით შემცირდა; საქართველოში არსებული მყინვარები ძირითადად თავმოყრილია მდინარეების ენგურის, რიონის, კოდორის და თერგის აუზებში, სადაც მდებარეობს 4500 მ და უფრო მაღალი მწვერვალები. ამ აუზებში მოდის საქართველოში არსებული მყინვარების რაოდენობის 89.32% და ფართობის 97.15%.

 

მეცნიერთა განმართებით, მყინვართა ფართობისა და რაოდენობის შემცირება მტკნარი წყლის კლების კუთხითაც საგანგაშოა, რადგან ჩვენი მდინარეების ერთ-ერთი მასაზრდოებელი სწორედ მყინვარებია.

 

საქართველოს მყინვარები კი ქვეყნის ტერიტორიაზე მთელი წლის მანძილზე არეგულირებდნენ კლიმატს. ზაფხულში ინარჩუნებდნენ შედარებით გრილ ტემპერატურას და ზომიერად ცხელ დღეებს. ხოლო ზამთარში ჩრდილოეთის ცივ შენაკადებს აკავებდნენ, რიც გამოც ზამთარი ზომიერად ცივი იყო. მყინვარებზე თოვლის დნობამ ზაფხულში შეამცირა გაგრილების ეფექტი. ხოლო ზამთარი, უხვი ნაქელის მოსვლით, გაცილებით ცივი გახადა. ტენიანობამ მოიმატა აღმოსავლეთ საქართველოში და მათ შორის თბილისში. დასავლეთ საქართველოში არასეზონურმა ნალექების რაოდენობამ მაქსიმუმს მიაღწია. ტემპერატურის ცვლილებამ კი ადამიანთა ჯანმრთელობაზე უკვე პოვა ასახვა. მედიკოსების განცხადებით გახშირდა გულ-სისხლ-ძაღრვთა და სასუნთქი გზების დაავადებები.

 

გარემოს დამცველი, ექსპერტი ნინო ჩხობაძე ამბობს: „მე არ შემიძლია პროგნოზის გაკეთება თუ რა სცენარი შეიძლება განვითარედს მყინვარების დნობის მხრივ საქართველოში, თუმცა კავკასიონიდან ჩამონადენი იმატებს. სამწუხაროდ გლაციოლოგები მხოლოდ მცირე კვლევებს აწარმოებენ და მაშტაბური შესწავლა ამ ეტაპზე არ მიმდინარეობს. ამ ეტაპზე მნიშვნელოვანია კლიმატის ცვლილების საადაპტაციო გეგმის შემუშავება, რომელზეც მუშაობა დაწყებულია, თუმცა ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი არ არის. აქვე გეტყვით რომ ბევრი არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაცია ცდილობს გადადგას ნაბიჯები ადაპტაციის გეგმის შემუშავებაში. თუმცა მგონია რომ ეს არ არის კოორდინირებული. ჩვენ გვაქვს ვალდებულება კლიმატის ცვლილების საადაპტაციო გეგმები ქონდეს თითოეულ მუნიციპალიტეტს, თუმცა არათუ არა აქვთ ხშირ შემთხვევაში არც კი იციან რომ უნდა ქონდეთ. შესაბამისად არც ერთ მუნიციპალიტეტს არ ყავს პასუხისმგებელი პირი. პირველ ეტაპზე მინიმუმ უნდა ჩატარედეს ტრენინგები საკრებულოს წევრებისთვის, თანამშრომლებისთვის, რომლებმაც უნდა დაამტკიცონ კლიმატის ცვლილების ადაპტაციის გეგმა მუნიციპალურ დონეზე. შესაბამისად უნდა იქნეს გათვალისწინებული შესაბამისი ფინანსები ბიუჯეტში. ჩვენ ვიცით რომ გვაქვს მეწყერსაშიში რეგიონები, ვითარდება ეროზიები, ხშირაი წყალმოვარდნები და შესაბამისად უნდა ვიყოთ აქცენტირებულები პრევენციულ ღონისძიებებზე და არა შედეგის შემდგომ პრობლემის აღმოფხვრაზე.“ 

 

„კლიმატის ცვლილებასთან ადაპტაციის გზამკვლევი“, რომელიც ქართველ მეცნიერთა და სპეციალისტთა მიერ 2016 წელს მომზადდა წერია: „საქართველო ისეთ ქვეყნების რიცხვს მიეკუთვნება, რომლის ტერიტორიაზე თითქმის ყველა ტიპის კლიმატს ვხვდებით, რაც განპირობებულია ერთის მხრივ, მისი გეოგრაფიული მდებარეობით შავსა და კასპიის ზღვებს შორის, ხოლო, მეორეს მხრივ კი მისი რთული რელიეფით. შავი ზღვა და კავკასიონი საქართველოს ძირითად კლიმატ წარმომქმნელ ფაქტორებს წარმოადგენენ. კავკასიონი ჩრდილოეთიდან ცივი ჰაერის მასების შემოჭრას აკავებს, ხოლო შავი ზღვა ტემპერატურის ზომიერ განაწილებასა და ნალექების დიდი რაოდენობით მოსვლას განაპირობებს. დასავლეთ საქართველო მიეკუთვნება ზღვის სუბტროპიკული კლიმატის ნოტიო ოლქს, სადაც გამოიყოფა 7 კლიმატური ზონა და რამდენიმე ქვეზონა, ზღვიდან დაშორებისა და ოროგრაფიის გათვალისწინებით, აღმოსავლეთ საქართველო კი ზომიერად ნოტიო სუბტროპიკულ კლიმატურ ოლქს ეკუთვნის, სადაც 9 კლიმატური ზონაა. საქართველოს სამხრეთით კი ზომიერად ნოტიო სუბტროპიკულიდან მთიანეთის მშრალ კლიმატზე გარდამავალი კლიმატის ქვეოლქია, სადაც თავის მხრივ 5 კლიმატური ზონა გამოიყოფა.“

 

ფაქტია, რომ საქართველო კლიმატის ცვლილების მხრივ მოწყვლადია. მისი მრავალფეროვნებიდან გამომდინარე კლიმატის ცვლილების არაერთი ფაქტორი უკვე გამოიხატა. მათ შორის დედოფლისწყაროში გაუდაბნოების პროცესი მიმდინარეობს. იმატა გვალვების რაოდენობამ.  ზოგიერთ მუნიციპალიტეტებში ნალექების რაოდენობა შემცირდა. გახშირდა ქარიანი დღეების რაოდენობა. მდინარეებიდან ინერტული მასის მეტი რაოდენობით ამოღებამ მიმდებარე სოფლების დატბორვა გამოიწვია. საშიშროება ემუქრება შავი ზღვის სანაპირო ზოლს, სადაც უკვე რამდენიმე ათეული წელია მდინარე ჭოროხი ვერ უზრუნველყოფს სათანადო „ნატანის“ ჩამოტანას სანაპირო ზოლის უზრუნველსაყოფად. სწორედ ეს გახდა მიზეზი გახშირებული და დიდ ბალიანი ტალღების წარმოშობის სანაპირო ზოლზე.  ტყის მასიურმა გაჩეხვამ სხვადასხვა სტიქიური უბედურებები გამოიწვია. მათ შორის ღვარცოფების, წყალდიდობების. პარალელურად, ზოგიერთ ადგილებში მოცულობა შემცირდა და გაქრა მცირე ზომის შენაკადები. უკვე შეცვლილმა კლიმატმა ასახვა პოვა სოფლის მეურნეობის დარგების განვითარებაზე. დარგის სპეციალისტები  აგროვადების შეცვლაზე საუბრობენ. ტენიანობა შემცირებულ ნიადაგზე იმატა ქარიანმა დღეებმა და გვალვებმა ტრადიციული კულტურების გაქრობა გამოიწვია. ზოგიერთ ადგილებში კი მომატებულმა ნალექებმა გარკვეულ კულტურული ჯიშებს სასათბურე პირობები შეუქმნა.

 

კლიმატის ცვლილების კუთხით ქმედითი ნაბიჯების გადადგმი ვალდებულება გვაქვს ასოცირების ხელშეკრულების მეოთხე კარის მე-5 თავის ფარგლებში, სადაც საუბარია თანამშრომლობის განვითარებაზე და გაძლიერებაზე კლიმატის ცვლილების დასაძლევად და იგი მიზნად ისახავს კლიმატის ცვლილების შერბილებას და კლიმატის ცვლილებასთან ადაპტაციას, მათ შორის უსაფრთხო და მდგრადი დაბალნახშირბადიანი შემცველობისა და საადაპტაციო ტექნოლოგიების კვლევას, განვითარებას, დემონსტრირებას, დანერგვას; ასევე, გავრცელება და კლიმატთან დაკავშირებული საკითხების დარგობრივ პოლიტიკაში ინტეგრაციას. აღნიშნულია, რომ უნდა მომზადდეს და განხორციელდეს „ადაპტაციის ეროვნული სამოქმედო გეგმა“ (NAPA); „დაბალემისიანი განვითარების სტრატეგია“ (LEDშ) - „ეროვნულად მისაღები შემარბილებელი ქმედებების“ ჩათვლით და სხვა.

 

ასოცირების ხელშეკრულებაში გარკვევით წერია, რომ ადაპტაციის გეგმა ევროპულ სტანდარტებთან უნდა იყოს დაახლოებული. ამისთვის ქვეყანამ ტაქტიკური ღონისძიებები უნდა დაგეგმოს. აღსანიშნავია ის, რომ გლობალური დათბობა, რაც სხვადასხვა სახით არის გამოხატული საქართველოში, კომპლექსურ მიდგომას საჭიროებს სადაც ყველა უწყება და სამინისტრო იქნება ჩართული. მნიშვნელოვანია საადაპტაციო გეგმის შემუშავებაში, პრევენციული ღონისძიებების დაგეგმვაში და შერბილების პოლიტიკის განხორციელებაში გარემოს დაცვის სამინისტროსთან ერთად ენერგეტიკის, ჯანდაცვის, განათლების, ეკონომიკის, თავდაცვის და სოფლის მეურენეობების სამინისტროებიც აქტიურად იყვნენ ჩართულები. ეს ის სამინისტროებია, რომელთა სამომავლო გეგმებზე კლიმატის ცვლილება პირდაპირ აისახება და თითოეული მათგანი საჭიროებს პრევენციის და შესაბამისად ადაპტაციის გეგმას. გეგმას, რომელიც იქნება ორიენტირებული კლიმატის ცვლილებით გამოწვეული ზიანის შემცირებაზე და ადამიანების უსაფრთხოებაზე.


მარიკა ეფრემიძე

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 473
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2022 საავტორო უფლებები დაცულია