დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზი“-ში
სპონსორი: PSnewsGE
ბიზნესის განვითარების ხელშეწყობა სოფლად: მცირე ბიზნესის განვითარების პროექტის შედეგები
ავტორი: ნატო გუბელაძე
2021/12/16 14:46:09

 

 

მცირე ბიზნესის განვითარების პროექტი-3 ინიცირებული და დაფინანსებულია bp-ისა და მისი პარტნიორების მიერ საქართველოს მილსადენის კომპანიაში. პროექტის მიზანია პოზიტიური ურთიერთობების გაღრმავება bp-სა და ბაქო-სუფსის მილსადენის გასწვრივ მდებარე სოფლების მოსახლეობას შორის მცირე ბიზნესის წამოწყებისა და განვითარების ხელშეწყობის საშუალებათა შექმნით.


პროექტის მიმდინარე, მესამე ფაზა დაიწყო 2018 წლის ივლისში და დასრულდება ამა წლის ბოლოს. ეს არის 2012 წელს დაწყებული პროგრამის ნაწილი, რომელიც ხორციელდება რვა მუნიციპალიტეტის სამოცდაერთ სამიზნე სოფელში. ჩვენ ინტერესით ვადევნებთ თვალს პროექტის შედეგებს.  ამასთან  დაკავშირებით გავესაუბრეთ პროექტის მენეჯერს, მარიანა ლოთიაშვილს და ბიზნესის განვითარების სპეციალისტებს ქეთო დვალიშვილს და ალექსი ხარშილაძეს.


როგორც მათ აღნიშნეს, პროექტის განხორციელების პერიოდში ჩატარდა სამი საგრანტო კონკურსი, რომელშიც მონაწილეობა მიიღო თითქმის რვაასმა ადამიანმა, მათგან 250–მა გაიარა ბიზნეს-გეგმის დაწერის ტრენინგი და მიიღო სხვადასხვა სახის კონსულტაცია. საბოლოო ჯამში, მრავალსაფეხურიანი საკონკურსო შერჩევის შედეგად დაფინანსდა სამოცდაჩვიდმეტი მეწარმე, მათ შორის ოცი ქალბატონი და თვრამეტი  35 წლამდე ახალგაზრდა.


ყველა დაფინანსებულმა ბენეფიციარმა წამოიწყო ან გააფართოვა საკუთარი ბიზნესი, რომლიდანაც  მიღებულმა საშუალო თვიურმა მოგებამ 550 ლარი შეადგინა, რაც საოჯახო ბიუჯეტის არსებითი დანამატია. ოცდაოთხ სოფელში შეიქმნა საწარმოები, რომელთა მსგავსი იქ ადრე არ არსებობდა, ხოლო პროექტის მიერ დაფინანსებულმა მეწარმეებმა მოახდინეს 900,000 ლარზე მეტი ღირებულების პროდუქტისა და მომსახურების რეალიზაცია. გარდა ამისა, მათ სახელმწიფო ბიუჯეტში შეიტანეს 10000 ლარზე მეტი გადასახადებისა და შენატანების სახით. ასეთია ზოგიერთი სტატისტიკური მაჩვენებელი.  


რასაკვირველია, ყველა მათგანმა ასევე გაიარა სხვადასხვა ტრენინგი, სწავლება და კონსულტაცია პროფესიული და სამეწარმეო უნარების განვითარების მიზნით, ასევე აიმაღლა ცნობიერება კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებულ რისკებზე და მათი შემცირების მექანიზმებზე.


მიუხედავად იმისა, რომ პროქტი სოფლებში ხორციელდება და მოსახლეობის მეტი ინტერესი სასოფლო-სამეურნეო მიმართულების პროექტებს უნდა გამოეწვია, დაფინანსებული ბიზნესების 54% დაკავშირებულია არასასოფლო-სამეურნეო წარმოებასა და მომსახურებასთან. მათ შორის ყველაზე ფართოდაა წარმოდგენილი მიწის ხვნა და კულტივაცია (ე.წ. აგროსერვისები), წისქვილები, სილამაზის სალონები, საკონდიტრო საცხობები, ავტოშეკეთების და ავეჯის საამქროები. რაც შეეხება სასოფლო-სამეურნეო წარმოებას, აქ ყველაზე მეტი პროექტი განხორციელდა მესათბურეობის, მეფუტკრეობის, მეფრინველეობისა და კენკრის მოყვანის დარგში. როგორც პროექტის მენეჯერმა აღნიშნა, საქმიანობის მიმართულებათა ფართო სპექტრი მოწმობს არამარტო სოფლად მცირე ბიზნესის განვითარების საკმაოდ დიდ პოტენციალზე, არამედ მზარდ ინტერესზე პროექტისადმი.



თუმცა, მიუხედავად საკმაოდ შთამბეჭდავი ეკონომიკური მაჩვენებლებისა, პროექტის გუნდის აზრით, მთავარი მიღწეული შედეგია საზოგადოების კეთილგანწყობისა და ნდობის ზრდა პროგრამისა და მისი დონორის, კომპანია bp-სადმი, რადგან ადამიანები აშკარად ხედავენ პროექტის შედეგებს და მის სარგებლიანობას. მიუხედავად იმისა, რომ საგრანტო კონკურსის ყველა მონაწილე ვერ იღებს დაფინანსებას, მათი აბსოლუტური უმეტესობა თვლის, რომ bp ბევრს აკეთებს ადგილებზე ეკონომიკური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად და სურთ, რომ მსგავსი პროექტები უფრო მეტი იყოს.


რა თქმა უნდა, ამ ხნის განმავლობაში იყო სირთულეებიც, რომელთა შორის უმთავრესია კორონავირუსის პანდემია და მასთან დაკავშირებული შეზღუდვები, ეკონომიკის და შემოსავლების ვარდნა და ა.შ. პროექტის გუნდს მოუწია კომუნიკაციის და სწავლების დისტანციურ მოდელზე გადასვლა. თავიდან ეს ერთგვარი გამოწვევა იყო, რადგან სოფლად ინფორმაციული ტექნოლოგიები ნაკლებადაა განვითარებული, მაგრამ თანდათანობით მოსახლეობამ შეიძინა ახალი გამოცდილება დახალისიანად ერთვებოდნენ  ვიდეოპლატფორმით ჩატარებულ ტრენინგში.  


ბევრმა დაფინანსებულმა მეწარმემ დაიწყო თავისი პროდუქტების და მომსახურების რეკლამირება სოციალური ქსელების მეშვეობით, რამდენიმე მათგანი თავის მომხმარებლებს მიტანის სერვისს სთავაზობს. ასე რომ, გასულ პერიოდში არსებული სირთულეების მიუხედავად, პროექტის ბენეფიციარები ფრთხილი ოპტიმიზმით უყურებენ მომავალს.


აღსანიშნავია, რომ მცირე ბიზნესის განვითარების პროექტს არამარტო ეკონომიკური, არამედ საკმაოდ დიდი სოციალური მნიშვნელობაც აქვს, რაც იმაში გამოიხატება, რომ ამაღლდა დაფინანსებულ მეწარმეთა ცოდნის დონე, მათ შეიძინეს უნარები, რომლებიც დაეხმარებათ შემდგომ განვითარებაში, გაეზარდათ მოტივაცია, თვითშეფასება და საქმიანი კონტაქტები.


რა თქმა უნდა, ჩვენთვის საინტერესო იყო რამდენიმე დაფინანსებულ მეწარმესთან გასაუბრება იმაზე, თუ როგორ აფასებენ ისინი თავის მონაწილეობას პროექტში.


დავით კუხიანიძე (წიწილების ფერმა, სოფ. ზოვრეთი, ზესტაფონი) 2020 წლის ივნისში პროგრამის მიერ დაფინანსდა და შეიძინა საკვებურები, სარწყულები, ტენიანობის საზომი მოწყობილობა, დენის გენერატორი და ა.შ. საკუთარი შენატანის ფარგლებში კი გაარემონტა ფერმის შენობა, დაამონტაჟა პლასტმასის ფანჯრები და კარები. დავითი ახორციელებს ერთდღიანი ბროილერი წიწილების გამოზრდას, შემდეგ ფრინველი მუშავდება სასაკლაოში და ხდება მისი რეალიზაცია ზესტაფონის სასოფლო-სამეურნეო ბაზარში. საწყის პერიოდთან შედარებით, დავითმა გააოთხმაგა წარმოების მოცულობა და ფიქრობს ბიზნეს-პროცესების შემდგომ ოპტიმიზაციაზე. ფინანსურად მისი ბიზნესი საკმაოდ წარმატებულია, თუმცა ბოლო დროს საგრძნობლად გაიზარდა წიწილების საკვების ფასი, რამაც შესაბამისად გაზარდა ხარჯები. მიუხედავად ამისა, დავითი ოპტიმისტურადაა განწყობილი და დარწმუნებულია, რომ შეძლებს ფერმის გაფართოვებას. ის ამბობს: “დიდი მადლობა მცირე ბიზნესის განვითარების პროექტს და bp-ს, რადგან ეს პროექტი ნამდვილად ეხმარება ადამიანებს და აუმჯობესებს მათ ცხოვრებას,  ადამიანები მოუთმენლად ელიან მის გაგრძელებას”.

 

გოდერძი სოხაძე (ავეჯის საამქრო, სოფ. ჭალატყე, ზესტაფონი) 2020 წლის ივნისში დაფინანსდა და შეიძინა შესაბამისი დანადგარები. ორ თვეში დაიწყო ავეჯის კომპლექტების წარმოება ლამინატისა და მდფ-სგან, კლიენტებიც მალე გამოუჩნდა დახვეწილი დიზაინისა და მისაღები ფასების გამო. მაგრამ გოდერძის სჯერა, რომ მეტის გაკეთება შეუძლია და სურს დაიწყოს დეკორატიული ავეჯის წარმოება ნატურალური ხისგან, რაც პრემიუმ-სეგმენტში გადასვლას ნიშნავს. ბიზნესის გაფართოების მიზნით მან მონაწილეობა მიიღო სახელმწიფო პროგრამაში „აწარმოე საქართველოში“ და შერჩევის ფინალურ ეტაპზე გადავიდა, მაგრამ საბოლოო ჯამში ვერ გაიმარჯვა. მიუხედავად ამისა, გოდერძი იმედს არ კარგავს და სჯერა, რომ გაფართოებას შეძლებს. ის მადლობას უხდის პროექტს, რომელიც ძალიან დაეხმარა და ამბობს: „ბიზნესის დაწყება მოვახერხე მცირე ბიზნესის განვითარების პროექტის წყალობით. მე არამარტო დამაფინანსეს, არამედ ბევრი ვისწავლე, გავაფართოვე ნაცნობების წრე და დავამყარე სასარგებლო კავშირები. დიდი მადლობა ორგანიზაცია CTC-ის და bp-ის, რომ მომცეს განვითარების სტიმული და საკუთარი თავის რწმენა”.

 

ნინო თავდგრიძე (სილამაზის სალონი, სოფ. ამაღლება, ვანი) დაფინანსდა 2020 წლის ივნისში. მან შეიძინა სალონისთვის საჭირო ინვენტარი, საკუთარი თანადაფინანსების ფარგლებში კი გაარემონტა შენობა და ენერგიულად შეუდგა საქმიანობას. ნინოს ადრეული ასაკიდან აინტერესებდა თმის შეჭრის და შეღებვის სხვადასხვა ტექნიკა და ყოველთვის სურდა ჰქონოდა ბიზნესი, რომელიც მის გატაცებასთან იქნებოდა დაკავშირებული. როდესაც გაიგო პროექტის ფარგლებში გამოცხადებული საგრანტო კონკურსის შესახებ, გადაწყვიტა მონაწილეობა მიეღო. პირველ წელს კონკურსში ვერ გაიმარჯვა, მეორე ცდა უფრო იღბლიანი აღმოჩნდა. სოფელში ნინოს გამარჯვების ამბავმა დიდი მოწონება დაიმსახურა, რადგან ამაღლების მცხოვრებლებს კარგა ხანია უნდოდათ სილამაზის სალონი ჰქონოდათ. მეგობრული და თავისი საქმის მცოდნე ნინო საკმაოდ პოპულარულია სოფელში, მისი კლიენტების რიცხვი იზრდება.

ის რეკლამირებას უკეთებს თავის სალონს სოციალურ ქსელში და ცდილობს გააფართოოს როგორც  მომხმარებელთა რაოდენობა,  ასევე  შეთავაზებული სერვისები. ნინო ამბობს: “დიდი მადლობა bp-ის და CTC-ის ასეთი მნიშვნელოვანი პროექტისთვის. მე ბევრი სარგებელი მივიღე და ეს ეხება არა იმდენად დაფინანსებას, რამდენადაც სწავლებას, ყურადღებას და დამოკიდებულებას პროექტის თანამშრომლების მხრიდან. პროექტში მონაწილეობამ გაზარდა ჩემი თვითშეფასება, აღიარება და პატივისცემა ახლობლებისა და ნაცნობების მხრიდან. დარწმუნებული ვარ, რომ კიდევ უფრო განვავითარებ ჩემს ბიზნესს“.

 

ჩვენც წარმატებას ვუსურებთ მნიშვნელოვან პროექტს და იმედს გამოვთქვამთ, რომ პროგრამა  დიდხანს გაგრძელდება და შთამბეჭდავ შედეგებს გამოიღებს.

 

 

 

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 305
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2022 საავტორო უფლებები დაცულია