დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
„ადამიანი იბადება ერთხელ...“
„ადამიანი იბადება ერთხელ...“
ავტორი: ირმა მარდალეიშვილი
სულ ნანახია 1530
ავტორი:
ირმა მარდალეიშვილი

წყალტუბოში, ხელოვნების ქუჩის პირველ ნომერში, ჩაწნულ-ჩახერგილ ღობის მიღმა, ერთი უცნაური კაცი ცხოვრობდა. თვითონ შექმნა ეს ქუჩა, პირველი და ერთადერთი მოსახლეც თავად გახლდათ.

ადამიანი იყო - ამ სიტყვის საუკეთესო გაგებით: კარგი მეფუტკრე, კარგი მებუხრე, მევენახე, ხურო, კალატოზი, მძღოლი... ბოლოს და ბოლოს (ან იქნებ, სულაც პირველ რიგში) - დიდებული მწერალი, ისეთი, სიცოცხლეშივე რომ აღიარეს....

 

პირველად 19  წლის წინ მივადექი იმ ღობეს. მაისი იყო. აკაციის თეთრად დახუნძლული  ტევრის თავბრუსდამხვევი სურნელი  და ფუტკრების ზუზუნი იმ მცირეოდენ გამბედაობასაც მაცლიდა, ამ ეზოსთან  მოსვლამდე რომ მქონდა. ზარის ღილაკზე რამდენჯერმე უშედეგოდ თითის დაჭერის შემდეგ, უკანასკნელი სითამამე მოვიკრიბე და ჭიშკარი შევაღე.


ორი უზარმაზარი ნაგაზი ავი ღრენით ჭიშკრისკენ გამოიქცა, მთლად რომ შევეჭამე მაშინ იმ ძაღლებს, მაინც არ ვიყავი გადაღმა გადამსვლელი.

 

- ბუხუ! რუხო! - პატრონის შეძახილზე  მყისიერად შედგნენ ძაღლები.

 

მასპინძელიც გამოჩნდა. ხელით მოიჩრდილა და შორიდანვე შემომძახა - რომელი ხარო?

 

- ჟურნალისტი ვარ - რაც შემეძლო, ხმამაღლა ვუპასუხე (მგონი ვჩურჩულებდი).

მომიახლოვდა ამასობაში.

 

- რაღა გიჭირს აპა, ჟურნალისტი თუ ხარ! რაშია საქმე?

 

- ინტერვიუს აღება მინდა...

 

- ამ გაგანია მუშაობაში, კაცო? ვინ გამოგიშვა? - ცალი თვალი მოჭუტა და ისე მიყურებს.

ვუთხარი, ვინც...

 

უსიტყვოდ შებრუნდა, ძაღლებიც თან გაჰყვნენ. მე დავრჩი ჭიშკართან. სახლის კიბესთან რომ მივიდა, მობრუნდა:

 

- რას გაშტერებულხარ მაქანე?

 

ჭიშკრიდან კიბემდე მანძილი (კაი სამოყვრო გზა) წამის მეათასედში დავფარე ალბათ.

 

- რო დაადევი თავი და შემოტენტერდი ეზოში, რო დეეგლიჯე ძაღლებს?


ყველა წინადადება, რაც აქამდე წარმოსთქვა, საყვედური იყო - მეჯუჯღურებოდა...

- არ შემშინებია, მიყვარს ძაღლები.

 

მომეჩვენა, რომ ორივე თვალით შემომხედა.

 

ხის, ულამაზესრიკულებიან აივანზე ავედით. ხის დაბალი სავარძლების წინ მოგრძო ტაბლა იდგა, წიგნებით, ფურცლებით, ჟურნალ-გაზეთებით, საწერ-კალმებით, სიგარეტის კოლოფებით, საფერფლით...
დაჯდა. მე აივნის ბოძთან ავიტუზე.

 

- დამიტოვე კითხვები და რო მევიცლი, მიგიწერ ზედ პასუხებს.


- არ მაქვს დაწერილი კითხვები - ამოვილუღლუღე.

 

- აპა, კითხვებიც მე უნდა მევიფიქრო და პასუხებიც? - ბრაზობს.


- არ მინდოდა დაწერილი კითხვებით... ვიფიქრე, ვისაუბრებთ და...

 

- დაჯექი, დაჯექი და დევიწყოთ აბა საუბარი.

 

უჰ, რაღაც იმედი გამიჩნდა.

 

ვხვდები, პირველ კითხვაზეა დამოკიდებული ყველა იმ კითხვის ბედი,  დღესაც და მომავალშიც  რომ უნდა დავუსვა ამ კაცს.

 

სადღაც, ხვამლისკენ იყურება. არ მიყვარს მოსაუბრის მზერა სხვაგან რომაა მიმართული, მაგრამ ახლა მაგას დავეძებ? ღრმად ჩავისუნთქე და...

 

- ბავშვობაში, ყველა ზღაპარი ჩემთვის დაწერილი რომ მეგონა, უცებ, ვიღაც მეტიჩარა დაჩიმ , მთელი ზღაპრების წიგნი მიითავისა. იმ დაჩიზე დაუმარცხებელი მეტოქე მგონი არც მყოლია მერე არასდროს... - ამოვისუნთქე.

 

არ მომჩვენებია, ნამდვილად ორივე თვალით მიყურებდა.

 

სახლში შევიდეთო. ასე შევდგი პირველი ნაბიჯი იმ საოცარ სახლში.


უზარმაზარ, მინებიან კარადასთან მიმიყვანა.

 

- აქ სულ „დაჩის ზღაპრების“ გამოცემებია.  მსოფლიოს ხალხთა ოცდაათზე მეტ ენაზე თარგმნეს და გამოსცეს. ა, ბატონო, აგერ, იაპონელებს გადოუთარგმნიათ. მიკვირს, რას გებულობენ იაპონელები, ქართველ ბოვშებს აღარ ესმით არაფერი და...

 

მერე თითქმის სამი საათი ვსაუბრობდით:

 

იმაზე, როგორ დაუწერეს სამხატვრო აკადემიაში, მისაღები გამოცდებისას, ქართულის გამოცდაში ორიანი და როგორ უმტკიცებდა მას შემდეგ ცას და ქვეყანას, უპირველესად კი,  თავის ქართულის მასწავლებელს - ქეთევან ბალანჩივაძეს, სამიანზე ვიცი ქართულიო.


იმაზე, როგორ წაიკითხა პირველად საკუთარი წიგნი:

 

- წიგნი თუ არ გაქ, შენ უნდა დაწერო და ისე მაინც უნდა წეიკითხოო.

 

იმაზე, როგორ დახატა გამზრდელი ბებიას პორტრეტი:

 

- დავახატიებდი ვინმე კარგ მხატვარს ბებიაჩემის პორტრეტს  უკეთესად, მარა ყველამ თვითონ უნდა დახატოს თავისი ბებიას პორტრეტი, სხვა ბებიას ვერ დაგიხატავსო.


კიდევ ბევრ რამეზე...

 

წიგნი მაჩუქა, წარწერით - „მეგობრობას ასაკი ხელს არ უშლისო“.

 

ამაყმა და ბედნიერმა გადმოვაბიჯე იმ ეზოდან. აკაციის ტევრის სურნელი და ფუტკრების ზუზუნი მიმაცილებდა.

 

იმის შემდეგ უამრავჯერ ვიყავი იმ სახლში.

 

განსაკუთრებულად მახსენდება 2000 წლის 16 ივნისი. 70 წლის გახდა იმ დღეს. ზარ-ზეიმები და იუბილეები სხვისი ეჯავრებოდა და საკუთარს როგორ აღნიშნავდა?  მაინც აღუნიშნეს.

„რომ აყვირდები და ატეხავ განგაშს: არიქა! მოდით, გაიხარეთ, გვეწვიეთ, გაბედნიერდით (ამ დროს ქვეყანა თავზე გვენგრევა)!

 

- რა მოხდა? რა გვეღირსა ამისთანა? გადავრჩით? ავშენდით?

 

პასუხი ერთობ პატივმოყვარული და უზნეოა:

 

- მე დავიბადეო“ის დღე მასთან ერთად გავატარეთ.

 

ადრიანად ვეწვიე,  ცნობილ ფოტოხელოვან გურამ გერსამიასთან ერთად.

- სულ იმას ვიძახი, მარტო გერსამიამ, მარტო გერსამიას-თქვა... გაზეთი მომიტანე?

- გაზეთი... გაზეთი, ბოლო ნომერი, გუშინწინ ხომ გამოგიგზავნეთ?

- თუ გინდა, მქონოდა... წამეგეღო მაინც, რავა, მეტი არ გეშოვებოდათ თუ ამიყროლდებოდა?

მოდიან მისი მეგობრები, მკითხველები, მომკითხველები...

- მაპატიეთ, აქ მოსვლით რომ შეგაწუხეთ, ეს შეწუხება თავის მართლებად ჩამითვალეთ, რომ ქვეყნის დაქცევას ხელი ვერ შევუშალე. ამ ქვეყანაში, პატიოსანი კაცი, წესით, სამოცდაათ წელს ვერ უნდა ცოცხლობდესო.

განსაკუთრებით ერთი კაცის მოსვლა უხარია - დიდებული მომღერლის და გამრჯე გლეხკაცის, ვაჟა კუბლაშვილის.

- ვეჯიბრებით ერთმანეთს, ვინ უკეთესი გლეხიაო. ხმებს გვივრცელებენ, თითქოს მე მეთქვას - შენ რომ ღვინოს წურავ, იმდენი მე ღვინის გადაღებისას მექცევაო, შენ კი, თითქოს შემოგითვლია: შენ რომ ღვინით ავსებ, ის ჭურჭლები მე თაფლით მაქვს სავსეო - ამბობს ვაჟა  და ეშმაკურად უღიმიან ერთმანეთს ორი ბატონის - მიწის და მუზის - ყმები.

უხიაგი და უკმეხი კაცი იყო, ერთი შეხედვით...

მაგრამ, ისეთი ფაქიზი სული ჰქონდა, ისეთი ლირიკა... ბევრმა არც იცის ალბათ, ლექსებს  რომ წერდა:

„დღეს ქარი იქნება იფნებთან.
ისეთი ქარი, შენ რომ გიყვარს...
დღეს ქარი იქნება იფნებთან,
მაგრამ, ვაი, რომ შენ აღარ იქნები!
დღეს მე უშენოდ ვიქნები იფნებთან!

... და შენ, ფიქრო ჩემო, დარდო ჩემო,

ჩემო ქარო და იფანო,

თეთრად დაწრეტილო ღამევ...
დღეს ქარი იქნება იქნება იფნებთან და

იცი, რას ვიზამ?...

უშენოდ მე ვერას გავუგებ ქარს,
უშენოდ რას მეტყვიან, რას გამიმხელენ იფნები!

ქარი იქნება იფნებთან,

ისეთი ქარი, შენ რომ გიყვარს!
ნუ ფიქრობ, უშენოდ არ წავალ იფნებთან...

წავალ, უშენოდ წავალ და

ყურს მივუგდებ...

და იმ ქარს, შენ რომ გიყვარს, დავიმახსოვრებ...

დავიმახსოვრებ ქარს იფნებში და,
როცა შენ ჩემთან აღარ იქნები
შენ, ფიქრო ჩემო, დარდო ჩემო,

ჩემო ქარო და იფანო,

თეთრად დაწრეტილო ღამევ...

დავიმახსოვრებ ქარს იფნებში
და გეტყვი შენ, გეტყვი,

როცა ჩემთან იქნები....

მაგრამ, ვაი, რომ შენ

ჩემთან აღარასდროს იქნები.

დღეს კი, ქარი იქნება იფნებთან...“

გამუდმებით ეწეოდა, სულ ნაპერწკალი ციმციმებდა მის მუნდშტუკებსა და ყალიონებში.

- ნუ ეწევი ამდენსო!

- რავა, მოუწეველი მკვდარი არ გინახიათო?

ერთხელ მიამბო:

- ყაზახეთში ვიყავით ქართველი მწერლები, იქაური მწერლები გვმასპინძლობდნენ. როგორც ჩვენ ვიცით, საპატიო სტუმრისთვის ხბოს ან გოჭის დაკვლა, იქ ასე კვიცს კლავენ. დამანახა ჩემმა მასპინძელმა - ე, ის კვიცი უნდა დაგიკლათო. გადევირიე კაცი, ცხენს რა შემაჭმევდა? არადა, მასპინძლის დიდ შეურაცხყოფად ითვლება თურმე უარის თქმა. მაინც გავბედე და ვუთხარი, ვერ შევჭამ მაგას, მეცოდება-თქვა.  „ა ფარასიონკა ნე ჟალკაო?“ - მიმიხვდა ეშმაკობას ყაზახი.

ავადსახსენებელი სენის დიაგნოზი რომ დაუსვეს, არ შეშინებულა, არც გატეხილა - ბოლო დღეებამდე ჩვეული რიტმით ცხოვრობდა.

„ბევრი ვაკეთე და ვაშენე, მეყოფა, აწი სხვებმა აშენონ და აკეთონო, - რომ იტყვი და ხელებს დაიბან, იცოდე, იმ დღიდან ანგრევ, თუ რამე აგიშენებიაო“ - ამბობდა.

„ვინც არ მომკვდარა, მან სიცოცხლის ფასი არ იცისო“ - ესეც თქვა.

81 წლის ასაკში აღესრულა.

„დაიხარჯაო“ - აჭარაში ამბობენ ადამიანის გარდაცვალებისას.

ის უცნაური კაცი მართლაც რომ დაიხარჯა - მეფუტკრეობაში, მევენახეობაში, მებუხრეობაში,

უროობაში, კალატოზობაში...

მწერლობაში დაიხარჯა და წავიდა...
თუმცა, არსადაც არ წასულა, ისევ იქ არის, იმ ჩაწნულ-ჩახერგილ ღობის მიღმა, აკაციის ყვავილები ეფინება მისი საფლავის ქვას - მასსავით უბრალოსა და დიდებულს, ფუტკრებიც ისევ დაზუზუნებენ...

გადავიკითხე ეს მოკრძალებული მოგონება და სახელი არ მითქვამს თურმე არსად.

კი, ოტია იოსელიანზე მოგახსენებდით...

  

'.$TEXT['print'].'
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია