დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ნორვეგიის მთავრობასა და გაეროს ბავშვთა ფონდთან თანამშრომლობით ახალი პროექტი იწყება
2021/03/20 14:04:00

განათლების სისტემის ხარისხისა და ინკლუზიურობის გაძლიერების მიზნით, საქართველოს, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, ნორვეგიის მთავრობა და გაეროს ბავშვთა ფონდი ერთობლივი სამწლიანი პროგრამის განხორციელებას იწყებს.  

 

აღნიშნული პროგრამის ბენეფიციარები იქნებიან 3-დან 18 წლამდე ასაკის ბავშვები, მათ შორის, შშმ, ეროვნული უმცირესობების წარმომადგენელი, სოციალურად დაუცველი, სკოლის მიღმა დარჩენილი, ანდა სწავლის შეწყვეტის საფრთხის ქვეშ მყოფი ბავშვები. პროგრამა მათ დაეხმარება, მიიღონ ინკლუზიური და ხარისხიანი განათლება. პროექტი დაფინანსებულია ნორვეგიის მთავრობის მიერ და 2021-2023 წლებში განხორციელდება.

 

პროგრამის პრეზენტაციასთან ერთად, რომელიც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში გაიმართა, მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა, ნორვეგიის ელჩმა ჰელენ სანდ ანდრესენმა, გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელმა საქართველოში ღასან ხალილმა და ნორვეგიის სპეციალური საჭიროების საგანმანათლებლო სააგენტოს გენერალურმა მენეჯერმა ანმარი ბექმან ჰანსენმა თანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი.

 

„ძალიან მნიშვნელოვან პროგრამას ვიწყებთ ნორვეგიის მთავრობასა და გაეროს ბავშვთა ფონდთან თანამშრომლობით, რომელიც ხელს შეუწყობს თითოეული მოსწავლისთვის ხარისხიან განათლებაზე თანაბარი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას. აღსანიშნავია, რომ ინკლუზიური განათლების განვითარება სამინისტროსთვის ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტს წარმოადგენს და საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობით არაერთი მხარდამჭერი პროგრამა ხორციელდება. ვიმედოვნებ, რომ პროცესი მომავალშიც გაგრძელდება და ხელშესახებ და ნაყოფიერ შედეგებს მოიტანს,“ – განაცხადა განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა.

 

„ოთხწლიანი თანამშრომლობა ითვალისწინებს ორ ქვეყანას შორის ერთიან სტრატეგიულ ხედვას“, განაცხადა მისმა აღმატებულებამ, ჰელენ სანდ ანდრესენმა, ნორვეგიის ელჩმა საქართველოში. „პროექტი ეფუძნება განვითარების პროგრამის ეროვნულ პრიორიტეტებს და მდგრადი განვითარების გლობალურ მიზნებს. პროექტი ითვალისწინებს საუკეთესო გამოცდილების, ცოდნისა და უნარების გაზიარებას პრაქტიკოს სპეციალისტებსა და თანამოაზრეთა შორის, გაეროს წამყვანი სააგენტოს მხარდაჭერას, რომელსაც აქვს  აღნიშნულ სფეროში დიდი გამოცდილება და ასევე ათეულობით წელია მუშაობს ქვეყანაში. პროექტის მიზანია, განახორციელოს თითოეული ბავშვის უფლება, განავითაროს პიროვნული თვისებები, ნიჭი, შემოქმედებითი უნარები, გონებრივი და ფიზიკური შესაძლებლობები“.     

 

„თითოეულ ბავშვს აქვს ხარისხიანი განათლების მიღების და სწავლის უფლება“, – განაცხადა ღასან ხალილმა, გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელმა საქართველოში. „როგორც ყველა ბავშვს, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებსაც აქვთ სამომავლო გეგმები და ოცნებები, მაგრამ განათლების მიღების გზაზე ისინი ხშირად აწყდებიან  მუდმივ ბარიერებს არსებული სტიგმისა და სასკოლო სივრცეში შეზღუდული შესაძლებლობის მომსახურებების არარსებობის გამო. ინკლუზიური განათლება ნიშნავს, რომ ყველა ბავშვი ერთად სწავლობს, ერთსა და იმავე სკოლაში, და ქმნის მრავალფეროვან გარემოს საკლასო ოთახში. ეს ნიშნავს, რომ სწავლება და სასწავლო გეგმა, სკოლის შენობები, საკლასო ოთახები, სათამაშო ადგილები უნდა იყოს ყველა ბავშვისთვის შესაფერისი. მადლობას ვუხდი ნორვეგიის მთავრობას უდიდესი მხარდაჭერისთვის. განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან და ეროვნულ და საერთაშორისო ექსპერტებთან თანამშრომლობით, ჩვენ ვიმუშავებთ, რათა სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებისა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ყველა ბავშვს ჰქონდეს სწავლისა და თავისი პოტენციალის განვითარების სრული შესაძლებლობა“, აღნიშნა ხალილმა.

 

პროგრამის განხორციელების შედეგად შემუშავდება მასწავლებელთა ეფექტიანი სასწავლო პროგრამები და დამხმარე სწავლა-სწავლების რესურსები, რომლებიც შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს; შეირჩევა გაუმჯობესებული ფიზიკური გარემოს მქონე  რესურს სკოლები, შეიქმნება სასწავლო რესურსები და გადამზადდებიან სკოლის ხელმძღვანელები, პედაგოგები, საგანმანათლებლო ცენტრებისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები; პარტნიორი სკოლები ბავშვებს უზრუნველყოფენ გაკვეთილების შემდგომი, სასწავლო, გასართობი და ზედამხედველობის ქვეშ თავისუფალი დროის ორგანიზების პროგრამებით; სახელმწიფო უნივერსიტეტებში შეიქმნება ცოდნის რესურს-ცენტრები/ბავშვთა უფლებების ცენტრები, რომლებიც ხელს შეუწყობს დაინტერესებულ მხარეებს შორის თანამშრომლობასა და ცოდნის გაზიარებას ინკლუზიური და ბავშვთა უფლებებზე დაფუძნებული განათლების შესახებ; გაძლიერდება მასწავლებელთა გადამზადების პროგრამები უნივერსიტეტებსა და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრებში, რათა ახალი მასწავლებლები აღიჭურვონ სათანადო ცოდნითა და უნარებით.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 547
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია