დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
„პედაგოგებს დღემდე საცდელ ბაჭიებად გვიყურებენ და ჩვენზე ცდებს ატარებენ“
„პედაგოგებს დღემდე საცდელ ბაჭიებად გვიყურებენ და ჩვენზე ცდებს ატარებენ“
ავტორი: ეკა შალამბერიძე
სულ ნანახია 1972
ავტორი:
ეკა შალამბერიძე

ქვეყნის მომავალი რომ საკლასო ოთახიდან იწყება, ამას ასაკით უკვე პენსიონერი, თუმცა დღემდე მოქმედი მასწავლებელი ლამარა დიასამნიძე გვიმტკიცებს, 65  წლის პედაგოგი ამბობს, რომ სახელმწიფოს წარმატება განათლების ხარისხზეა დამოკიდებული და, შესაბამისად, განვითარებული ქვეყნის მშენებლობაში მასწავლებლის როლი ფუძემდებლურია. 

 

 ლამარა დიასამნიძე ამბობს, რომ თითქმის ნახევარსაუკუნოვანი სტაჟის მიუხედავად, დღემდე ენთუზიაზმზე მუშაობს და სტაჟი და არც გაწეული შრომა ადეკვატურად არასდროს დაფასებია. „ვიყო მასწავლებელი, ჩემთვის დიდი პატივი და პასუხისმგებლობაა. პასუხისმგებლობაა იმდენად, რამდენადაც მომავალი თაობის აღზრდასა და ჩამოყალიბების საქმეში ჩვენი როლი გადამწყვეტია, ეს საქმე ყოველდღიურად თვითგანვითარებას მოითხოვს, უზომოდ შრომატევადია, რადგანაც, თუ მოსწავლემ შეატყო, რაღაც საკითხში ღრმად მცოდნე არ ხარ, ასეთი მოსწავლისთვის უინტერესო ხდები და ის არ მოგისმენს, მრავალწლიანი სტაჟის მიუხედავად, ყოველი ჩემი გაკვეთილი მოსწავლეებთან გამოცდის ჩაბარებას ჰგავს. მთელი პასუხისმგებლობით ვემზადები მათთან სასაუბროდ, აზრების ურთიერთგასაცვლელად. პედაგოგობა საოცრად შრომატევადია, თუმცა ეს შრომა სათანადოდ არცერთ დროში არ გვიფასდებოდა და ამ მხრივ, სამწუხაროდ, დღემდე არაფერი შეცვლილა.“

 

ქალბატონი ლამარას მსგავსად ფიქრობს გამოკითხულ პედაგოგთა უმრავლესობა. მათთვის ნომერ პირველ პრობლემად  მასწავლებლის ანაზღაურება რჩება. პედაგოგები მიიჩნევენ, რომ შრომა, რომელსაც ისინი მომავალი თაობის აღზრდასა და განათლებაში დებენ, დღემდე ენთუზიაზმს ეფუძნება.

 

უკვე გატარებული რეფორმების პარალელურად, პედაგოგები მთავრობის მიერ ინიცირებულ კანონპროექტსაც იწუნებენ, განათლების სამინისტროს მიერ მომზადებული ახალი სქემის თანახმად, პროფესიული სტანდარტების დარღვევის შემთხვევაში, ამავე სამინისტროს დირექტორობისა და მასწავლებლობის უფლების ჩამორთმევის საშუალება ეძლევა.

 

განათლების სამინისტროს მიერ დადებით შედეგებზე გათვლილი კანონპროექტი თავად პედაგოგებს ღირსების შელახვად მიაჩნიათ.

 

 პედაგოგი ლალი გაბისონია აღნიშნავს, რომ მთავრობამ ამ სქემის შემუშავების დროს მასწავლებლების ღირსების საკითხზე არ იფიქრა, თუმცა პედაგოგები იმედს იტოვებენ, რომ კანონპროექტს მხარს მომავალშიც არ  დაუჭერენ. „ჩვენ არ ვართ რეფორმების წინააღმდეგი, მაგრამ ეს რეფორმები პედაგოგთა მდგომარეობის გაუმჯობესებაზე უნდა იყოს მიმართული და არა მის დაკნინებაზე. დიდი იმედი მაქვს, რომ დეპუტატთა უმრავლესობა მომავალშიც გამოიჩენს გონიერებას და ამ კანონს მხარს არ დაუჭერს.“

 

როგორც აღმოჩნდა, სტატუსის ჩამორთმევასთან დაკავშირებით პედაგოგთა პოზიცია ცალსახაა, რაც შეეხება იმავე კანონპროექტს, რომლის მიხედვითაც პედაგოგთა 4 კატეგორიად: პრაქტიკოს, უფროს, წამყვან და მენტორ მასწავლებლებად დაყოფა უნდა მოხდეს, აქ პოზიციები იყოფა: პედაგოგთა ნაწილს ეს უკვე აპრობირებულ მეთოდად მიაჩნია, ნაწილი კი კატეგორიებად დაყოფას მასწავლებელთა შორის  უსიამოვნების ჩამომყალიბებელ  დიფერენცირებად მიიჩნევს.

 

პედაგოგი ნათელა ჩხაბერიძე: „კატეგორიებად დაყოფის საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, აქ ახალი არაფერია, მენტორები სკოლებში ადრეც იყვნენ და ამით არაფერი დაშავებულა, იგი გამოცდილებით და სტაჟით დამწყებზე უფრო მაღლა დგას და თუ ახალბედა მისგან ისწავლის, ამით მას არაფერი დააკლდება.“

 

იმავე თემაზე განსხვავებული პოზიცია აქვს პედაგოგ ლია ონიანს: „ეს არის არაფრისმომტანი რეფორმა. რა საჭიროა სკოლებში კატეგორიებად დაყოფა? ეს პედაგოგებს არათანაბარ მდგომარეობაში აღმოაჩენს. ან რა პრინციპით უნდა მოხდეს პედაგოგთა დაყოფა? ესეც ცოტა რთულად წარმოსადგენია, მიმაჩნია, თუ ეს რეფორმა ამოქმედდა, ეს იქნება საბაბი პედაგოგების ახალი უსიამოვნებისა.“

კრიტიკის პარალელურად, პედაგოგები აღიარებენ იმ რეალობას, რომლის მიხედვითაც განათლების დონის მაჩვენებლით საქართველო მსოფლიო ქვეყნებს შორის ბოლო პოზიციებს იკავებს, რაც თავისთავად გულისხმობს იმას, რომ პრობლემა სისტემასთან ერთად მასწავლებლების მიდგომებსა და კვალიფიკაციაზეც პირდაპირ გადის,  და ზოგადად, საგანმანათლებლო სისტემაში გასატარებელ ნომერ პირველ რეფორმად ისეთი ტრენინგების ჩატარების აუცილებლობაზე საუბრობენ, რაც პედაგოგთა კვალიფიკაციას აამაღლებს. 

 

ქუთაისის ?1 საჯარო სკოლის პედაგოგი ქრისტინე საღინაძე პედაგოგთა კვალიფიკაციის საკითხშიც ხედავს პრობლემებს, თუმცა მის  გულისწყრომას სახელმწიფოს მხრიდან ამ პროფესიის დაუფასებლობა იწვევს. „რა თქმა უნდა, პედაგოგს სჭირდება გადამზადება და, რომ ვთქვათ, ამ მხრივ ყველაფერი წესრიგშია, არ ვიქნებით მართალი, მაგრამ კიდევ უფრო გაუგებარია და გულსაწყვეტია სახელმწიფოს დამოკიდებულება პედაგოგთა მიმართ, ჩვენ ვართ უმნიშვნელოვანესი და ურთულესი პროფესიის მქონე ადამიანები, გვინდა რეფორმები, რომელიც ჩვენი განათლების ხარისხს და ფინანსურ მდგომარეობას გააუმჯობესებს და არა გაუგებარი ექსპერიმენტების ჩატარება ჩვენზე, როგორც საცდელ ბაჭიებზე, რაც ადრეც ასე იყო და ასევე გრძელდება დღესაც.“

 

სისტემის მოსაწესრიგებლად, კვალიფიკაციის ამაღლებასთან ერთად, ფსიქოლოგები ისეთი ტრენინგების ჩატარების აუცილებლობაზე საუბრობენ, რაც პედაგოგისა და მოსწავლის დაბალანსებული ურთიერთობის ჩამოყალიბებისკენ იქნება მიმართული.

ფსიქოლოგი თეა ფანჩულიძე მიიჩნევს, რომ ამ მიმართულებით პრობლემები ორივე მხარეს აქვს და ურთიერთობებში, რომელიც ხშირად კონფლიქტურ სახეს იძენს, შეცდომებს როგორც მოსწავლეები, ასევე მასწავლებლებიც უშვებენ.

 

„სამწუხაროდ, ხშირია შემთხვევები, როდესაც მოსწავლის რთულ ქცევას პედაგოგები კონკრეტულად მათ მიმართ მიმართულ ქცევად მიიჩნევენ და მოსწავლეების მიმართ არასწორ მიდგომებს იჩენენ. სამხუხაროდ, ხშირად პედაგოგები კიხცავენ მოსწავლეებს ამა თუ იმ ქცევისთვის და ამავდროულად, თვითონვე გვევლინებიან როგორც არაადეკვატური ქცევის გამომვლენელნი. შესაბამისად, აუცილებელია ისეთი ტრენინგების ჩატარება, რომელიც მასწავლებლებში კვალიფიკაციასთან ერთად პროფესიულ სტანდარტებსაც აამაღლებს.“

 

ის, რომ 21-ე საუკუნის თაობის მიმართ მიდგომები განსხვავებული უნდა იყოს, ფორმალურად პედაგოგები და მოსწავლეებიც ეთანხმებიან, მასწავლებლები მიიჩნევენ, რომ ნაკლები დისტანცია და უშუალო დამოკიდებულება მოსწავლის მიმართ მას უფრო გაბედულს და აზრის თავისუფლად გამომხატველს გახდის.

ზოგადსაგანმანათლებლო სისტემაში გასატარებელ რეფორმებს შორის დეპუტატები პედაგოგების ხელფასების გაზრდაზეც საუბრობენ. რაც შეეხება სტატუსის ჩამორთმევისა და კატეგორიებად დაყოფის სადავო საკითხებს, რა ფორმით მოიწონებს მას საკანონმდებლო ხელისუფლება, უახლოესი საპარლამენტო სხდომები აჩვენებს.

 

 

 

'.$TEXT['print'].'
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია