დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
მცირემიწიან ფერმერთა საგაზაფხულო სამუშაოების ხალშეწყობის სამწლიანი პროექტი სრულდება
მცირემიწიან ფერმერთა საგაზაფხულო სამუშაოების ხალშეწყობის სამწლიანი პროექტი სრულდება
ავტორი: ირმა მარდალეიშვილი
სულ ნანახია 2454
ავტორი:
ირმა მარდალეიშვილი
მსგავსი სიახლეები

საქართველო აგრარული ქვეყანაა. მისი სასოფლო-სამეურნეო პოტენციალის გონივრულად გამოყენება და აგროსექტორის განვითარება რამდენიმე წელია ახალი სამოქმედო გეგმის მიხედვით მიმდინარეობს. ხარვეზებისა და პრობლემების მიუხედავად, ჩვენი ქვეყნის სოფლის მოსახლეობამ უკვე იგრძნო გარკვეული დახმარება და შეღავათები მიწის დამუშავების, მოსავლის მიღებისა და რეალიზაციის პროცესში.

 

ხელისუფლებაში მოსვლის დროს, „ქართული ოცნების“  მიერ  მოსახლეობისთვის მიცემულ დაპირებათა შორის განსაკუთრებულად ხაზგასმული იყო  სოფლის აღორძინების პროგრამებისთვის ასეულობით მილიონი ლარის დახარჯვა, ლოზუნგი - ყოველი სოფელისთვის 5 მილიონი ლარის გამოყოფაც შთამბეჭდავად ჟღერდა.

 

საბედნიეროდ,  სოფლის განვითარების პროექტები „აუსრულებელ ოცნებათა“   ნუსხაში არ მოხვდა და მართლაც, ხელისუფლების შეცლისთანავე დაიწყო ამ მიმართულებით კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა,  რომელთაგან მასშტაბურობით გამორჩეული იყო „მცირემიწიან ფერმერთა საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტი“.

 

 

2013 წლის  გაზაფხულზე ამ პროექტის პირველი ეტაპი განხორციელდა და იმ წელს პირველად მოიხნა ათწლეულობის მანძილზე მიტოვებული და გახრიოკებული ველ-მინდვრები. სოფლად მცხოვრებმა თითქმის ყველა ოჯახმა, „აგრო ბარათის“ მეშვეობით შეიძინა მცირე სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა, მცენარეთა მოვლის საშუალებები, სახნავ-სათესი მასალები.

 

წელს ამ პროექტის, ბოლო, მესამე ეტაპია.

 

„მცირემიწიან ფერმერთა 2015 წლის საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტში“ წელს 800 ათასი ფერმერი მიიღებს მონაწილეობას და მისი ბიუჯეტი 50 მილიონ ლარს შეადგენს. სახნავი მიწებისა და ბარათების დარიგების არეალი გაფართოვდა და მას დაემატა ქუთაისს, ფოთსა და რუსთავს შემოერთებული სოფლები. პროექტი თებერვლიდან დაიწყო და 1 დეკემბერს დასრულდება.

„მცირემიწიან ფერმერთა 2015 წლის საგაზაფხულო სამუშაოების  ხელშეწყობის პროექტი“-ს მოსარგებლეები (ბენეფიციარები) არიან:


ფერმერები, რომელთა საკუთრებაში, სარგებლობაში ან ფაქტობრივ მფლობელობაში არსებული ერთწლიანი კულტურებისთვის განკუთვნილი სახნავი მიწის ჯამური ფართობი არ აღემატება 1.25 ჰა-ს.
ფერმერები, რომლებსაც არ გააჩნიათ ერთწლიანი კულტურებისთვის განკუთვნილი სახნავი მიწის ნაკვეთი და აქვთ მრავალწლიანი კულტურებით გაშენებული მიწის ნაკვეთ(ებ)ი, რომელთა ფართობების ჯამი არ აღემატება 1.25 ჰა-ს.

 

პროექტის ფარგლებში მოსარგებლეები სარგებელს მიიღებენ სასოფლო-სამეურნეო (ხვნის) ბარათის ან „აგრო ბარათზე“ დარიცხული ქულების  სახით.

 

 

პროექტის მოსარგებლეების კატეგორიები და შესაბამისი სარგებელი

 

1. მოსარგებლეებს, რომელთაც საკუთრებაში, სარგებლობაში ან ფაქტობრივ მფლობელობაში გააჩნიათ  0.25 ჰა-მდე ჯამური ფართობის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი: „აგრო ბარათზე“ დაერიცხებათ  50 ქულა.

 

2. მოსარგებლეებს, რომელთაც საკუთრებაში, სარგებლობაში ან ფაქტობრივ მფლობელობაში გააჩნიათ 0.25 ჰა-დან - 1.25 ჰა-ს  ჩათვლით ფართობის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები, რომელსაც იყენებენ ერთწლიანი კულტურების მოსაყვანად გადაეცემათ ნაკვეთის ფართობის პროპორციული ღირებულების სასოფლო-სამეურნეო (ხვნის) ბარათი, 1 ჰექტარზე 140 ლარის გადაანგარიშებით.

 

3. მოსარგებლეებს, რომელთაც საკუთრებაში, სარგებლობაში ან ფაქტობრივ მფლობელობაში გააჩნიათ 0.25 ჰა-დან 1.25 ჰა-ს ჩათვლით ფართობის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები, რომელზეც გაშენებული აქვთ მრავალწლიანი კულტურების ნარგავები და არ გააჩნიათ ერთწლიანი კულტურების წარმოებისთვის განკუთვნილი მიწის ნაკვეთი,  „აგრო ბარათზე“ დაერიცხებათ ნაკვეთის ფართობის პროპორციული ქულების რაოდენობა 1 ჰექტარზე 140 ქულის გადაანგარიშებით.

 

 

ხვნის ბარათი

ხვნის ბარათი გამოიყენება ერთწლიანი კულტურებისთვის განკუთვნილ  მიწის ნაკვეთზე ხვნის სამუშაოების მისაღებად. ბარათის მეშვეობით მოსარგებლეებს ხვნის სამუშაოების მომსახურების მიღება შეუძლიათ სამუშაოს შემსრულებლებისგან.

 

გარკვეულ შემთხვევებში მოსარგებლეს შეუძლია ხვნის ბარათის დაბრუნება   სააგენტოში, რათა ამ ბარათით გათვალისწინებული სარგებელის ექვივალენტი ქულების რაოდენობა მას  დაერიცხოს „აგრო ბარათზე“.

 

ბარათის სააგენტოში დაბრუნების ბოლო ვადაა 2015 წლის 15 ნოემბერი.

ასევე, ხვნის ბარათი შეიძლება გამოიცვალოს, თუ ის მოსარგებლეზე გადაცემის შემდგომ დაზიანდა ან დაიკარგა.

 

„მცირემიწიან ფერმერთა 2015 წლის საგაზაფხულო სამუშაოების  ხელშეწყობის პროექტი“ ითვალისწინებს  ბენეფიციარის მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მოხვნას  2015 წლის 1 დეკემბრამდე. თითოეულ სოფელში ხვნის სამუშაოების ჩატარების გრაფიკი  ცნობილი იქნება გამგებლის წარმომადგენელისთვის. იგი ვალდებულია კოორდინაცია გაუწიოს და გააკონტროლოს სამუშაოების შემსრულებლების მიერ გაწეული ხვნის სამუშაოების პროცესი. ნიადაგის ხვნის მომსახურების მიღებისას,  მოსარგებლე ან მოსარგებლის წარმომადგენელი და სამუშაოს შემსრულებელი, ვალდებულნი არიან ხვნის ბარათზე გამოყოფილ სპეციალურ ველში ხელმოწერით დაადასტურონ  ხვნის სამუშაოების შესრულება, რასაც ასევე  სპეციალური ბეჭდით და ხელმოწერით ადასტურებს გამგებლის წარმომადგენელი.

 

 

„აგრო ბარათი“

 

„აგრო ბარათი“ არის საბანკო ბარათი, რომლის აღებაც პროექტის მოსარგებლეებს შეუძლიათ     „ლიბერთი ბანკი“-ს ნებისმიერ ფილიალში. „აგრო ბარათზე“ ჩაირიცხება პროექტის ფარგლებში მოსარგებლისთვის განკუთვნილი სარგებლის ღირებულების შესაბამისი  ქულები (1 ლარი  უდრის ერთ  ქულას). „აგრო ბარათზე“ დარიცხული ქულების მეშვეობით  მოსარგებლეს შეუძლია მხოლოდ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების საქონლის (სასუქი,  სათესლე მასალა, სანერგე მასალა და მცენარეთა მოვლის საშუალებები)  შეძენა მომწოდებლებისგან. სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტომ „აგრო ბარათი“-ს  მოსარგებლეთა სიები გადასცა „ლიბერთი ბანკს“. მოსარგებლეებს ქულები დაერიცხებათ 2014  წელს „ლიბერთი ბანკი“-ს მიერ დარიგებულ „აგრო ბარათებზე“.

 

თუ 2015 წლის საგაზაფხულო პროექტის მოსარგებლეს არ გააჩნია „აგრო ბარათი“, იგი უნდა მივიდეს „ლიბერთი ბანკი“-ს ნებისმიერ ფილიალში, სადაც მას პირადობის დამადასტურებელი საბუთის წარდგენის შემდეგ გადასცემენ  მისთვის განკუთვნილ   „აგრო ბარათს“.

 

თუ მოხდა მოსარგებლის „აგრო ბარათი“-ს დაკარგვა ან დაზიანება. იგი უნდა მივიდეს „ლიბერთი ბანკი“-ს ფილიალში, სადაც მას პირადობის დამადასტურებელი საბუთის წარდგენის შემდეგ გადასცემენ ახალ „აგრო ბარათს“.

 

0.25 ჰა-მდე მიწის მფლობელ მოსარგებლეებს, მათი კუთვნილი 50 ქულა „აგრო ბარათზე“ დაერიცხებათ.

 

2015 წლის 1 დეკემბერს მოხდე-ბა  „აგრო ბარათზე“ დარიცხული და გამოუყენებლი ქულების ანულირება.

 

ამ პროექტის განხორციელე-ბას ქვეყანა მეტ-ნაკლებად მომზადებული შეხვდა. მთავარი პრობლემა მოძველებული სატრაქტორო პარკები აღმოჩნდა. გამართულად მომუშავე ტრაქტორების მწვავე დეფიციტი შეიქმნა. სასწრაფოდ იქნა შეძენილი ასეულობით ახალი, თანამედროვე სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა და ისინი ქვეყნის მთელს ტერიტორიაზე იქნა გადანაწილებული,  ძირითადად შპს „მექანიზატორის“ სერვის-ცენტრებში.

 

წელს, კლიმატურმა პირობებმა საშუალება მისცა გლეხებს, რომ ადრიანად დაეწყოთ საგაზაფხულო სამუშაოები. ტრაქტორის ხმა ისმის ყველა სოფელში და ახლადდახნულ მიწას ოხშივარი ასდის.

 

რეზო ჟორჟოლიანი: „ეს ნამდვილად კარგი პროექტია და დიდი შეღავათიც მოგვცა გლეხობას. მესამე წელია უკვე, ხვნა-თესვაში ჩემს ფინანსებს არ ვხარჯავ. წელს ადრიანად დავიჭირეთ თადარიგი ტრაქტორის რიგში და  ჩვენი უბნის მოსახლეთა დიდი უმრავლესობის პირადი ნაკვეთები უკვე მოხნულია. შარშან მივიღეთ მწარე გამოცდილება - დროულად  ვერ მოვახერხეთ ტრაქტორის მოყვანა, დაგვიგვიანდა თესვის პროცესიც, ამას დაემატა გვალვიანი ზაფხული და სიმინდის მოსავალი ფაქტობრივად ვერ მივიღეთ, ეს კი იმას ნიშნავს, რომ  საკვების გარეშე დაგვრჩა შინაური ფრინველები, პირუტყვი. იმედია, წელს უფრო გაგვიმართლებს.“

 

სერგო ფიოლია: „პირველივე წელსვე  დიდი სარგებელი ვნახეთ ამ პროექტით. ხვნა-თესვის გარდა, თითქმის ყველა  ოჯახმა შევიძინეთ სოფლისთვის აუცილებელი ტექნიკა - ბალახის სათიბები, ელექტროხერხები, თოხები, ბარები... გავიგეთ, რომ  წელს სრულდება და ძალიან გულდასაწყვეტია, არამგონია, 3 წელი საკმარისი ყოფილიყო განადგურების პირას მისული ქართული სოფლის ასაღორძინებლად.“

 

თინა კილაძე: „მარტოხელა ქალი ვარ და ყოველთვის მიჭირდა საგაზაფხულო სამუშაოების დროულად შესრულება. რაც ამ პროექტით გვეხმარება მთავრობა, სული მოვითქვი, მეზობლები შევთანხმდებით, მოვიყვანთ ტრაქტორს, დაგვიხნავა, დაგვითესავს... არც სასუქი მიყიდია 3 წელია, მყოფნის „აგრო ბარათით“ შეძენილი სასუქი. შხამ-ქიმიკატების ხარისხს თუ მიექცევა მეტი ყურადღება, ძალიან კარგი იქნება.“

 

გივი დეისაძე: „მადლობის მეტი რა გვეთქმის, მაგრამ სასურველი იქნებოდა, ტექნიკის მრავალფეროვნება - ზოგს პატარ-პატარა ნაკვეთები გვაქვს, სადაც ამ ახალ ტრაქტორებს,  თავიანთი დიდი ზომების გამო, უჭირთ მოძრაობა და უარს ამბობენ მიწის დამუშავებაზე, ამიტომ ისევ მამა-პაპურად, ხარით და კავ-გუთნით გვიწევს ხვნა, ფარცხვა. არსებობს მცირეგაბარიტიანი ტრა-ქტორები და ისინიც თუ შემოვა სოფლებში, უკეთესი იქნება.“

 

ქართული სოფლის საბოლოოდ აღორძინებამდე წინ კიდევ დიდი გზაა გასავლელი...

 

 

 

 

'.$TEXT['print'].'
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია