დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
პანდემიის შემდეგ დაწყებული ბიზნესი
„ტორტები ახალდაბაში“ - ხელოვნება საკონდიტროში
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2021/07/22 15:28:33

ახალდაბელი კონდიტერის, ნატო (ნატალი) ხაჩიძისთვის პანდემია გახდა მიზეზი იმისა, რომ თავისი დიდი ხნის ჩანაფიქრი რეალობად ექცია. სწორედ სამსახურის გარეშე დარჩენილმა გადაწყვიტა, წლების განმავლობაში კონდიტერობით დაგროვილი გამოცდილება საკუთარ საოჯახო ბიზნესად ექცია. „ტორტები ახალდაბაში“ - ეს გვერდიც სწორედ პანდემიის დაწყების შემდგომ, მიმდინარე წლის მარტიდან გაჩნდა ფეისბუქის სოციალურ ქსელში და შედეგმაც არ დააყოვნა, შეკვეთების რაოდენობა დღითიდღე იზრდება...


ნატალი 6 წლის იყო, როდესაც ბებიასთან და დედასთან ერთად პირველი ტორტი გამოაცხო. როგორც თვითონ ამბობს, ძალიან უყვარდა მათთან ერთად სამზარეულოში ტრიალი და მრავალფეროვანი საკონდიტრო ნაწარმის შექმნა.


პანდემიამდე ნატო ხაჩიძე ბორჯომის სხვადასხვა სასტუმროში მუშაობდა კონდიტერად. ბოლოს 3 წელი  ხუთვარსკვლავიან სასტუმრო ,,რიქსოს“-ში იმუშავა, სადაც გახსნიდან ათ თვეში მოიპოვა მთავარი კონდიტერის სტატუსი და მთავარი შეფის, ფრანგი კულინარის, ფრენკ ვარატის ჯილდო და სერთიფიკატიც დაიმსახურა. გარდა ამისა, იგი მუდმივად მონაწილეობდა სხვადასხვა ტრენინგებსა თუ სემინარებში და გამოცდილებაც თანდათან გროვდებოდა. ასე გახდა თვითნასწავლი კონდიტერი პროფესიონალი, რომელიც დღეს ახალდაბაში, საკუთარ სახლში გახსნილ პატარა საკონდიტროში, ფაქტობრივად, ხელოვნების ნიმუშებს ქმნის და რაც მთავარია, ვიზუალური მხარე პირდაპირ პასუხობს გემოს, რომელიც აუცილებლად უნდა გასინჯოთ.


„მართლაც დიდი გამოცდილება მივიღე სასტუმროებში მუშაობისას, შემიძლია, ზუსტად და სწორად განვსაზღვრო დრო, რომ ერთი წუთიც არ დავკარგო, არ დამაგვიანდეს და ამასთან ყველაფერი ვაკეთო ხარისხიანად, ასე მუშაობით მეტი დრო გრჩება, მეტი გამოგდის და ყველაფერს ასწრებ. ჩვენს საქმეში ერთ-ერთი ყველაზე მთავარი  დროის განსაზღვრაა. ერთი პერიოდი  სასტუმროში 12 სახეობის პურსაც ვაცხობდი“ - გვითხრა საუბარში ქალბატონმა ნატომ.


ამბობს, რომ მუშაობის პროცესში ტექნიკას დიდი მნიშვნელობა აქვს, რაც შეეხება ტექნოლოგიას, არჩევს ძველი მეთოდით მოამზადოს კრემები და გამოიყენოს ნატურალური კარაქი,რძე.


ნატო ხაჩიძე ტორტების გარდა, მომხმარებლებს სთავაზობს ნებისმიერი სახის ნამცხვარს, ხილის ტარტებს, უგემრიელეს დონატებს, კალათებს, ეკლერს, შტრუდელებს, ქიშს და ა.შ. ამავე დროს იღებს აჩმისა და ხაჭაპურის შეკვეთებსაც.


უამრავი პოზიტიური შეფასებები ვიხილეთ ნატო ხაჩიძის Facebook გვერდზე ,,ტორტები ახალდაბაში“.


- ბოლომდე ასე ვაპირებთ გაგრძელებას და ხარისის შენარჩუნებას- გვეუბნება ნატო, -   ამ ეტაპზე მხოლოდ შეკვეთებზე ვმუშაობ, დრო ძალიან მცირეა. ძალიან ბევრი რეკავს. ცოტა ხნის წინ უცხოეთიდან დამირეკეს, ანტალიიდან, შემდეგ იტალიიდანაც და ტორტი შემიკვეთეს ახლობლებისთვის. ბაკურიანშიც ხშირად ვაგზავნით შეკვეთებს, გასულ კვირას შეკვეთა რაბათში წაიღეს.

 


მსურს, რაღაც განსხვავებული იყოს ახალდაბაში.საკონდიტროს გახსნის გადაწყვეტილება, ფაქტობრივად, მოულოდნელად მივიღე, რადგან პანდემიამ საერთოდ რთული სიტუაცია შექმნა ქვეყანაში და შემოსავლის გარეშე დავრჩით. უახლოეს პერიოდში ვგეგმავ, სამზარეულოს ტექნიკურად განახლება-გაფართოვებას, რომ უფრო კომფორტულად შევძლო საქმიანობა. სიმართლე გითხრათ ასეთ დატვირთვას და მოთხოვნას დასაწყისიდანვე  არ ველოდი. ყოფილა დღეები, ოცდაოთხი  საათიდან მხოლოდ 2 საათით შევისვენე.

 

- ვინმე თუ გეხმარებათ და რამდენად რთულია მუშაობდე ამ რეჟიმით?

- ჩემი ბიჭი ლექსო ახალდაბის სკოლის მეთორმეტე კლასელია და ის ძალიან მეხმარება, დაინტერესებულია ამ სფეროთი. სასტუმროში რომ ვმუშაობდი, შვილები მოდიოდნენ ჩემთან, გოგონამაც მაშინ გაიარა კურსები და ფრაგი შეფისგან მანაც აიღო სერთიფიკატი. ლექსომ რომ დაინახა, ახალგაზრდა ბიჭები როგორ მუშაობდნენ ამ სფეროში, კიდევ უფრო დაინტერესდა. თავდაპირველად, იქ მეხმარებოდა. სამომავლოდ ფიქრობს, რომ ამ მხრივაც განვითარდეს. პირველი ტორტი ლექსომ  ნანა მასწავლებელს გაუკეთა.


აღსანიშნავია, რომ ლექსომ, დედასთან ერთად, ახალდაბაში არსებული საოჯახო  სასტუმრო და მედიაკაფე „ლუტრეზი“-სგან უკვე მიიღო შეთავაზება, რომ ადგილზე შესთავაზოს სტუმრებს მისი საკონდიტრო ნაწარმი. და ისინი უკვე, ფაქტობრივად, ყოველდღე ახალ-ახალ პროდუქციას უგზავნიან მედიაკაფეს.


მთავარი კონდიტერის სტატუსის მფლობელი, ქალბატონი ნატო ხაჩიძე  ბებიის როლსაც არაჩვეულებრივად ითავსებს, იგი ქალიშვილისგან, ხატიასგან, უკვე სამი შვილიშვილის ბებიაცაა.


 


საუკეთესო ტორტებისა თუ სხვადასხვა გემრიელბების შესაკვეთად  შეგიძლიათ, ნატო ხაჩიძეს  დაუკავშირდეთ  შემდეგ ნომრებზე: 571 09 87 85; 555 23 86 46.

 

ხოლო, თუ მყუდრო, სასიამოვნო გარემოში, გემოვნებიან მუსიკასთან ერთად, ნატალის ტკბილეულის, უგემრიელესი ნუგბარის დაგემოვნების სურვილი გაგიჩნდებათ, მაშინ ახალგაზრდულ მედიაკაფე „ლუტრეზი“-ს უნდა ესტუმროთ ახალდაბაში და ისიამოვნოთ. აქ ფინჯან ყავასთან ერთად, ყოველდღიურად ნატალის ხელოვნების ნიმუშებით ჩაიგემრიელებთ პირს.


 

 

იზა იანვარაშვილი

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2120
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია