დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
იმპერატორის ხელისმოწერით დაწყებული ქუთაისის ბოტანიკური ბაღის ისტორია, რომელიც ბონდის ხიდით უნდა გაგრძელდეს...
იმპერატორის ხელისმოწერით დაწყებული ქუთაისის ბოტანიკური ბაღის ისტორია, რომელიც ბონდის ხიდით უნდა გაგრძელდეს...
ავტორი: ირმა მარდალეიშვილი
სულ ნანახია 4415
ავტორი:
ირმა მარდალეიშვილი

 

ქუთაისის ბოტანიკური ბაღის დირექციას და თანამშრომლებს სამუშაო (და არასამუშაო) საათებში იშვიათად თუ ნახავთ კაბინეტებსა და, ზოგადად, შენობაში.

აქ ახლა ყველა ხელებდაკაპიწებული შრომობს, რათა ოცნებები და მიზნები თანდათან, ნაბიჯ-ნაბიჯ რეალობად აქციონ.

 

რამდენიმე დღის წინ,  ბაღში ერთი ახალგაზრდა კაცი შემოსულა. გულდაგულ მოუვლია ყველა კუთხე-კუჭული, ბოლოს ჭასთან მსხდომ თანამშრომლებთან მისულა და ბატონი ბორის თვალოძისთვის მორიდებით უკითხავს, თუ მიცანითო. იქვე დაუმატებია, რაღას მიცნობთ, თითქმის 20 წელია გასული იმ დღიდან, როცა აქ 16-17 წლის ბიჭები შეშის მოსაპოვებლად ვიპარებოდით, რათა ზამთარში  ოჯახის წევრები, აქვე, სასტუმროში, სადაც დევნილები ვიყავით ჩასახლებული, გაყინვისგან გვეხსნაო.

რამდენი ასეთი ყმაწვილისა თუ მოზრდილის ავი  ზრახვებისგან გადაურჩენიათ  იმ წლებში ბოტანიკური ბაღის მცველებს თუ მეცნიერ-მუშაკებს უამრავი ხე და ბუჩქი.

- 20 წელია აქ არ ვყოფილვარ,  რაც ვნახე, თვალებს არ ვუჯერებო - უთქვამს იმ ახალგაზრდას - ახლა რომ აქ ვინმემ მოჭრას კი არა, ხეზე ტოტის მოტეხა დააპიროს, ჩემი ხელით დავიჭერო.

ეს, ალბათ, ერთ-ერთი საუკეთესო შეფასებაა იმ შრომისა, რაც ბოლო 3 წლის მანძილზე  ქუთაისის ბოტანიკურ ბაღში, დირექტორის, ბატონი ამირან ხვადაგიანის ხელმძღვანელობით მიმდინარეობს.

დიდი და რთული გზა გამოიარა ბაღმა, სანამ ამ ახალ სიცოცხლეს დაიწყებდა.

ყველაფერი კი  თითქმის 200 წლის წინ დაიწყო, როცა 1850-იან წლებში,   რუსეთის იმპერატორის ნებართვით გადაწყდა, რომ ქუთაისში, რიონის მარჯვენა სანაპიროზე, კერძო პირებისგან შესყიდულ საკმაოდ დიდ მიწის ფართობზე  სახაზინო ბაღი  გაშენებული- ყო, რომლის  უპირველესი მიზანი იქნებოდა ახლო-მახლო მაზრების  მკვიდრი  გლეხებისთვის  მცენარეთა  ახალი  ჯიშების მიწოდება და მათთვის ერთგვარი კონსულტაციების გაწევა, ამისთვის, დაარსებიდან მეორე წელსვე,  აქ გახსნილა მებაღეობის ორწლიანი სკოლა, სადაც შემდგომში ბევრი ცნობილი ადამიანი დაუფლებია აგრონომიის საფუძვლებს. ამის გამო მას „ფერმის ბაღსაც“ უწოდებდნენ.

ბაღი დაუპროექტებია იმ პერიოდის სახელოვან ფრანგ მებაღეს, რეგნერს და დღემდე რჩება ერთ-ერთი საუკეთესო პროექტის მქონე ბოტანიკურ ბაღად  საბაღო-საპარკო ხელოვნების ნიმუშად. რეგნერს ამ ტერიტორიაზე დახვედრია 400-500 წლოვანი მუხები, ჭადრები, ძელქვები  და მან ეს ხეები გამოიყენა ბაღის ბაზად. დღეს ამ მონაკვეთზე ბოტანიკური ბაღის ისტორიულ, ანუ ძველი უბანია.

8 წლის მუშაობის შემდეგ, რეგნერს დაუტოვებია ქუთაისი, მხოლოდდამხოლოდ იმ მიზეზით,  რომ მისი ანაზღაურება აქ ძალიან მწირი ყოფილა (როგორც ჩანს, ეს უფინანსობის თემა ერთგვარად დაებედა ამ ბაღს, რადგან აქ წლების მანძილზე მინიმალური ანაზღაურებით ან სულაც,  თვეების მანძილზე უხელფასოდ მუშაობდნენ თანამშრომლები).

ამის შემდეგ, საქართველოს მთავარმმართებლის მოწვევით, ბაღს სათავეში უდგება ცნობილი შოტლანდიელი მებაღე იაკობ მარი, რომლის სახელთანაა დაკავშირებული ბევრი ახალი ჯიშის ხე-მცენარის შემოტანა საქართველოში, მათ შორის  ვაზის ერთ-ერთი პოპულარული ჯიშის - იზაბელას დამკვიდრება, რომელიც მან ოდესიდან ჩამოიტანა პირველად გურიაში და სადაც მას დღემდე „ადესად“ იხსენიებენ.

იაკობ მარი ოჯახიანად ცხოვრობდა ქუთაისის ბოტანიკური ბაღის დირექციისთვის განკუთვნილ შენობაში და აქვე დაიბადა მისი ნაბოლარა შვილი, ცნობილი მკვლევარი, ისტორიკოსი, ენათმეცნიერი, აკადემიკოსი ნიკო მარი.

იაკობ მარის გურიაში დაბრუნების შემდეგ, ბაღი მმართველობაში გადაეცა გუბერნიის პოლიციას და ამის შემდეგ უკან წავიდა საქმე - უსახსრობის გამო აქ თითქმის შეწყდა  ყველანაირი სამუშაოები.

თუმცა, ეს იყო დიდი ცვლილების ეპოქა - შეიცვალა ფორმაცია, მთავრობები და 1969 წელს, საქართველოს მინისტრთა საბჭოს დადგენილებით,  ქუთაისის ბოტანიკური ბაღი გადაეცა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიას და გახდა თბილისის ბოტანიკური ბაღის ფილიალი. იმ პერიოდში 200 სახეობის მცენარეღა ყოფილა შემორჩენილი.

აქ დაიწყო ფართომასშტაბიანი სამეცნიერო, კვლევითი სამუშაოები. ამავე დროს,  მას ათეულ ათასობით სტუმარი სტუმრობდა, მაშინდელი საბჭოთა კავშირის, თუ ახლო აღმოსავლეთის ქვეყნები. მნიშვნელოვნად გაიზარდა ბაღის განაშენიანებული ფართობიც. შეიქმნა ახალი განყოფილებები - აღმოსავლეთ აზიის განყოფილება, ჩრდილო ამერიკის   და  ხმელთაშუა ზღვის განყოფილება. დღეისთვის აქ 800-ზე მეტი სახეობის მცენარე შეგიძლიათ ნახოთ.

ჩემი მეგზური (უკვე მერამდენედ) ბატონი ბორის თვალოძეა, წლების მანძილზე ბოტანიკური ბაღის დირექტორი, ახლა კი დირექტორის მოადგილე, რომელიც გულწრფელი აღფრთოვანებით მიყვება იმ სიახლეებზე, რაც აქ ბატონი ამირან ხვადაგიანის მოსვლის შემდგე დაიწყო. თითქოს უმნიშვნელო ფაქტია, მაგრამ მაინც  ბევრ რამეზე მეტყველებს ერთი პატარა დეტალიც - ბატონი ბორისი დღემდე თავის (ანუ დირექტორის) კაბინეტში აგრძელებს მუშაობას.

ცდილობს, ყველა ხის, ბუჩქის, ბალახის ამბავი მომიყვეს. მათზე ისე საუბრობს, როგორც ცოცხალ არსებებზე და  ვამჩნევ,  როგორ უხარია ის ფაქტიც, რომ ბევრ მცენარეს ვცნობ.

იმაზე საუბრით აღარ შევაწყენთ მკითხველს თავს, ბოლო 20 წლის მანძილზე რამდენჯერ გადავიდა სამინისტოდან სამინისტოს, უწყებიდან- უწყების ხელში ბოტანკური ბაღი. საბოლოოდ კი, ბაღი გადაეცა ქუთაისის თვითმმართველობას და ქალაქის მერიამ თავის თავზე აიღო ბოტანიკური ბაღის მოვლა-პატრონობა. საკრებულოს, რომელმაც ეს დადგენილება მიიღო, ბატონი ამირან ხვადაგიანი ხელმძღვანელობად და მაშინ ვერც კი წარმოიდგენდა, რომ სამიოდე წლის შემდეგ ერთპიროვნულად იქნებოდა პასუხისმგებელი და მზრუნველი აქაურობის თითოეულ კენჭზეც კი.

 

***

ბატონი ამირანი მებაღეებთან ერთად ბაღის შესასვლელში გველოდებოდა. საუბარიც აქვე განვაგრძეთ:

- ბატონო ამირან, იქნებ მოკლედ გვიამბოთ იმ სიახლეებზე, რაც ახლახანს საკუთარი თვალით ვიხილე...

- გადაჭარბებად თუ არ ჩამითვლით, 4 წლის წინ, ჩვენ, ყველამ ერთად ქუთაისის ბოტანკური ბაღის ახალ სიცოცხლეს ჩავუყარეთ საფუძველი. ყმაწვილკაცობაში კი ვყოფილვარ აქ ბევრჯერ, მაგრამ, როცა პირველად მოვედი საკრებულოს თავმჯდომარის რანგში, გული დამწყდა, რომ ბაღი სავალალო მდგომარეობაში იყო. იმ დღიდანვე დავიწყეთ ზრუნვა, რომ რაღაც გვეშველა ამ ისტორიულ-კულტურული ძეგლისთვის და პირველი დახმარება რაც იყო, 10 ათასი ლარი გამოვუყავით.

ყოველგვარი დაფინანსების გარეშე დარჩენილი ბაღი, ხანგრძლივი და რთული პროცედურების შემდეგ,  გადავეცით ქუთაისის მერიას. 2 წელი დასჭირდა ამ პრობლემის მოგვარებას.

2013 წლის 1 იანვრიდან  ქუთაისის ბოტანიკური ბაღი დამოუკიდებელი აიპია. ამავე წლიდან  ვიწყებ მე აქ მუშაობას დირექტორის რანგში.

- რა გააკეთეთ პრველად აქ მოსვლისას?

- პირველად დავდგით დიდი ქვის გული, სიმბოლურად, რომ სიყვარული ყოფილიყო ბაღის დამთვალიერებლების მასპინძელი. მალევე სიყვარულის წყარო და ხეივანიც გავაკეთეთ და ჩვენთან სტუმრიანობის გახშირების პირველი ეტაპი სწორედ ამ სიმბოლოებს უკავშირდება. ამით დაიწყო ის თავდაუზოგავი შრომა, რაც დღემდე არ დასრულებულა და, ალბათ, არც არასდროს დასრულდება.

ჩვენი არცთუ დიდი ბიუჯეტით (შედარებისთვის - ჩვენი ბიუჯეტია 330 ათასი ლარი, მაშინ, როცა ბათუმის ბოტანიკური ბაღის  ბიუჯეტი 3 მილიონი 700 ათასი ლარია), ჩვენი თანაქალაქელების, მეგობრებისა და კეთილისმსურველების დახმარებით, ერთდროულად დავიწყეთ რამდენიმე პროექტზე მუშაობა - დავაგეთ ბილიკები, მოვაწესრიგეთ განათება, დავიწყეთ ნიკო მარის მუზეუმის გასახსნელად მზადება, რისთვისაც გავარემონტეთ ის ისტორიული შენობა  (ინფრასტრუქტურის სამინისტროს პროექტით, 250 ათასი ლარის ღირებულების) და მოვიძიეთ სამუზეუმო მასალები.

ჩავდგით ფანჩატურები, ვიზიტორთა სახლი, მოვაწყვეთ აუზი, შადრევანი.

ჩემი ოცნება იყო, გამეკეთებინა აქ ამფითეატრი. დიდხანს ვარჩიეთ ადგილი და ბოლოს საკმაოდ წარმატებულად შერჩეული იქნა ის ადგილი, სადაც ახლა არის ამფითეატრი, ასწლოვან ძელქვებს შორის. ვინც უნდა შემედავოს, ყველას დავუმტკიცებ, რომ ეს 200-კაციანი ამფითეატრი მსოფლიოს უდიდეს ამფითეატრსაც კი გაუწევს მეტოქეობას, თავისი განსაკუთრებული აურით.

სულ ვფიქრობდი, კიდევ რა უნდა გამეკეთებინა ორიგინალური და იდეისკენ თავად  ხემ მიბიძგა - ასწლოვანმა მუხამ,   რომელსაც  დიდი  ფუღურო  ჰქონდა. ჩვენ აქ სამლოცველო მოვაწყვეთ, რომელსაც მსოფლიოში ანალოგი არა აქვს - მუხას ხომ ქართულ სინამდვილეში უდიდესი სიმბოლური დატვირთვა აქვს.

ჩვენი ბაღის უძველესი მკვიდრის, მარადმწვანე სექვოიას გარშემოც განსაკუთრებული გარემო შევქმენით.

ჩემი აქ მოსვლის პირველი დღეებიდანვე დავიწყე ზრუნვა როზარიუმის, ანუ ვარდნარის გასაშენებლად. შევიძინეთ 1000 ძირი ულამაზესი და უნიკალური ვარდის ძირი, ყველა გავახარეთ და ახლა ეს კუთხე ჩვენი ბაღის თვალწარმტაცი  ადგილია.

აღვადგინეთ ერთი ორანჟერეა და გვინდა აღვადგინოთ მეორეც - ხე მცენარეების  ნერგების გამოსაყვანად.

მომდევნო ეტაპზე დავიწყეთ იმერული ოდის და ეზო-გარემოს მოწყობა. ეს არის შესანიშნავი ეთნოგრაფიული კუთხე, რომლის მოწყობაში იმერული ყოფისთვის დამახასიათებელი ნივთებით  უანგაროდ გვეხმარება მოსახლეობა.  ჩვენი მიზანია, აქ მოსულმა სტუმრებმა და განსაკუთრებით უცხოელებმა ნახონ ჩვენი ყოფისთვის დამახასიათებელი ნივთები, გარემო.

ქუთაისში რამდენჯერმე ჩატარებული მოქანდაკეთა პლენერის შედეგად შექმნილი ქანდაკებები, რომლებიც უხეშად რომ ვთქვათ, ეყარა უთავბოლოდ, მოვიტანე აქ და ისინი ორგანულად ჩაჯდა ამ გარემოში.

ამ ყველაფრის შედეგი არის  ვიზიტორთა თვალშისაცემად გამრავლებული რაოდენობა. ყალიბდება ახალი ტრადიციაც - ჩვენთან ხშირად მოდიან ახალდაქორწინებულები. მხოლოდ გასულ კვირაში 30 სიძე-პატარძალი გვესტუმრა, თავის მაყრიონიანად. და მოდიან არამხოლოდ ქუთაისიდან, არამედ სამეგრელოდან, გურიიდან, იმერეთის ყველა  მუნიციპალიტეტიდან, რათა ყველაზე ბედნიერი დღე მათ ცხოვრებაში  ჩვენს ბაღში გადაღებული კადრებითაც გაალამაზონ.

- როგორც ვატყობ, თქვენ ამაზე არ გაჩერდებით...

- მართალი ბრძანდებით, უამრავი იდეა გვაქვს კიდევ განსახორციელებელი, დაწყებული გვაქვს  მუშაობა პროექტზე, რომლის მიხედვითაც,  ბოტანიკური ბაღის ტერიტორია ბონდის ხიდით დაუკავშირდება რიონის მარცხენა სანაპიროს და ქალაქის ცენტრს, ეს იქნება როგორც ეგზოტიკური, ასევე ექსტრემალური ხასიათის პროექტი და მჯერა, რომ ისევ დაგვიდგება გვერდით  როგორც ქალაქის ხელმძღვანელობა, ასევე ჩვენი კეთილისმსურველები. პროექტის მაკეტი რომ ნახა, ერთმა ჩვენმა თანაქალაქელმა ისიც კი თქვა - ეს ადგილი, ეიფელის კოშკივით, ქუთაისის სიმბოლოდ იქცევაო.

დირექტორი მაცნობს ბაღის უხუცეს თანამშროლემს, 75 წლის თემურ ბანძელაძეს, რომელსაც ხუმრობით „მოურავს“ ეძახიან და ყველაზე ახალგაზრდას - ნათია გვანცელაძეს. ნათია რამდენიმე უცხო ენას ფლობს და უცხოელ ვიზიტორებს გიდობას უწევს, რისთვისაც მან ბორის თვალოძის და სხვა ძველი კადრების დახმარებით, უკვე საფუძვლიანად შეისწავლა ბოტანიკური ბაღის წარსული, აწმყო და მომავლის შექმნაშიც სხვებთან ერთად აქტიურად არის ჩართული.

და ინტერვიუს ბოლო კითხვა ისევ ამირან ხვადაგიანთან:

- ბატონო ამირან, ბევრ საპასუხისმგებლო თანამდებობაზე გიმუშავიათ, აქაურობისგან რადიკალურად განსხვავებულ ადგილებზე. როგორ გგონიათ, დღეს თქვენ იქ ხართ, სადაც უნდა იყოთ?

ეღიმება და ამბობს:

- მე თვითონაც კი მიკვირს, იმდენი აქამდე დაფარული შესაძლებლობა,  თუ ფანტაზიის უნარი აღმოვაჩინე ჩემში. ბოტანიკური ბაღის მეორე სიცოცხლესთან ერთად, ჩემი მეორე სიცოცხლეც დაიწყო. დიახ, მე იქ ვარ, სადაც უნდა ვიყო...

ამ ვრცელი წერილით იმის მეათედიც კი ვერ გიამბეთ, რაც საკუთარი თვალით უნდა ნახოთ ქუთაისის ბოტანიკურ ბაღში.

 

 

 

'.$TEXT['print'].'
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია