დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
პირად გარჩევებამდე მისული ბიბლიოთეკის საქმიანი დავა
პირად გარჩევებამდე მისული ბიბლიოთეკის საქმიანი დავა
ავტორი: ეკა შალამბერიძე
სულ ნანახია 2168
ავტორი:
ეკა შალამბერიძე
მსგავსი სიახლეები

ვინ არის დამნაშავე უნიკალური ფონდის დაზიანებაში

 

საჯარო ბიბლიოთეკაში „იშვიათი განყოფილების“ შექმნის და აქ დაცული თუ დაზიანებული პერიოდული გამოცემების ირგვლივ  ატეხილი აჟიოტაჟი მხარეებს შორის პირად შეურაცხმყოფებსა და დაპირისპირებაში გადაიზარდა.

 

დავის საგანი ერთია - განადგურებამდე დაზიანებული პერიოდული გამოცემები, ვერსიები კი რამდენიმე. პირველი და მთავარი ვერსია „ფრონტის“ ერთ მხარეს არის ის, რომ  უნიკალური ფონდის უნიკალურობა რაოდენობასთან ერთად, გამოცემების განყოფილებაში გადატანამ შეიწირა, ფრონტის მეორე მხარეს კი სხვა სიმართლე და სხვა ვერსიები ისმის: „უნიკალური ფონდის ადგილმონაცვლეობა უარესიდან უკეთეს გარემოში მოხდა და ახალ საცავში დაცული გამოცემები თუ უკეთ არ დაცულა, არც დაზიანებულა.“

 

თუმცა, მთელი ამ „უიარაღო ომების“ პირობებში როგორც მკითხველის, ისე ბიბლიოთეკის ბედით დაინტერესებულთა მოლოდინი და ინტერესი არა ვერსიები, არამედ ფაქტებია. ამ საქმის ირგვლივ ერთადერთი ფაქტი, რომელიც დავას არ საჭიროებს, არის ის, რომ უნიკალური პერიოდული გამოცემები მართლაც დაზიანებულია და ნებისმიერ ბიბლიოთეკასა და საცავში უნდა იყოს შესაძლებლობა და ნება იმისა, ყველა გამოცემას, ცელოფნის ნაცვლად,                                                ჰქონდეს მუყაოს ყდა და გადაუდებელი საჭიროების შემთხვევაში შეიწამლოს და ჩაუტარდეს რესტავრაცია.

 

ეს რაც შეეხება უდავო ფაქტებს, თუმცა მთავარი გარემოებები სკანდალური საბიბლიოთეკო საქმეების „გარჩევაში“ დღემდე სადავოა.

 

როდის და ვისი მიზეზით დაზიანდა უნიკალური ფონდი?

 

და რეალურად, გაფორმდა თუ არა აუცილებელი წერილობითი აქტი გამოცემების ერთი ფონდიდან მეორეში გადატანის თაობაზე?

 

პირველი კითხვის პასუხად კომისიის ის დასკვნა გამოდგება, რომელიც უახლოეს მომავალში მომზადდება.

 

რაც შეეხება მეორე კითხვას, აქტის შედგენა-არშედგენის თაობაზე (რაზეც გაზეთის წინა ნომერშიც დაიწერა) - ფონდი აქტის შეუდგენლად გავიდა თუ არა? (თუმცა ეს ფრაზა ბიბლიოთეკის მაშინდელმა და აწ უკვე ყოფილმა დირექტორმა მერაბ გვაზავამ სტატიის ავტორს ტენდენციურობასა და მიმნდობლობაში ჩაუთვალა და ღია წერილში იკითხა: თუ „რატომ ენდო ჟურნალისტი სიტყვაზე მაია მიქაბერიძეს და არ მოიძია მიღება-ჩაბარების აქტი თუნდაც დირექტორისგან?“). პასუხი ასეთია, პირველივე სტატიის მომზადებამდე ჟურნალისტმა, რა თქმა უნდა, იგი მოიძია, თუმცა არ გამოითხოვა აქტი დირექტორისგან, რადგანაც კითხვაზე: არსებობდა თუ არა მიღება-ჩაბარების აქტი? პასუხი იყო - არა.

 

ბიბლიოთეკის მაშინდელი დირექტორის მერაბ გვაზავას ვრცელ წერილში, რომელიც გაზეთ „P.S.“-ის წინა ნომერში განთავსდა, ბიბლიოთეკის სკანდალზე მომზადებული სტატიის ავტორის  მისამართით  იკითხება: „ავტორს სურვილის შემთხვევაში, ძალიან მარტივად შეეძლო, გარკვეულიყო სიმართლეში. რასაკვირველია, გატანილი ფონდი ზედმიწევნით აღირიცხა, სიაც შედგა, გაფორმდა მიღება-ჩაბარების აქტი, რომელსაც რუსუდან კაშია და მაია მიქაბერიძე აწერდნენ ხელს.“

 

სწორედ, სიმართლეში კიდევ ერთხელ გარკვევის სურვილით ბიბლიოთეკის ამჟამინდელი დირექტორისგან  უკვე  გამოთხოვილი  იქნა  „აქტი“,  რომელიც თავისი „სისადავით“ განსხვავებული და გამორჩეულია ყველა ტიპური მიღება-ჩაბარების აქტისგან. ამ ნიმუშების ნახვა შედარებისთვის,  სიმართლეში კიდევ უფრო ცხადად გარკვევის მიზნით ვითხოვეთ.

 

უფრო მეტი სიცხადისთვის, განსხვავება მდგომარეობს შემდეგში: ტიპიური აქტებისგან განსხვავებით, 2009 წლის 13 ივლისის აქტში არ იკითხება გაზეთების ძველი ფასები, კონკრეტულად რა კუპიურად არის შეფასებული, საერთოდ არ იკითხება შემდეგში რამდენად არის შეფასებული და, ჯამში, რა რაოდენობას შეადგენს გატანილი ფონდის მატერიალური ღირებულება, ხელმოწერის გარეშეა ორი ნიშანდობლივი გრაფა: „ჩავაბარე“ და „ჩავიბარე“.

 

იგივე წერილობითი ბრძანება და მიღება-ჩაბარების აქტი, რომლის შედგენის აუცილებლობაზეც თავადვე საუბრობდნენ დაპირისპირებული მხარეები, არ შედგენილა ფონდის იშვიათი გამოცემების განყოფილებიდან პერიოდიკის განყოფილებაში დაბრუნების დროსაც, რასაც, როგორც ამჟამინდელი დირექტორი, ისე მაია მიქაბერიძე შემდეგნაირად ხსნიან: „იმის გამო, რომ  უკან დაბრუნებული ფონდის რაოდენობა და მდგომარეობა სადავო და გასარკვევია, აქტის შედგენა ყოვნდება იქამდე, სანამ სპეციალური კომისია დასკვნებს არ დადებს.“

 

ხოლო კითხვაზე: რამ შეაყოვნა და გააჭიანურა მთელი 5 წლით თავად პერიოდულ გამოცემათა განყოფილების გამგის პროტესტი და რატომ ერთხელ მაინც წერილობითი ფორმით არ დააყენა დღის წესრიგში ფონდის განადგურების საშიშროება? როგორც თავად ამბობს, საკუჭნაოში შეყრილ გამოცემებზე, მიქაბერიძის პასუხის შინაარსი ძველი ქართული ანდაზის მსგავსია - „დიდ კაცთან პატარა კაცსა, როდის გასვლია მართალი?“

 

მაია მიქაბერიძე აცხადებს, რომ „ბრძოლას ფონდის გადასარჩენად მისი სამსახური შეეწირებოდა, ისევე, როგორც ამ საქმეს თავის დროზე დირექტორის მაშინდელი მოადგილის, ელისო ქაროსანიძის თანამდებობა შეეწირა.“

 

მიქაბერიძე აცხადებს, რომ ფონდის უკან დაბრუნების თხოვნით ის ქაროსანიძეს ესაუბრა და იმის გამო, რომ ამ საქმეში მისი მხარდაჭერა მოიპოვა, ერთადერთი არა, მაგრამ ეს იყო  ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც იგი მალევე  სამსახურიდან გაუშვეს.

 

უნიკალური ფონდი რომ დაზიანებულია, ამაზე არავინ კამათობს, სადავოა პერიოდი და გარემოება, როდესაც პერიოდიკა დაზიანდა. საქმეში ორივე მხარის მტკიცებულება მხოლოდ სიტყვიერია. პოზიციის გასამყარებლად მაია მიქაბერიძე პროფესორებისა და დოქტორების ხელმოწერებს აგროვებს, სადაც მათი, როგორც პერიოდული განყოფილების ჟურნალ-გაზეთების აქტიური მკითხველის, შეფასებები იკითხება იმის თაობაზე, რომ აწ უკვე მნიშვნელოვნად დაზიანებული პერიოდიკა მიქაბერიძის ფონდში ყოფნისას კარგ მდგომარეობაში ახსოვთ.

 

დაპირისპირებული მხარეების კარში გამარჯვების საბოლოო გოლს სპეციალური კომისიის დასკვნა გაიტანს.

 

 

 

'.$TEXT['print'].'
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია