დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
წამლის ფასის რეგულირებასთან დაკავშირებით ჯანდაცვის სამინისტროში შეხვედრა გაიმართა
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2021/11/16 23:58:14

მედიკამენტების ფასის რეგულირებასთან დაკავშირებულის საკითხები განიხილეს  ჯანდაცვის სამინისტროში. შეხვედრას სამინისტროსა და რეგულირების სააგენტოს ხელმძღვანელი პირები, კონკურენციის სააგენტოს, პარლამენტის და  ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

 

ეკატერინე ტიკარაძემ აღნიშნა, რომ წამლის ფასი მოსახლეობისთვის ძალიან დიდ ტვირთს წარმოადგენს და ჯანდაცვის სამინისტრო აღნიშნული პრობლების აღმოსაფხვრელად აქტიურ რეჟიმში იწყებს მუშაობას. 

 

„დღევანდელი ჩვენი შეხვედრის მთავარი მიზანი იყო როგორც წამლის ხარისხი, ასევე წამლის ფასი, რომელიც უკვე წლებია ძალიან დიდ ტვირთს წარმოადგენს ჩვენი მოსახლეობისთვის და ასევე, ზოგადად ჯანდაცვის სისტემისთვის. ამასთან დაკავშირებით ჯანდაცვის სამინისტროში მუშაობა 2019 წლის შემდეგ მიმდინარეობს, აქტიურად არის ჩართული ჯანდაცვის კომიტეტი, რომელიც მუშაობდა წამლის კანონის ნაწილზე, ასევე მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია, რომელმაც შეისწავლა ბაზარი და დადო არაერთი მნიშვნელოვანი რეკომენდაცია ამასთან მიმართებაში. ჩვენთვის ასევე მნიშვნელოვანი იყო დაგვენახა ამ ბაზრის პრობლემა სხვა ჭრილში და აქედან გამომდინარე ჩავრთეთ კონკურენციის სააგენტო, რომელმაც უკვე დაასრულა თავის ხედვებზე მუშაობა, მათ აქვთ მკაფიო 11 რეკომენდაცია. დღეის შემდეგ ჩვენ, სამუშაო ჯგუფების ფორმატშ, გავაგრძელებთ უკვე თითოეული მხარის მხრიდან დანახული პრობლემატიკის შეჯერებას და ამის მიხედვით უკვე გავიტანთ იმ მნიშვნელოვან კანონს, რომელიც აისახება ჩვენი მოქალაქეების კეთილდღეობაზე, როგორც წამლების ფასის, ასევე ხარისხის კუთხით“,  - აღნიშნა ეკატერინე ტიკარაძემ.

 

შეხვედრას ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეგიონალური დირექტორიც ესწრებოდა. სილვიუ დომენტემ განმარტა, რომ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ჩატარებული ფინანსური ანალიზის მიხედვით, მოსახლეობის ჯიბიდან გადახდების 70% სწორედ მედიკამენტებზე მოდის.

 

„მედიკამენტების ფასი ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია არამარტო საქართველოში, არამედ მთელს რეგიონში და გლობალურად. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ ფინანსური ანალიზი გააკეთა, რამაც აჩვენა, რომ მოსახლეობის ჯიბიდან გადახდების ძალიან დიდი ნაწილი სწორედ მედიკამენტებზე მოდის. ასევე შევისწავლეთ მედიკამენტების შესყიდვისა და მომარაგების ნაწილი. მედიკამენტების ფასის რეგულირება პირველ ეტაპზე, რა თქმა უნდა საკანონმდებლო ცვლილებებს მოითხოვს, აქედან გამომდინარე ჯანდაცვის სამინისტროსა და პარლამენტს ჯანდაცვის კომიტეტთან ერთად მოსამზადებელი სამუშაოები დავიწყეთ, რაც ფასისა და ხარისხის დარეგულირებას ისახავს მიზნად და თანხვედრაშია ევროპის კანონმდებლობასთან“,  - აღნიშნა „ჯანმო“-ს რეგიონალურმა დირექტორმა.

 

საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ირაკლი ლექვინაძე აღნიშნავს, რომ სააგენტოს მიერ მომზადებული 11 რეკომენდაციის მიზანი სწორედ, მომხმარებლის მხრიდან, მედიკამენტებზე გაწეული დანახარჯების  მნიშვნელოვანი შემცირებაა.

 

„მადლობა დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შეხვედრის ორგანიზებისთვის, ყველა დაინტერესებულ მხარეს ჩართულობისთვის, მხარდაჭერისთვის. ჩვენ გამოვთქვამთ მზადყოფნას, დარგის ექსპერტებთან, დაინტერესებულ პირებთან, ბაზარზე მოქმედ კომპანიებთან, დარგის მარეგულირებელთან ერთად განვიხილოთ, ჩავერთოთ სამუშაო ჯგუფის მუშაობაში, რომ წარმოდგენილი რეკომენდაციები შესაბამისად აისახოს საკანონმდებლო ცვლილებებში,“ - განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ.

 

პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის დიმიტრი ხუნდაძის თქმით, წამლის ფასის რეგულირების ნაწილზე მუშაობა ერთ წელზე მეტია რაც მიმდინარეობს.

 

„ჩვენ მოვახდინეთ არსებული საკანონმდებლო ბაზის რევიზია, რომელიც ამ მიმართულებას არეგულირებს. ეს კანონმდებლობა არის 2009 წელს მიღებული და მოძველებული. ამიტომ ჩვენ, როგორც ადგილობრივ, ასევე ევროპელ ექსპერტებთან ერთად შევიმუშავეთ ახალი საკანონმდებლო ბაზა, რომელიც იქნება უფრო მეტად დახვეწილი და ის უზრუნველყოფს, რომ ამ სექტორში ბაზარი იყოს დარეგულირებული და გახდეს შესაძლებელი, რომ  მედიკამენტი ქვეყანაში იყოს ხარისხიანი, უსაფრთხო და ხელმისაწვდომი“, - აღნიშნა დიმიტრი ხუნდაძემ.

 

შეხვედრაზე მოხდა სამუშაო ჯგუფის დაკომპლექტება, რომელიც წამლის ფასის რეგულირებასთან დაკავშირებით კონკრეტულ ინიციატივებს შეიმუშავებს, რასაც საბოლოოდ საკანონმდებლო სახე მიეცემა. პროცესში აქტიურად იქნება ჩართული   სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 612
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია